Accessibility links

რა მდგომარეობაშია საქართველოს ღვინის ბიზნესი რუსეთის ბაზრის ჩაკეტვიდან ორი წლის თავზე


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დედოფლისწყაროში კახელ გლეხებსა და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,


რომ წელს სახელმწიფო ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, მევენახეები ყურძნის დაბალ ფასს უჩივიან, რაც, გარკვეულწილად, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ ქართული ღვინის წარმოებაში წარმოქმნილმა პრობლემებმა განაპირობა. რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოს ღვინის ბიზნესში და შეძლო თუ არა მან რუსეთის ბაზრის ალტერნატივის მოძიება?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 22 ივლისს დედოფლისწყაროში ხორბლის აღების დაწყებას დაესწრო და კახელ ფერმერებთან შეხვედრისას, ხორბლის გარდა, მომავალი რთვლის შესახებაც ისაუბრა. სააკაშვილმა აღიარა, რომ შარშან, ყურძნის ჩაბარების დროს, მთავრობამ შეცდომა დაუშვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „შარშან არ იყო სწორად დაგეგმილი ეს. წელს ჩვენ მივეცით სუბსიდია მწარმოებელს უშუალოდ მის მიერ ჩაბარებულ ყურძენში და... ჩვენი ამოცანაა, რომ გავიდეთ მეტ ბაზრებზე.“(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, რუსეთი საქართველოში დამზადებული ღვინის ძირითადი ბაზარი იყო. 2006 წელს, მოსკოვის მიერ ამ ბაზრის ცალმხრივად ჩაკეტვის შემდეგ, ქართული ღვინის ბიზნესმა სერიოზული ზარალი განიცადა. კომპანია „თბილღვინოს ხელმძღვანელის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთზე მისი კომპანიის პროდუქციის ნახევარზე მეტი მოდიოდა:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] „ჩვენ პრაქტიკულად მოვახერხეთ ის, რომ წელს, ალბათ, გავალთ იმ მაჩვენებელზე, რა მაჩვენებელიც გვქონდა 2005 წელს. ანუ პრაქტიკულად მივაღწევთ იმ რეალიზაციის მაჩვენებლებს უკვე რუსეთის გარეშე.“

ახალი ბაზრების მოპოვებაში საქართველოს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნის მთავრობის მიერ საზღვარგარეთ რამდენიმე მოგებული სასამართლო პროცესიც დაეხმარა. კერძოდ კი, ბულგარეთისა და ესპანეთის კომპანიებს ქართული ადგილწარმოშობის ნიშნებით ღვინის ჩამოსხმა და რეალიზაცია აეკრძალათ. თუმცა არის სხვა პრობლემებიც.

სხვადასხვა მოსაზრებით, საქართველოში დამზადებული ღვინის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი მისი მაღალი თვითღირებულებაა. ავსტრიის სახელმწიფო დეგუსტატორის ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, საქართველოში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ყურძნის თვითღირებულების შესამცირებლად:

[ნუგზარ ქსოვრელის ხმა] „მარტო ღვინის ფასი კი არა, ყურძნის ფასიც საკმაოდ მაღალია საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ვენახები საკმაოდ მცირე ფართობებზეა გაშენებული. თუ შევადრით არგენტინას, ავსტრალიას, ჩილეს... დაახლოებით 40-50 ცენტად ჩამოდის მოსკოვში არგენტინიდან წითელი ღვინო, რომელთანაც ჩვენ კონკურენციის გაწევა არ შეგვიძლია. “(სტილი დაცულია)


ჯერჯერობით საქართველოში ზვრების გაერთიანების პროცესი არ შეიმჩნევა. მევენახეები კი მხოლოდ სუბსიდიას ითხოვენ ყურძნის გაზრდილი თვითღირებულების დასაფარად, რაზეც ამჯერად პრეზიდენტ სააკაშვილისგან თანხმობა მიიღეს;

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენი ყურძენი არ არის საბაზრო ღირებულების. ჩვენ თვითონ ხელოვნურად უნდა დავაფინანსოთ წელს. ეს გვიჯდება დაახლოებით 15-20 მილიონი, რომ გავზარდოთ მარკა. ეს 2-3 წელი დაგვჭირდება, სანამ ახალ ბაზრებზე გავალთ.“(სტილი დაცულია)

გასულ წელს საქართველოში ყურძნის რეკორდული მოსავალი იყო - დაახლოებით 230 ათასი ტონა. აქედან მხოლოდ 10 პროცენტი გავიდა საზღვარგარეთ, ექსპორტის სახით. დანარჩენი კი ქვეყნის შიდა ბაზარმა მოიხმარა. ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის როგორი მოსავალი იქნება წელს. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურები პროგნოზებისგან თავს იკავებენ.
XS
SM
MD
LG