Accessibility links

logo-print

სოხუმში დასრულდა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, მეთიუ ბრაიზასთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოში თავისი მორიგი ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგს თბილისში 26 ივლისს გამართავს.


25 ივლისს მას ჰქონდა შეხვედრები სოხუმში.. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილი იყო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, ბათუმში.. გავრცელებული ცნობებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ვიზიტი საქართველოში - კერძოდ კი, აფხაზეთში - მიზნად ისახავდა მხარეების დათანხმებას მოლაპარაკების დაწყებაზე... ახლო მომავალში დაგეგმილია შეხვედრა ბერლინში, გაეროს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში..

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა მოკლე ხნის მანძილზე უკვე მეორედ ჩავიდა სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად... 25 ივლისს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას მასთან ერთად გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორიც სტუმრობდა. შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლისა და გერმანიის ელჩის ერთდროული ვიზიტის მიზეზი ცხადი უნდა იყოს: სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების სამეტაპიანი, გერმანიის მიერ შემუშავებული, გეგმა ხომ თვით ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიტანა... ახლო მომავალში სწორედ გერმანიაში, ბერლინში, უნდა გამართონ შეხვედრა გაეროს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებმა. განხილვის საგანი სწორედ თბილისისა და სოხუმისთვის შეთავაზებული სამეტაპიანი გეგმა უნდა იყოს. ჩაფიქრებულია ბერლინშივე მოლაპარაკებათა მაგიდასთან საქართველოს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეკრება... ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ფიქრობს, რომ გერმანიის სამეტაპიანი გეგმა შეიცავს მხარეებისთვის პოზიტიურ მომენტებს.. გავრცელებული ცნობებით, მეთიუ ბრაიზა სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების მოლაპარაკებებზე დაყოლიების მიზნით ჩავიდა. შეხვედრების შემდეგ სოხუმში იყო ბრიფინგი, რომელსაც რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი ესწრებოდა.. ჩვენ მას სოხუმში ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ განემარტა, რა განცხადებები გაკეთდა სოხუმში, ბრიფინგზე, რომელზეც ჟურნალისტებმა შეკითხვები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას დაუსვეს. ანდრეი ბაბიცკიმ გვითხრა, რომ ბრიფინგზე, ძირითადად, შამბა ლაპარაკობდა და თქვა ისიც, აფხაზეთი, პრინციპში, წინააღმდეგი არ არის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მოლაპარაკებათა მაგიდასთან განხილვისო:

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] ”ჟურნალისტმა სთხოვა ამ პასუხის განმარტება. შამბამ თქვა, რომ აფხაზეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, არ შეიძლება იყოს შეუთანხმებლობა იმაში, რომ აფხაზეთი გეგმავს მონაწილეობას შეხვედრაში. ”

შეხვედრაში ანდრეი ბაბიცკი ბერლინში დაგეგმილ შეხვედრას გულისხმობდა. სოხუმში, პრესკონფერენციაზე, ითქვა, რომ ის, სექტემბრის ნაცვლად, უფრო ადრე გაიმართება - შესაძლოა, აგვისტოში.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებათა განახლებისთვის სოხუმი აყენებს პირობებს: ითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და მეორე - ზემო აფხაზეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას. ანდრეი ბაბიცკის ვკითხეთ, ბრიფინგზე რა განცხადებები გააკეთა მეთიუ ბრაიზამ, გამოთქვა თუ არა მან მოსაზრება სოხუმის პირობებთან დაკავშირებით... რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სოხუმში მეთიუ ბრაიზამ გაგებით მიიღო ზემო აფხაზეთიდან საქართველოს საპოლიციო ძალების გაყვანის მოთხოვნა.. აი, რა გვითხრა ანდრეი ბაბიცკიმ, რომელიც ესწრებოდა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციას:

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] ” მან თქვა, რომ აფხაზეთს აქვს უფლება დააყენოს ის საკითხები, რასაც აყენებს, ისევე როგორც საქართველოს აქვს უფლება დააყენოს დევნილთა დაბრუნების საკითხი. მეთიუ ბრაიზას ჟურნალისტების შეკითხვებზე არ გაუცია არც უარმყოფელი და არც დამადასტურებელი პასუხები. ის ლაპარაკობდა იმაზე, რომ ყველა ამ საკითხებზე საჭიროა მსჯელობა. ”

ანდრეი ბაბიცკის თქმით, სოხუმში ბრიფინგს ათიოდე ადგილობრივი ჟურნალისტი ესწრებოდა.. რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი აფხაზეთში 24 ივლისს ჩავიდა. მან გვითხრა, რომ სოხუმსა და გაგრაში გავლისას ტურისტები თითქმის არ შეხვედრია. ტურისტული სეზონის ჩავარდნის მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა წარმომადგენლებმა მას გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებები დაუსახელეს.. ხალხი დასავლელი მაღალი რანგის დიპლომატების გამოჩენას აფხაზეთში მოლაპარაკებების განახლებისა და დაძაბულობის განმუხტვის იმედს უკავშირებს”, - ამბობს ანდრეი ბაბიცკი.

მეთიუ ბრაიზა კი სოხუმის შემდეგ შეხვედრებს ენგურს აქეთა საქართველოში გააგრძელებს.. ოფიციალური თბილისის პოზიცია კი სოხუმის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გავიყვანოთ ზემო აფხაზეთიდან შეიარაღებული ძალები, ისეთია, როგორც ეს ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა და პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ჩამოაყალიბა:

{თემურ იაკობაშვილის ხმა] ”საქართველოს სამხედრო ძალები არ ჰყავს კოდორის ხეობაში. პოლიცია იცავს მოსახლეობას და პოლიციას იქიდან არ გავიყვანთ, სანამ არ იქნება დიდი გარიგება. დიდი გარიგება შეიძლება იყოს იქიდან რუსების გასვლა. თუ რუსები გავლენ და რუსული საფრთხე მოიხსნება, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ტერიტორიები დავუთმოთ საერთაშორისო საპოლიციო ძალებს იქ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მანამდე სხვა ყველაფერი წყლის ნაყვაა და ვისაც სურს წყლის ნაყვა, ნაყოს.”
XS
SM
MD
LG