Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება


დღეს გაეროს უშიშროების საბჭო 8 ივნისს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე იმსჯელებს.


უშიშროების საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება და მასზე სიტყვით საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანია გამოვა. საქართველოში იმედოვნებენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთი ქართულ–აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მხარედ წარმოჩნდება და არა მომრიგებლად. რა მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომას?

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი თავად რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამაც დაადასტურა. სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული საფრენი აპარატების საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჭრა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ემსახურებოდა. „ რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ხანმოკლე ფრენა განახორციელეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, სწორედ ეს ნაბიჯი დაეხმარა თბილისში ცხელი თავების გაგრილებას და ძალისმიერი სცენარით სიტუაციის განვითარების თავიდან აცილებას, რისი ალბათობაც საკმაოდ რეალური იყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ, ოსი სამართალდამცავების მიერ დაკავებული 4 სამხედროს გათავისუფლების მიზნით, თბილისი ცხინვალის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავდა. ქართული მხარის სარადარო მონაცემებით, 8 ივლისს რუსული საფრენი აპარატები ცხინვალის ჩრდილოეთით შემოფრინდნენ და საქართველოს საჰაერო სირცეში დაახლოებით 40 წუთი დაყვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის აქტად შეაფასა. გაიზიარებს თუ არა ამ შეფასებას უშიშროების საბჭო? როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, გაერომ რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის მიერ იმ პრინციპის დარღვევაზე, რომელიც ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო ამ ორგანიზაციის შესაქმნელად:

[დავით დარჩიაშვილის ხმა]“რეზოლუციის გარეშეც შეიძლება გმოხატულ იქნეს პოზიციები ქვეყნების, რასაც მარტივ იგნორირებას რუსეთი ვერ გაუწევს თავის სამომავლო მოქმედებებში. მე ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი 100–ჯერ დაფიქრდება, ვიდრე მსგავს ნაბიჯებს გადადგამს.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ, რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს ვეტოს უფლებით. თავის მხრივ, ფრაქცია ქრისტიან–დემოკრატების წევრი პაატა დავითაია არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალტერნატიული წინადადებებით წარდგეს:

[პაატა დავითაიას ხმა]“ ნებისმიერ ვარიანტში მნიშვნელოვანია ის, რომ უშიშროების საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ნახავს იმას, რომ რუსეთი, თავის ვეტოს გამოყენებით, -თუ მან ეს გამოიყენა, - ფაქტიურად, დააფიქსირებს პოზიციას, როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც შუამავალი. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოთხოვნით იმართება ეს უშიშროების საბჭოს სხდომა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.“(სტილი დაცულია)

ქართულმა მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევის თხოვნით 10 ივლისს მიმართა.15 ივლისს უშიშროების საბჭომ სხდომის თარიღად 2008 წლის 21 ივლისი დაადგინა. გაეროს უშიშროების საბჭოს ოპერატიულობა საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად სერიოზულ არგუმენტად მიაჩნია აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აქიშბაიას:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა]“გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური და ოპერატიული სხდომა მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის უკიდურეს შეშფოთებაზე რუსული მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, პროვოკაციებზე. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის როლს და ფაქტორს, საკითხის გატანა უშიშროების საბჭოზე არის მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი და მე მინდა გითხრათ, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც ქართული დიპლომატიის გამარჯვება. საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია კიდევ ერთხელ დაანახვებს რუსეთის ფედერაციას მისი ქმედებების უკანონობას.“(ტილი დაცულია)

გვითხრა აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაურმა მალხაზ აქიშბაიამ. საერთაშორისო თანამეგობრობას ქართველმა პოლიტიკოსებმა 11 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდანაც მიმართეს საგანგებო თხოვნით, დაგმონ რუსეთის ღია აგრესია. თხოვნა უკვე დაეგზავნათ პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებსაც, მათ შორის იმ ქვეყნების პარლამენტებს, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 8 ივლისს რუსი საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ირაკლი ალასანიას მოხსენებას მოუსმენენ. როგორც პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე განმარტავს, დღევანდელ სხდომაზე ჭიდილი, ძირითადად, გაიმართება რუსეთ–საქართველოს განსხვავებულ ხედვებს შორის ქართულ–აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების საკითხზე:

[ზურაბ აბაშიძის ხმა]“ჩვენს ხედვას იზიარებს დასავლეთის ქვეყნების უდიდესი ნაწილი, მათ შორის - უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. რუს კოლეგებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქვთ თავიანთი არგუმენტაცია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ იქნება მიღებული ან რაღაც ერთიანი პოზიცია შემუშავებული, რადგან, მოგეხსენებათ, რუსეთს აქვს ეს ცნობილი ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოში.“ (სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG