Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს რადოვან კარაჯიჩი


წუხელ გავრცელდა ცნობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძებნილის, რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრების შესახებ.

კარიჯიჩი, გასული საუკუნის 90-იან წლებში ბოსნიელი სერბების ლიდერი, ბრალდებულია ევროპის კონტინენტზე II მსოფლიო ომის შემდეგ უსასტიკეს სამხედრო დანაშაულთა დაგეგმვასა და გაძღოლაში. ამ დანაშაულებზე უთუოდ ბევრს იტყვიან მომავალ თვეებში ჰააგის ტრიბუნალზე, რომელსაც კარაჯიჩი გასასამართლებლად გადაეცემა. დღეს კი შევეხებით რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრების ფაქტსა და მასზე პირველ რეაქციებს.

წუხელ, სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩის განცხადებით გახდა ცნობილი კარაჯიჩის დაპატიმრების ამბავი. მთავრობის წევრების თქმით, ეს გუშინ, 21 ივლისს მოხდა. თუმცა, კარაჯიჩის ვექილი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი ჯერ კიდევ პარასკევს საღამოს, 18 ივლისს დააკავეს, როცა ის ბელგრადში, ავტობუსში ასვლას აპირებდა. ასეა თუ ისე, კარაჯიჩი თითქმის 13 წელიწადი ახერხებდა დამალვას...

[ლიაიჩის ხმა] “კარაჯიჩი ყალბი იდენტობითა და დოკუმენტებით სარგებლობდა - დრაგან დაბიჩის სახელით. კარაჯიჩი არ იყო სერბიის მოქალაქე და დიდი დამაჯერებლობით ახერხებდა თავისი ნამვდილი იდენტობის დამალვას. მუშაობდა ალტერნატიული მედიცინის სფეროში, ასე შოულობდა ფულს. მუშაობდა კერძო სამედიცინო პრაქტიკაში და ბოლო პერიოდში ახალ ბელგრადში ცხოვრობდა”. ეს ინფორმაცია ბელგრადში დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე შეკრებილებს მიაწოდა სერბიის მთავრობის წევრმა, მინისტრმა ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის საკითხებში რასიმ ლიაიჩმა.

ნიშანდობლივია, რომ კარაჯიჩის დაპატიმრებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აღინიშნა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მორიგი წლისთავი. [მეჰმედოვიჩის ხმა] “ჩემთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან გამიკვირდა, რადგან თითქოს არაფერი მოასწავებდა მის დაპატიმრებას. მაგრამ აი, დააპატიმრეს - მართლმსაჯულება ბოლოსდაბოლოს აღსრულდა”. ასეთი იყო ჰატიძა მეჰმედოვიჩის რეაქცია - მას 1995 წელს სრებრენიცაში დაუხოცეს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

სრებრენიცის ტრაგედიაზე პასუხისმგებელთა გასამართლების აუცილებლობაზე ილაპარაკა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიანი პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ჰარის სილაიჯიჩმაც: [სილაიჯიჩის ხმა] “მართლმსაჯულებამ, მართალია დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა. მლადიჩი ჯერ კიდევ იძებნება. მე ძალიან სკეპტიკურად ვაფასებდი კარაჯიჩისა და მლადიჩის დაპატიმრების პერსპექტივას. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ - მლადიჩსაც დააპატიმრებენ. ის უნდა გასამართლებულ იქნეს სრებრენიცის გენოციდის გამო”.

ასე რომ, ერთი ძებნილი იპოვეს, მაგრამ ძებნა გრძელდება...
XS
SM
MD
LG