Accessibility links

logo-print

მეთიუ ბრაიზა: ”ჩემთვის ბოლომდე ნათელი არ არის, შედგება თუ არა შეხვედრა გერმანიაში”


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩების სოხუმში ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ცნობები, რომლებიც ადასტურებს, რომ აფხაზთა მხარის პოზიცია საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის საკითხზე არ შეცვლილა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა და შეერთებული შტატების ელჩი თბილისში დღეს, შუადღისას, ბათუმიდან დაბრუნდნენ. ბრაიზამ საელჩოს შენობაში პრესკონფერენცია გამართა. ცხადი გახდა, რომ აფხაზთა პოზიცია მოლაპარაკებების განახლების თაობაზე მისთვისაც არ არის ბოლომდე ნათელი, თუმცა იმედოვნებს, რომ ბერლინში დანიშნული შეხვედრა მაინც შედგება.

ამერიკელი და გერმანელი დიპლომატები სოხუმში მომავალი კვირისთვის ბერლინში დაგეგმილი შეხვედრის აუცილებლობაში სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების დასარწმუნებლად ჩავიდნენ. თუმცა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული პირველი შეკითხვა არა აფხაზთა პოზიციის დაზუსტებას, არამედ იმ ინფორმაციას შეეხებოდა, რომელიც გუშინ რუსულ საიტზე გავრცელდა. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო ”რეგნუმის” ცნობაში, სათაურით ”შეერთებული შტატები აპირებს კოდორიდან ჯარების გაყვანის თაობაზე საქართველოს დარწმუნებას”, მოყვანილია ციტატა ბრაიზას კომენტარიდან, სადაც ის ამბობს, რომ ლაკობასთან საუბარი შეეხებოდა ”სამშვიდობო პროცესის სტიმულირების შესაძლებლობებს და იმას, თუ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები საქართველოში, რომ გაიყვანონ ზემო კოდორის ხეობიდან ნაწილები. ამას მოითხოვს აფხაზთა მხარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება პროგრესის მიუღწევლად სიტყვების ჰაერზე სროლა”, - ასე მოახდინა ”რეგნუმმა” ბრაიზას ციტირება. 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი შეკითხვა სწორედ ამ ინფორმაციის სიზუსტეს შეეხებოდა. მეთიუ ბრაიზას ვრცელი განმარტების მიცემა მოუხდა:

[ბრაიზას ხმა]
”საქმე ის არის, რომ თითოეულ მხარეს აქვს თავისი მიზნების წყება და ისინი ცდილობენ ერთმანეთის დარწმუნებას. შეერთებულ შტატებს არ გააჩნია პოზიცია, რომლის საფუძველზეც სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას კოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან გაეყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მოდით, ეს ნათელი იყოს ყველასთვის. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა და გაეროს მეგობართა ჯგუფის (მათ შორის, რუსეთის) ოფიციალური პოლიტიკა არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, როგორც უკვე ვთქვი, აფხაზურ მხარეს აქვს მთელი წყება სასურველი მიზნებისა და, როგორც იცით, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ვითარებას ზემო კოდორის ხეობაში. ჩვენ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, ბოლო რეზოლუციაში განვაცხადეთ, რომ ვითარება ზემო კოდორის ხეობაში შესაბამისობაშია გაეროს უწინდელ რეზოლუციებთან და მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებასთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. აფხაზეთის მხარე ამას არ ეთანხმება და თავის მოთხოვნებს აყენებს. მე მიმაჩნია, რომ თუკი აფხაზურ მხარეს სურს მისი მოთხოვნები შესრულდეს გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ ქართულმა მხარემაც უნდა დაინახოს პროგრესი იმ საკითხებში, რასაც ის მოლაპარაკებებში წარმატებად მიიჩნევდა. და როგორც იცით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თბილისისთვის არის იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოვილების დაბრუნება აფხაზეთში. მე ვამბობდი და ვამბობ იმას, რომ დროა მხარეები ერთად დასხდნენ და მოლაპარაკებების გზით გაარკვიონ როგორ შეძლებენ ისეთ კომპრომისებზე წასვლას, რომელიც დააკმაყოფილებდა მეორე მხარის საჭიროებებსა და სურვილებს.”

განაცხადა ბრაიზამ. რაც შეეხება სოხუმში ვიზიტის დეტალებს, ის შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანს. შეხვედრებისას დასავლელი დიპლომატები, ბერლინის შეხვედრაზე მოლაპარაკებების გარდა, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიერ მომზადებულ გეგმასაც შეეხნენ.

აფხაზური წყაროებიდან ცნობილია, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება არ არის პრინციპულად წინააღმდეგი მონაწილეობა მიიღოს ამ შეხვედრაში, თუმცა კვლავ აყენებს უკვე კარგად ცნობილ პირობებს - აფხაზეთიდან ქართული ჯარის გაყვანისა და ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ სტანისლავ ლაკობამ ჟურნალისტებს განუცხადა: ”ბერლინის შეხვედრის თემა საერთოდ არ განმიხილავს. ამაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება ჩვენი პირობები.”

სოხუმში ვიზიტის შემდეგ მეთიუ ბრაიზა ბათუმში შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს, მის მოადგილეს გიგა ბოკერიას და სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს.

სოხუმსა და ბათუმში შეხვედრების შემდეგ ბრაიზა საერთაშორისო საზოგადოებრიობის უახლოესი დღეების ამოცანად კვლავ მხარეთა პოზიციების დაახლოებას სახავს:

[ბრაიზას ხმა]
”ჩვენს მიზანს უახლოესი დღეებისა და კვირების მანძილზე წარმოადგენს თბილისისა და სოხუმის პოზიციების დაახლოება და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების აქტიური პროცესის დაწყება.”

ბრაიზა აცხადებს, რომ არ არის დარწმუნებული, თუმცა იმედოვნებს, რომ ბერლინის შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება:

[ბრაიზას ხმა]
”სინამდვილეში ჩემთვის მთლად ნათელი არ არის, შედგება თუ არა ეს შეხვედრა გერმანიაში. ვიმედოვნებ, რომ ის ჩატარდება.პრესაში ვნახე ცნობა, სადაც ბატონი ბაღაფში ამბობს, რომ დაესწრება ბერლინში დისკუსიას აგვისტოში. იმედს ვიტოვებთ, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება.”

რადიო ”თავისუფლების” შეკითხვას, როგორ აფასებს ის მოლაპარაკების განახლებასთან დაკავშირებული პირობების მოხსნის პერსპექტივას, ბრაიზამ ასე უპასუხა:

[ბრაიზას ხმა]
”ვფიქრობ, წინაპირობების მოხსნასა და მოლაპარაკებების დაწყებას საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. ჩემი აზრით, მოლაპარაკებათა ყველა რეალური მონაწილე აცნობიერებს, რომ მთლად აზრიანი არ არის მოლაპარაკებათა დაწყების წინაპირობად დაასახელო ის, რაც მოლაპარაკებათა ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი შეიძლება იყოს. რადგან, ასეთ შემთხვევაში, ვითარება იქნება სამუდამოდ გაყინული და მოლაპარაკებები ვერ შედგება.”

დასასრულ, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა შეაჩერა ყურადღება: მეთიუ ბრაიზა კვლავ საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების საჭიროებაზე გალისა და ოჩამჩირის რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ის აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების მანდატი არ მოიცავს სამართალდაცვით ფუნქციას, რაც ერთგვარ ვაკუუმს ქმნის ამ სფეროში. დევნილთა დაბრუნებისთვის კი აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG