Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტმომსახურება სასამართლოებში


სასამართლო რეფორმის ფარგლებში, ამოქმედდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 სასამართლოს ვებგვერდი.


ვებგვერდის დახმარებით, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება ინტერნეტის მეშვეობით გაეცნოს, თუ როდის არის დანიშნული ესა თუ ის საქმე, რომელი მოსამართლე განიხილავს მას და რა შედეგი დადგა განხილვის შემდეგ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიიჩნევენ, რომ დიდი სასამართლოების ვებგვერდების შექმნა სასამართლოს გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას განაპირობებს.

გლობალური ინტერნეტის ქსელში სასამართლო რეფორმის ამ ეტაპზე ჩართულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და 11 პირველი ინსტანციის სასამართლო, კერძოდ: თელავის, რუსთავის, მცხეთის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, საჩხერის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთისა და ბათუმის სასამართლოები.

[კოტე კუბლაშვილის ხმა] “ამ სასამართლოთა ვებგვერდებზე მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია შესაბამისი სასამართლოს შესახებ და ეს პირდაპირ კავშირშია სწორედ ხელმისაწვდომობასთან, რადგან თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჟურნალისტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და ასევე იმ კონკრეტული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომელიც მას აინტერესებს. ყოველი კვირის ბოლოს შესაბამისი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია, თუ რომელი საქმეები განიხილება მომავალ კვირაში.“

განაცხადა სასამართლო ვებგვერდების პრეზენტაციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა. მისი განმარტებით, მოქალაქეებს ამის შემდეგ ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ სარჩელის აღძვრისა და სასამართლოში წარდგენის წესების გაცნობაც. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, უახლოეს ხანში ზემოთ აღნიშნული 12 სასამართლოს ვებგვერდზე სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებებიც გამოქვეყნდება. ვებგვერდები მალე საქართველოს ყველა სასამართლოს ექნება, პირველ რიგში კი, საქართველოს 2 ყველაზე დიდ - თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო - სასამართლოს.

სასამართლოთა საერთო ელექტრონულ ქსელში გაერთიანების პროცესი სასამართლოს რეფორმირების პოზიტიური, თუმცა არა პირველი რიგის ამოცანაა - მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მართლმსაჯულების მდგომარეობა საქართველოში კრიტიკას ვერ უძლებს, სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოქალაქეთა ნდობა კი სულ უფრო ეცემა, – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის მანანა კობახიძის შეფასება:

[მანანა კობახიძის ხმა] “ინფორმაციული თვალსაზრისით, ადამიანს შეეძლება, რომ შევიდეს საიტზე, რა თქმა უნდა, თუ ინტერნეტთან ხელი მიუწვდება და გაიგოს,როდის არის ესა თუ ის პროცესი დანიშნული. ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ეს გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, ძალიან გამიჭირდება. რაც არის იმ ცვლილებების ფონზე, რომ სასამართლო პროცესები არის ჩაკეტილი და დახურული და ჟურნალისტები ვერ აშუქებენ და ტელევიზიები არ არის დაშვებული,ამ ფონზე დიდად ვერაფერს შეცვლის.“ (სტილი დაცულია)

ასეთია მანანა კობახიძის კომენტარი უზენაესი სასამართლოს ახალ ინიციატივაზე, რომელიც სასამართლოს ვებგვერდების გახსნას სასამართლოს გამჭვირვალობის კონტექსტში განიხილავს. საქართველოში ინტერნეტზე დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს მიუწვდება ხელი. ინტერნეტის მომხმარებელთა მაქსიმალური უმრავლესობა თბილისსა და მის შემოგარენში ცხოვრობს. უზენაეს სასამართლოში აღნიშნავენ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ამ ცოტა ხნის წინათ გახსნილი ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ 12 000 კაცს გადააჭარბა. ეს ციფრი საგრძნობლად ნაკლები, ზოგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ნულის ტოლიც იყოს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თელავი, საჩხერე, ზესტაფონი და ასე შემდეგ. სურათი, სავარაუდოდ, რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ვებგვერდები გაიხსნება.
XS
SM
MD
LG