Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსთან მიმართებით, მთავარ ამოცანად დაძაბულობის განმუხტვას ასახელებენ


გუშინ დატვირთული სამუშაო დღე ჰქონდათ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბნენ.

განსახილველ საკითხებს შორის იყო - სერბიასთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრების ამბავი, უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა, აფხაზეთის კონლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ბოლოდროინდელი მოგზაურობა, ირანთან, სომალისთან, ზიმბაბვესთან დაკავშირებული საკითხები.

ჩვენს კორესპონდენტს ბრიუსელში, აჰტო ლობიაკასს თავდაპირველად ვკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საკითხი ზემოხსენებული თემების, მათ შორის კარაჯიჩის დაპატიმრებაზე ახალთახალი ინფორმაციის ფონზე.

[აჰტო ლობიაკასის ხმა] “საქართველოს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმის გამო - და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს - რომ რუსეთს უკავშირდება. რუსეთთან ურთიერთობა კი ევროპის კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ევროკავშირი სერიოზულად არის ჩართული ამ საქმეში. ამას ცხადია, ის გარემოებაც ემატება, რომ აშკარაა შეიარაღებული კონფლიქტის უშუალო საფრთხე. ევროპას კი ძალიან გაუჭირდება ამ პრობლემასთან გამკლავება, თუ საქმე მართლაც შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა.”

ევროკავშირს რომ ყველაზე მეტად სწორედ კონფლიქტის უშუალო საფრთხე აწუხებს, ჩანს განცხადებითაც, რომელიც ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა გააკეთა ბრიფინგზე ბრიუსელში მას შემდეგ, რაც მოისმინა (ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად) გერმანელი მინისტრის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ანგარიში საქართველოსა და რუსეთში ბოლოდროინდელ ვიზიტებზე.

ფერერო-ვალდნერმა ჟურნალისტებთან, მათ შორის ჩვენს კორესპონდენტთან ამ თემაზე საუბარი დაიწყო იმაზე მითითებით, რომ დაძაბულობა აფხაზეთში ძალიან გამწვავდა, გახშირდა ინციდენტები და, ამდენად, მისასალმებელია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დიპლომატიური მისია რეგიონში.

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] “ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ დაძაბულობის განსამუხტად. ევროკავშირის საბჭომ და ევროკომისიამ მოვამზადეთ პროექტი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც შეიმუშავა გეგმა, 3-ეტაპიანი გეგმა. პირველი ეტაპი იქნებოდა მცდელობა, მივაღწიოთ მხარეთა მიერ თავდაუსხმელობის შესახებ რაიმე სახის შეთანხმების გაფორმებას. იმედი გვაქვს, რომ ეს სათანადო მომენტში შესაძლებელი გახდება, რადგან ამჟამად გვიყენებენ პირობებს, რომლებიც გამორიცხავს ერთმანეთს“, - განაცხადა ბრუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა ფერერო-ვალდნერმა.

აქვე შეგახსენებთ მიზეზს, რატომ არ აწერს ხელს ქართული მხარე დოკუმენტს, ძალის განუხლებლობის შესახებ (ამას, როგორც ნობილია დაჟინებით მოითხოვენ სოხუმში და მოსკოვში). მიზეზს თბილისში რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განმარტავს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი: [იაკობაშვილის ხმა] “საქართველოს არასოდეს არ უთქვამს უარი ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების, თუ განცხადების გაკეთებაზე. უბრალოდ, ჩვენ ვიძახით, რომ გვაინტერესებს, ვინ არის ამის გარანტორი. ამის გარანტორი ვერ იქნებიან აფხაზები იმიტომ, რომ მაგათ ხელში არ არის ეს ყველაფერი. რუსებისა ჩვენ არ გვჯერა. ამიტომ, როგორც კი გარანტორის საკითხი გაირკვევა, არანაირი პრობლემა არ არის. და იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე არიან უკანონო შეიარაღებული ძალები, ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მოვაწეროთ ხელი, ან გამოვაცხადოთ ცეცხლის განუახლებლობა, არის, უბრალოდ, უპასუხისმგებლობა”.

ახლა კი დავუბრუნდეთ ბრიუსელს, ბენიტა ფერერო-ვალდნერის ბრიფინგს, რომელიც მოჰყვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხკედრაზე გერმანელი მინისტრის, შტაინმაიერის მოხსენებას საქართველოსა და რუსეთში ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მისიასთან დაკავშირებით. ბრიფინგზე ფერერო-ვლადნერმა მოკლედ დაახასიათა გერმანიის გეგმის სამივე ეტაპი და დასძინა, რომ ამ საკითხებით ევროკავშირი უთუოდ იქნება დაკავებული მომდევნო თვეების მანძილზე, ევროკავშირში საფრანგეთის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში.

ჩვენი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი კი ფიქრობს, რომ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აუცილებლად იმსჯელებენ აფხაზაეთის კონფლიქტზე ე.წ. გიმნიჰის შეხვედრაზე - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ნახევარ წელიწადში ერთხელ იმართება.
[აჰტო ლობიაკასის ხმა] “საფრანგეთის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში “გიმნიჰის” შეხვედრა გაიმართება 5 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ევიანში. ეს მინისტრებს საშუალებას აძლევს, არაოფიციალურ ვითარებაში შეიკრიბონ და ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა საკითხი განიხილონ - ისე, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილებები. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 5 სექტემბერს რუსეთსა და საქართველოზე, აფხაზეთზეც იმსჯელებენ.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG