Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ობამამანია” ევროპაში


ევროპა “ობამამანიამ” მოიცვა! ამ შეფასებას, ალბათ, ბევრი გაიზიარებს, როცა შეიტყობს, რომ ბერლინში,

სადაც ამერიკელი სენატორი ბარაკ ობამა დღეს სიტყვით გამოვა ღია ცის ქვეშ, მილიონამდე ადამიანს მოელიან; რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ზრდასრულთა 60 პროცენტზე მეტი ობამას მისცემდა ხმას, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

მაინც რით იწვევს ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ასეთ აღტაცებას ევროპელებში?

ობამათი აღტაცების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეჭვს არ იწვევს: ობამა არ არის ჯორჯ ბუში, რომლის პოლიტიკაც ევროპელების დიდ ნაწილს, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს...

მაგრამ “ობამამანიას” მეტი მიზეზი აქვს: ექსპერტების შეფასებით, დემოკრატი სენატორი, რომელიც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდება, განასახიერებს იმას, რაც ევროპელებს ყოველთვის აღაფრთოვანებდა ამერიკაში: ყოველგვარ პრივილეგიებს მოკლებული ახალგაზრდა კაცი, საკუთარი ნიჭისა და მონდომების წყალობით აღწევს თავბრუდამხვევ წარმატებებს.

[იოზეფ ბრამლის ხმა] “ამერიკა არის დემოკრატია, სადაც ბევრი რამ არის შესაძლებელი. არ არის აუცილებელი, ელიტის წევრად დაიბადო, სენატორის შვილი იყო, ან დაიბადო ოჯახში, რომელიც ფულში ეფლობა. ობამას ამბავი ამერიკული ოცნების განსხეულებაა. დიახაც, შესაძლებელია მწვერვალის დაპყრობა! ეს ყველაფერი ჰოლივუდს წააგავს - ისეთ ამბავს, ფილმებში რომ გვიყვარს ნახვა”.

რახან გერმანელმა პოლიტოლოგმა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ექსპერტმა იოზეფ ბრამლმა ჰოლივუდი ახსენა, ალბათ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარტო დროის ამბავია, როდის ვიხილავთ ფილმს მამით კენიელ და დედით ამერიკელ, უბრალო ოჯახში გაზრდილ ბიჭუნაზე, რომლის თავდაუზოგავი შრომა და ქარიზმატულობა დროთა განმავლობაში მილიონობით ადამიანს მოხიბლავს - “ობამამანიაში” გადაიზრდება...

ექსპერტ იოზეფ ბრამლს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ობამა ბევრში იწვევს (ევროპაში თავის დროზე ძალიან პოპულარული ამერიკელი პრეზიდენტის) ჯონ კენედის ასოციაციას. ბრამლი კი ფიქრობს, რომ ობამა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფიგურაა: [იოზეფ ბრამლის ხმა] “კენედისთან შედარებით მას გარკვეული უპირატესობა აქვს. მისი ცხოვრების გზა კენედისას ჩრდილში აქცევს. კენედი მდიდარ ჯოახში დაიბადა. ევროპელებისთვის არც ესაა პრობლემა, მაგრამ ობამას ცხოვრება მაინც სრულიად გამორჩეულია”.

საინტერესოა, რომ ბარაკ ობამას გარშემო ეიფორიის მიუხედავად, ევროპელებმა ბევრი არაფრი იციან მის პოლიტიკურ პროგრამაზე, თუ არა ჩავთვლით ობამას უარყოფით დამოკიდებულებას ერაყის ომისადმი.

[იოზეფ ბრამლის ხმა] “ბევრმა არ იცის, რა პოლიტიკური მიზნები აქვს ობამას. ცოტა რამ თუ იციან - რომ ის ერაყში ომის წინააღმდეგია, რომ თავიდანვე იყო წინააღმდეგი. აქ კი, ევროპაში, ერაყის ომი არასოდეს მოწონდათ. ეს იცის ხალხმა ბუშსა და ობამაზე - და აშკარად ობამაა კანდიდატი, რომელიც ყველაზე შორს დგას ბუშის ომის პოლიტიკისაგან”.

ახლა ყველა მოუთმენლად მოელის, რა თემებს, რა სიტყვებს შეარჩევს ბარაკ ობამა თავისი გამოსვლისთვის ბერლინში, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკური ლიდერების არაერთი ისტორიული გამოსვლა ახსოვს. მათ შორის ჯერ-ჯერობით გამორჩეულია ჯონ კენედის გამოსვლა - დასავლეთ ბერლინში 1963 წელს წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა:

[კენედის ხმა] “მე ბერლინელი ვარ!”
XS
SM
MD
LG