Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას არც ჰოს ეუბნება და არც არას


უკრაინა სულ უფრო მოუთმენლად აკაკუნებს ევროპის კავშირის კარებზე.

ევროკავშირი კი ცდილობს, გამონახოს ფორმულირება, რომელიც დააკმაყოფილებდა კიევს, მაგრამ მას ახლო მომავალში არ მისცემდა ბლოკთან დაახლოების საშუალებას. 22 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის "ევროპულობაზე", რაც ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა. უკრაინელები პასუხს შემოდგომაზე, უკრაინისა და ევროკავშირის სამიტისთვის ელიან.

თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ კარი, რომელიც აღარ არის დახურული, მაგრამ ჯერ არც გაღებულია. ასეთი ვითარებაა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში. დილემა თავსატეხს უჩენს უკრაინის ხელისუფლებას. ის სამშაბათს ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გააწბილა, როცა პასუხი არ გასცა ერთი შეხედვით სრულიად მარტივ კითხვას: არის თუ არა უკრაინა ევროპა? არადა საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროკავშირის ფუძემდებელ ხელშეკრულებაში წერია, რომ კავშირში გაწევრიანება მხოლოდ ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ.

თუ რა თავსატეხის წინაშე დგას ბრიუსელი, ამაზე მეტყველებს მისი მორიგე თავმჯდომარის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის განცხადება:

[კუშნერის ხმა] "დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ევროპულ ხასიათზე - თუმცა ზოგი ეჭვქვეშ აყენებს მას - ვისაუბრეთ უკრაინის ევროპულ ხასიათზე ისე, რომ წინასწარ არ განგვისაზღვრავს უკრაინისა და ევროპის კავშირის სამომავლო ურთიერთობები."

ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ სტატუსს. მათი პოზიცია ყველაზე მყარად გამოხატა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელმაც თქვა: უკრაინა არც აზიაა და არც აფრიკა. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას ევროკავშირში გაწევრიანების იურიდიული უფლება ექნებაო.

ამ პოზიციას ყველაზე მეტად ბენილუქსის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირი არ არის მზად გადაჭრას უკრაინის პოლიტიკური სტატუსის საკითხი.

გეოგრაფიული თვალსაზრისით არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინა ევროპაა. მაგრამ, მრავალთა აზრით, პოლიტიკურად ამის აღიარება ნაადრევი იქნებოდა.

ევროკომისია, ევროპის კავშირის აღმასრულებელი შტო, შიშობს, რომ უკრაინის მიმართ გაუფრთხილებელ ნაბიჯს პანდორას ყუთის გახსნის ეფექტი იქნებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხში. მაშინ, როცა ევროპის საზოგადოება არ არის საამისოდ მზად და, რაც მთავარია, მზად არ არის თავად უკრაინაც, სადაც პოლიტიკურ ლიდერთა შორის დაპირისპირებაა და საზოგადოებაში არ არის ერთიანი აზრი დასავლეთთან ურთიერთობების საკითხში.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ უკრაინის საშინაო სტაბილურობა კვლავაც ევროკავშირის მთავარი საწუხარია.

[ფერერო-ვალდნერის ხმა] "ჩვენის აზრით, უკრაინამ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს თავისი საშინაო პოლიტიკის სტაბილიზაციისთვის. დიდი დაპირისპირებაა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ გვსურს, რომ ვითარება შეიცვალოს და, ვფიქრობ, ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ ევროკავშირისა და უკრიაინის სამიტზე."

საგარეო საქმეთა მინისტრების 22 ივლისის შეხვედრის შედეგად უკრაინა, როგორც ჩანს, მიაღწევს იმას, რომ 2009 წელს გაფორმდება შეთანხმება ევროკავშირთან ასოციაციური კავშირის თაობაზე. მაგრამ ევროპა შეეცდება ძირშივე აღკვეთოს ყოველგვარი მცდელობა, რომ ასეთი შეთანხმებით უკრაინა იმავე გზას დაადგეს, რასაც პოსტკომუნისტური ქვეყნები, რომლებიც საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდნენ.

აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების ასოციაციურ შეთანხმებაში ჩაწერილი იყო, რომ ევროკავშირი მათ დაეხმარება გაწევრიანებისთვის საჭირო ამოცანების გადაჭრაში. უკრაინის შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. ამის სანაცვლოდ ევროკავშირი ცდილობს გამონახოს ფორმულირება, რომელიც, ბრიუსელელი დიპლომატების თქმით, "კარებს არ მიუხურავდა" უკრაინას. უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ მნიშვნელობას მომავალშიც ითამაშებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა.

ევროკაშირისა და უკრაინის სამიტი 9 სექტემბერს გაიმართება. ჯერაც არ არის ნათელი დეკლარაციის ტექსტი, რომელიც ამ სამიტზე უნდა მიიღონ.

ახლახან ბრიუსელში უკრაინის დელეგაციამ მიატოვა ოფიციალური შეხვედრა, როცა ნათელი გახდა, რომ მას უარს ეუბნებოდნენ გაწევრიანების აშკარა დაპირებაზე. მაგრამ ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ შეძლებენ კიევის დაშოშმინებას უვიზო რეჟიმის შეთავაზებით. ეს წინადადება კიევს ოფიციალურად წარედგინება მომავალ სამიტზე, რომელსაც საფრანგეთის ქალაქი ევიანი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG