Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა უცხოეთში მოგზაურობასა და მაკკეინთან პოლემიკას განაგრძობს


ამერიკელი სენატორი, პრეზიდენტობის სავარაუდო დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამა განაგრძობს უცხოეთში მოგზაურობას,

რომლის ერთ-ერთ მთავარ ეტაპზე - ვიზიტზე ერაყში - გუშინ უკვე ვიუწყებოდით. მაგრამ ამასობაში ვიზიტის კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი.

ობამამ დღეს დაასრულა ერაყში ორდღიანი ვიზიტი, რომლის მსვლელობაშიც შეხვდა ერაყის ხელისუფლებს, ყოფილი სუნიტი მეამბოხეების ლიდერებსა და აშშ-ის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებს.

ობამას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში გამოცდილებით არ გამოირჩევა. ამ მხრივ უპირატესობა, ბევრის შეფასებით, არის ობამას მეტოქის, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ ჯონ მაკკეინის მხარეზე. მაგრამ ობამამ, ერაყში ვიზიტთან დაკავშირებით, სხვა თემა გამოძებნა ქულების დასაწერად - ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანის განრიგი.

ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ ობამა თავდაპირველად ძალიან მოკლე კომენტარს დასჯერდა: [ობამას ხმა] “კონსტრუქციული დისკუსია გვქონდაო”, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა იდეას, ერაყიდან ამერიკელი სამხედროების 2010 წლამდე გაყვანის შესახებ. ეს იდეა კი ძალიან ჰგავს თვით ობამას დაპირებას, გამოთქმულს დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნების პერიოდში - დაპირებას, რომ ობამა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 16 თვეში გაიყვანს ერაყიდან ამერიკელ ჯარისკაცებს.

ცნობილია, რომ ასეთ გეგმას - ზოგადად, ჯარისკაცების ერაყიდან გაყვანის კონკრეტული განრიგის დასახვას - ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის ამერიკული სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები, ისევე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკკეინი. ეს უკანასკნელი გუშინაც ჩაერთო დისკუსიაში: გამოთქვა შეფასება, რომ საჭიროა, ამერიკელი სამხედროები უფრო დიდხანს დარჩნენ ერაყში, რათა უსაფრთხოების მხრივ გაუმჯობესებული ვითარება ისევ არ გაუარესდეს.

ის გარემოება, რომ წინასაარჩევნო დებატები გრძელდება იმისაგან დამოუკიდებლად, თუ სად, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებიან პრეზიდენტობის კანდიდატები, ცხადჰყოფს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის ორივე წამყვანი პარტია თავიანთი კანდიდატების დამაჯერებლობას საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე. ობამა ცდილობს, თავი დააღწიოს იმიჯს, რომ მეტოქეზე ნაკლებად გამოცდილია საგაერო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. მისი ტურნეს წარმატება შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ლიდერთან მიაღწევს ურთიერთგაგებას ამ მოგზაურობის დროს, რომელიც, როგორც ცნობილია, გრძელდება...

ობამა ერაყიდან უკვე გაემგზავრა - ჯერ იორდანიაში, იქიდან კი ისრაელსა და პალესტინელების ტერიტორიებს ეწვევა. იქ აპირებს შეხვდეს როგორც ისრაელის ლიდერებს, ისე პალეტსინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, რაც ჯონ მაკკეინის პოზიციასთან კიდევ ერთ სხვაობას ცხადჰყოფს: მაკკეინი მარტში ეწვია ისრაელს, მაგრამ არ ჩასულა პალესტინელების ტერიტორიებზე.

ახლო აღმოსავლეთიდან ბარაკ ობამა ევროპაში გაემგზავრება. მისი ტურნე გაგრძელდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში ვიზიტებით.
XS
SM
MD
LG