Accessibility links

logo-print

აფხაზეთის კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება


აფხაზეთის კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება,

გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები, ჟურნალისტების უფლებები - ამ და სხვა თემებს აშუქებს დღევანდელი პრესა.

”აფხაზები კოდორზე იერიშს ნოემბერში დაიწყებენ” - ასეთი სათაურით ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს დეპუტატ პაატა დავითაიასთან. ”მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კოდორის ხეობის მიმართულებით სიტუაცია დაძაბულია. ეს მარტო ჩემი ვარაუდი არ არის. თუ დავაკვირდებით, ბაღაფშმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომ აპირებენ კოდორის ხეობის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელონ, რასაც ჰქვია ტერიტორიის ე.წ. განთავისუფლება ქართული მხარისგან. კონფლიქტის წლებს თუ გადავხედავთ, აფხაზური მხარე რასაც აცხადებს, იმას ხშირად აკეთებს”, - ამბობს პაატა დავითაია და დასძენს: ”ამ ყველაფრის უკან დგას გენერალ-ლეიტენანტი ზაიცევი, აფხაზური გენშტაბის უფროსი, სპეცდანიშნულების რაზმები, განლაგებული სოფელ მერხეულში, რომელიც კოდორის ხეობის ქვედა სოფელია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც იგეგმება. სავარაუდოდ, თუ მოხდა სამხედრო ოპერაცია, ეს იქნება ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, როდესაც აქედან გაჭირდება დახმარების გაწევა”.

”რეზონანსი” ხელისუფლებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს. გაზეთის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულ ზაზა გოროზიათი ჩაანაცვლებენ, გოროზიას კი სამეგრელოს სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია შეცვლის. გაზეთის თანახმად, გადადგომის შესახებ საპარლამენტო არჩევნებამდე დაუწერია განცხადება პრემიერ-მინისტრს. ლევან ბერძენიშვილმა ”რეზონანსს” განუცხადა: ”სააკაშვილმა დამალა მთავარი ძველი სახეები, მაგრამ, აბა, გადახედეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს და აღმოაჩენთ, რომ მან ეს ჯადოსნური მოქმედება შესანიშნავად ჩაატარა და ძველი სახეები დატოვა ხელისუფლებაში, ხოლო დანარჩენები იხმარა საშენ მასალად. ამჟამად ნაციონალურ მოძრაობას აქვს ისეთი ტიპის უპირატესობა, რომ ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. გურგენიძეს, თუ უნდათ, აიტანენ, უნდათ - არ აიტანენ. მთლიანად სააკაშვილის ხელშია ეს საკითხი”, - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა ”რეზონანსს”.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძის კომენტარს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ. ის ამბობს, რომ ამ პროექტიდან ”საქართველოსთვის რაიმე გრანდიოზულ შემოსავლებზე საუბარი ზედმეტია, რადგან ისეთ პატარა მონაკვეთს, რომელიც საქართველოზე გადის, არ შეუძლია რაიმე არსებითი შემოსავლების უზრუნველყოფა. პირიქით”, - დასძენს ექსპერტი, - ”საქართველოს ხელისუფლებას ძალიან გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება, რომ მიმზიდველობა გაუზარდოს ქართულ პროექტებს და შეარბილოს ის გადანაწილება, რომელიც თავისთავად მოჰყვება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას”, - ამბობს დემურ გიორხელიძე, რომელსაც კომენტარი ”რეზონანსმა” სთხოვა.

როგორც მოგახსენეთ, დღევანდელ პრესაში გრძელდება გაერთიანებული ოპოზიციის გეგმების განხილვა. ”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს კონსერვატორ ზვიად ძიძიგურთან, რომელიც ამბობს: ”ხალხს დავანახვებთ, რომ ესენი ჩვეულებრივი ცრუპენტელები არიან, ხალხის მოსყიდვით მოსული მაჟორიტარები კი, დარწმუნებული ვარ, რაიონში ჩასვლასაც არ აპირებენ”. ძიძიგური დასძენს: ”თუ დაიჯერებენ, კარგია, თუ არადა, არ დავიღლებით და მაინც ვიბრძოლებთ. ისე, ძირითადი პრობლემა საზოგადოების იმ ნაწილშია, რომელიც თითქმის ყველა არჩევნების წინ მოტყუვდა. სამწუხაროდ, არის ასეთი კატეგორია, რომელიც ძალიან ხშირად ტყუვდება და ასეთი რამ მხოლოდ სულელებს ემართებათ. დიდი ბოდიში, ვინც ამას თავის თავზე მიიღებს, მაგრამ... ასეა. ვინც ”ნაციონალებს” ხმა მისცა და უკვე უკმაყოფილოა, პრობლემა საკუთარ თავში ეძებოს”, - ამბობს ზვიად ძიძიგური, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”საქართველოს რესპუბლიკა”, მანანა ნაჭყებია: ”ზოგს ძალიან იოლი ჰგონია ალტერნატიული პარლამენტის შექმნა, თუმცა ამ ყველაფერს ზედმიწევნით სჭირდება ჩამოყალიბება, თუ როგორი იქნება ეს მმართველი ორგანო, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, უნდა იმუშაონ თუ არა კომისიებმა, რომელი პოლიტიკური ძალები იქნებიან გაერთიანებულნი და ა.შ. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა კონსულტაციები. საქართველოში, მოგეხსენებათ, პოლიტიკური ძალების ნაკლებობას არ ვუჩივით. ჩვენ მძევალიც აღმოვჩნდით მაშინ, როდესაც იძულებული ვიყავით საზოგადოების დაკვეთა შეგვესრულებინა და არჩევნებზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოვსულიყავით. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივა არ აქვთ”, - ამბობს ნაჭყებია.

”24 საათი” პარასკევის რუბრიკაში ”წრე” ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდსა” და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პოლიტოლოგ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებებს სთავაზობს მკითხველს. საუბარი შეეხება ხალხში არსებულ განწყობას, რომ ორი ძალის ჭიდილში რაც შეიძლება მინიმალურად გაისარჯონ და მათ ვიღაცამ რაღაც მოუგვაროს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს: ”ამ განწყობის თარგმნის, ამოქმედების უნარი თუ გაქვს საგარეო პოლიტიკაში, ეს დიპლომატიის პიკია. მაგალითად, სომხებმა მოახერხეს: კარგი ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან, რუსეთთანაც, ირანთანაც. ასეთი რამ ვერ მოახერხა მსოფლიოში ვერავინ. ყოჩაღ, სომხები! ჩვენ რაც შეგვეხება, ამერიკას პატარა საქართველომ მეტი რა უნდა გაუკეთოს, ჩვენი კონტინგენტი მეორეა ერაყში, მეტი რა გავაკეთოთ, არ ვიცი. კუბას თუ ავიღებთ ამერიკისთვის, ეგაა და მხარს ვუჭერთ ყველანაირად, მეტი რა ვქნათ...” - ასეთი გახლავთ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრება. მასთან ინტერვიუს ”24 საათი” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG