Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ესხმის თავს "ბათუმელებს"?


ნატა იმედაიშვილი, ბათუმი დამოუკიდებელ გაზეთ "ბათუმელების" თანამშრომლები საკუთარი უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ აჭარის ადგილობრივსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

ჟურნალისტების მიერ გავრცელებული საგანგებო მიმართვის საფუძვლად მათდამი მუქარის რამდენიმე ფაქტი იქცა. ამ დროისთვის ცნობილ დეტალებს რადიო "თავისუფლების" ბათუმელი კორესპონდენტის, ნატა იმედაიშვილისგან შეიტყობთ.

(იხ. აუდიოვერსია)

საინფორმაციო საშუალებებზე ზეწოლის, მედიის გაკონტროლების რა მექანიზმებს ფლობს სახელმწიფო? ამ შეკითხვით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის" კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს ქრისტოფერ უოკერს.

[ქრისტოფერ უოკერის ხმა]: "კონტროლის მექანიზმები, "არათავისუფალ" ქვეყნებში რომ მიმართავენ, მოიცავს დაშინების ყველა იმ ფორმას, რომლითაც ავტორიტარული მთავრობები ხელმძღვანელობენ. ზოგ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს, განუკითხაობასთან, როცა ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეშ ძალას იყენებენ. ამ გზით ჟურნალისტს სრულიად არაორაზროვნად ეუბნებიან, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა გეკრძალებათო. ამავე დროს, ზოგი ქვეყანა მიმართავს კონტროლის უფრო დახვეწილ მეთოდებს. ასეთ ქვეყნებს შორისაა რუსეთი, სადაც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ან სახელმწიფოს კუთვნილი კომერციული კომპანიები საინფორმაციო საშუალებების მფლობელები ხდებიან. (...) ეს ქმნის კონტროლის კიდევ ერთ ფორმას, რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა."

ეს იყო ქრისტოფერ უოკერი, ნიუ იორკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის" კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი. აქვე მსმენელს შევახსენებ, რომ მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ "ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან ათი "არათავისუფლის" კატეგორიაში აღმოჩნდა, ორი (საქართველო და უკრაინა) – "ნაწილობრივ თავისუფლის" კატეგორიაში, და მხოლოდ სამს მიენიჭა "თავისუფლის" სტატუსი. ალბათ მიხვდებოდით: ამ სამის შემთხვევაში საუბარია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG