Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა


საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა.

76 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აშენების შემდეგ ბაქო და თბილისი თურქეთის ქალაქ ყარსს და შემდეგ კი სტამბულს რკინიგზით დაუკავშირდება. ამ მაგისტრალის მეშვეობით აზიიდან ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ყოველწლიურად 6 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მინდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ გესაუბროთ.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ქალაქ ყარსში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა. პრეზიდენტებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სარკინიგზო მაგისტრალის ისტორიულ მნიშვნელობას. ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვიდან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენს ქვეყანაში იქნება ბევრი სხვა ლიდერი ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში. ჩვენი ქვეყნები მდიდარი, წარმატებული ქვეყნები იქნებიან, მაგრამ, რასაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ნავთობსადენების, ავტობანების, რკინიგზებისა და, რაც მთავარია, ადამიანების დაკავშირების კუთხით, ის კომუნიკაციებია, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოდ დააკავშირებს."

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის აშენების იდეა ჯერ კიდევ 1996 წელს გაჩნდა, თუმცა ის უამრავ წინააღმდეგობას წააწყდა პროექტს მიღმა დარჩენილი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან. სწორედ ამის გამო ვერაფრით მოხერხდა საერთაშორისო ინვესტიციების მოძიება. პროექტის ხორცშესხმა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკა გაძლიერდა. სწორედ აზერბაიჯანმა იკისრა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დიდი ნაწილის ინვესტირება, მათ შორის საქართველოს მონაკვეთიც აზერბაიჯანის 200 მილიონი აშშ დოლარის დაბალპროცენტიანი სესხით შენდება. სულ პროექტის ღირებულება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობას თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული შემდეგნაირად აფასებს:

[აბდულა გიულის ხმა] „ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინება, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ის მოემსახურება ხალხსაც და მოხდება ტვირთების გადაზიდვაც. დღეს ამ რკინიგზის თურქეთის სეგმენტის მშენებლობა იწყება და, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონის სტაბილურობას.“

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ევროპაში კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებასთან ერთად შუა აზიის ქვეყნებისა და ჩინეთის ტვირთების გადაზიდვაც იგეგმება., რაც რუსეთის სატრანსპორტო სისტემის ალტერნატიულ სისტემას ქმნის. შესაბამისად, მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს როგორც პროექტის მონაწილე, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ ექსპერტი არჩილ გეგეშიძე საუბრობს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] „ეს პროექტი ნიშნავს სარკინიგზო სატრანზიტო დერეფნის მშენებლობას, რომელიც, საერთო ჯამში, გაზრდის, გააძლიერებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალს. და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის გვერდის ავლით, რაც აძლიერებს ამ ქვეყნებში რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხს. და ამ დერეფანს ისეთივე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, როგორიც ჰქონდა თავის დროზე ენერგოდერეფნის მშენებლობას.“(სტილი დაცულია)

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება 2011 წლისთვისაა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად ექვსი მილიონი ტვირთის გადაზიდვას და ერთი მილიონი მგზავრის გადაყვანას მოემსახურება.
XS
SM
MD
LG