Accessibility links

ვინ არის კაცი, რომელსაც "ბოსნიელ ყასაბს" უწოდებენ?


რადოვან კარაჯიჩი 1945 წელს ჩერნოგორიაში დაიბადა. 1960 წლიდან სარაევოში ცხოვრობდა, იქ დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი.

ამის შემდეგ ფსიქიატრად მუშაობდა, წერდა ლექსებს. მისი პოლიტიკური ორიენტაცია 1980 წელს, ტიტოს გარდაცვალების შემდეგ გამოიკვეთა, როცა იუგოსლავიას პირველი ბზარი გაუჩნდა. 1990 წელს დააარსა "სერბიის დემოკრატიული პარტია" - სერბი ნაციონალისტების მთავარი საყრდენი ბოსნიაში.

1992 წლის 5 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტმა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მანამდე ერთი დღით ადრე კარაჯიჩი, რომელიც უკვე ცნობილი იყო შოვინიზმის, პოლიტიკური პროვოკაციებისა და ეპატაჟისადმი მიდრეკილებით, ასე აფრთხილებდა ბოსნიის სუვერენობის მომხრეებს: [კარაჯიჩის ხმა] “არ გეგონოთ, ბოსნიელ ხალხს ჯოჯოხეთისთვის არ იმეტებდეთ. შესაძლოა თქვენმა მოქმედებამ მუსულმანების განადგურებაც კი გამოიწვიოს, რადგან მუსულმანები ვერ შეძლებენ თავის დაცვას, თუ აქ ომი დაიწყო”.

ბოსნიელმა კანონმდებლებმა ეს მუქარა უგულებელყვეს. კარაჯიჩმა, რომელიც (ისევე როგორც სერბიის ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი) “დიდ სერბიაზე” ოცნებობდა, თავი ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა, შემოიკრიბა იუგოსლავიის სამხედრო კადრების სერბული ნაწილი და გასამხედროებული ჯგუფები და კონტროლი დაამყარა თითქმის მთელს ბოსნიაზე.

ომმა, რომელმაც 3 წელი გასტანა, ათასობით ბოსნიელი მუსლიმანისა და ხორვატის სიცოცხლე შეიწირა. ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებად მიიჩნევენ სარაევოს ალყასა და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას.

კარაჯიჩი გადააყენეს 1995 წელს, დეიტონის შეთანხმების მიხედვით, რომელმაც ბოლო მოუღო ომს ბოსნიაში. ის ერთხანს პალეში - ბოსნიელი სერბების "რეპუბლიკა სრპსკას" ადმინისტრაციულ ცენტრში იმყოფებოდა, 1996 წლიდან კი, როცა თავი იჩინა მისი, ისევე როგორც გენერალ რატკო მლადიჩის, დაპატიმრებისა და ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის საფრთხემ, იმალებოდა.

კარაჯიჩის სახელს უკავშირდება არა მარტო წარსული - საზარელი სისხლისღვრა, რომელმაც დაღი დაასვა ათიათასობით ადამიანის ცხოვრებას ყოფილ იუგოსლავიაში - არამედ სერბიის სამომავლო პერსპექტივაც. წარუმატებლობა კარაჯიჩისა და გენერალ რატკო მლადიჩის დაპატიმრების საქმეში აქამდე იყო მთავარი დაბრკოლება ევროკავშირში სერბიის ინტეგრაციის გზაზე. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კარაჯიჩის დაპატიმრების თარიღსაც კი - ერთი დღით ადრე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრამდე, რომელზეც სერბიის საკითხსაც განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე, სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა განაცხადა: [იერემიჩის ხმა] “ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ევროკავშირში ჩვენი მომავლის საკითხს. ეს გუშინ ვაჩვენეთ. გვსურს გავხდეთ ევროპის კავშირის წევრი, გვსურს ვიყოთ მშვიდობის საიმედო საყრდენი, გვსურს ხელი შევუწყოთ რეგიონის სტაბილურობას. მართლაც მტკიცეა ჩვენი მხარდაჭერა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლისადმი - იქნება ეს ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის საკითხში, თუ კოსოვოში ჩვენი სუვერენობის დაცვის საქმეში”.

სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადებაც ცხადჰყოფს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ბელგრადის ურთიერთობაში ჯერ ყველა პრობლემა არ გადაჭრილა. თუმცა ერთი, მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარებულია - დააპატიმრეს "ბოსნიელი ყასაბი", რადოვან კარაჯიჩი. თუ არ ჩავთვლით მისი მომხრე ნაციონალისტების რამდენიმეათეულკაციან საპროტესტო აქციას ბელგრადში, შეიძლება ითქვას, რომ გამოხმაურება მთელს მსოფლიოში დადებითია.
XS
SM
MD
LG