Accessibility links

რუსული პრესის მიმოხილვა


„საქართველო - ევროკავშირის ფლაგმანი“ - ამ ირონიანარევი სათაურით დაიბეჭდა „რასიისკაია გაზეტას“ 21 ივნისის ნომერში სტატია,

რომელშიც ავტორი, ვლადისლავ ვორობიოვი, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამშვიდობო გეგმის გაანალიზებას ცდილობს. სტატია იწყება საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს, გაზეთის თანახმად, გერმანელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ გაუკეთებია: „ახალი ევროპული წესრიგის ბედი აქ, ჩვენთან, საქართველოში, წყდება. საქართველოს, როგორც ფლაგმანს, განსაკუთრებული მისია აკისრია რეგიონში.“ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამის ციტირების შემდეგ რუსი ჟურნალისტი ერთმანეთთან აკავშირებს კოსოვოსა და კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. თურმე კოსოვოს პრობლემის გადაჭრის წინა პერიოდშიც, ევროპელ პოლიტიკოსებს უთქვამთ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა გულხელდაკრეფილები დავლოდებოდით კონფლიქტის შემდგომ გამწვავებასო.

„ნუთუ ახალ ევროპულ წესრიგზე ლაპარაკისას სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ევროპის კავშირი და ამერიკა საქართველოზე გამოცდიან კოსოვოს სცენარს?“ - კითხულობს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ აჰტისაარისა და შტაინმაიერის გეგმებს - დევნილების დაბრუნების, პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრისა და ეკონომიკის აღდგენის სახით - ბევრი აქვთ საერთო, თუმცა სტატიის ბოლოს ავტორი იშველიებს კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც კვლავ ლაპარაკია ზემო აფხაზეთიდან სამხედრო შენაერთების გაყვანასა და თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამშვიდობო გეგმას ორი ვრცელი სტატია მიუძღვნა „ნოვიე იზვესტიამაც“. „კონცეპტუალურად აბსოლუტურად მართებული“ - ასე შეუფასებია გერმანელი დიპლომატის ინიციატივა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელსაც, ავტორის სიტყვებით, არ სურს ისედაც წარუმატებლობისთვის განწირული გეგმის მთავარი მესაფლავის როლი იკისროს. „ნოვიე იზვესტია“ ასევე წერს, რომ საქართველოს წამყვანი პოლიტიკოსები და ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ გერმანელი დიპლომატის ძალისხმევას. „მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მისი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის სახით, მოწოდების ნაცვლად, კონკრეტული ნაბიჯების გადადმას იწყებს“, უთქვამს რუსული გაზეთისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს.

რუსულ მედიაში მცირე ზომის ცნობებით აისახა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც, საქართველოს მოთხოვნით, 21 ივლისს გაიმართა და რომელზეც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი განიხილებოდა.

სტატიაში „საქართველო სამშვიდო ფორმატს ცვლის“ ქვესათაურად გამოყენებულია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შემდეგი განცხადება: „თბილისი ამზადებს წინადადებას, რომელზეც ცხინვალს უარის თქმა გაუჭირდება“.

მართალია, იაკობაშვილი რუს ჟურნალისტს შეთავაზების დეტალებს არ აცნობს, მაგრამ აზუსტებს, რომ ლაპარაკია არაძალადობრივ ქმედებებზე.


საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას უჩვეულო ფორმატით გამოეხმაურა „ნოვაია გაზეტა“, რომლის ჟურნალისტებმა რუსეთის მოქალაქეებს შემდეგი კითხვით მიმართეს: „საქართველო - მტერია თუ მოყვარე?“ გაზეთი არ აქვეყნებს გამოკითხვის სტატისტიკურ შედეგებს, მაგრამ აშკარაა, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი საქართველოს მტრად აღიქვამს, თუმცა გაზეთის მკითხველი ასევე შეხვდებოდა შემდეგი შინაარსის პასუხსაც: „რუსეთია საქართველოს მტერი. რუსეთში მიაჩნიათ, რომ თუ ოსეთსა და აფხაზეთს დაანებებენ, საქართველო მართლა თავისუფალ ქვეყნად იქცევა. ამიტომ არ თმობს რუსეთი.“
XS
SM
MD
LG