Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვას დღეს გერმანიის პრესის მიმოხილვა შეიძლება ეწოდოს: საქართველოში, კერძოდ აფხაზეთის გარშემო შექმნილი ვითარება ყველაზე დეტალურად განვლილ კვირაში სწორედ გერმანიის წამყვანმა გამოცემებმა გააშუქეს.

ამ, განსაკუთრებული ყურადღების მიზეზად უდავოდ უნდა ჩაითვალოს გერმანიის სამეტაპიანი გეგმა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება და რომელიც თვით საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააცნო დაპირისპირებულ მხარეებს საქართველოსა და რუსეთში ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს.

“შტაინმაიერის ეს ვიზიტი კავკასიურ ვულკანზე გაჭენებას გავდაო” - ვკითხულობთ ყოველდღიურ კონსერვატიულ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” პირველივე გვერდზე დაბეჭდილ კომენტარში სახელწოდებით “კავკასიური მისია”. კომენტარის ავტორი ოლივერ ჰოიშენი მიუთითებს, რომ ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა პოსტსაბჭოთა რეგიონში - ანუ, იმავდროულად, რუსეთის ყოფილ ქვედა ნაწილში ისე, რომ მოსკოვი მაშინვე აღშფოთებას არ გამოთქვამს და კმაყოფილიც კი რეაგირებს. “სიახლეა ისიც, რომ გერმანია ინიციატივას იჩენს საერთაშორისო კონფლიქტის მოსაგვარებლად, ნამდვილ სამშვიდობო გეგმას ამზადებს და ცდილობს, ის ყველა მხარეს მოაწონოსო”,- ამ შეფასებას გამოთქვამს სტატიის ავტორი, თუმცა ის სრულიად გამართლებულად მიიჩნევს შეშფოთებას, რომ გერმანიამ შესაძლოა ვერ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

მეორე მხრივ, განაგრძობს ოლვერ ჰოიშენი “სამეტაპიან გეგმას ბერლინში საერთოდ არ მოამზადებდნენ, რომ არ ეფიქრათ, რომ მისი განხორციელების შანსი მაინც არსებობს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ქართველების ურთიერთობა გერმანელებთან, ტრადიციულად, უფრო მჭიდროა, ვიდრე დანარჩენ ევროპელებთან. ასე იყო ჯერ კიდევ გენშერამდე და შევარდნაძემდე. ამას გარდა, საქართველოს უკვე დიდი ხანია სურს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია”, - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” 22 ივლისის ნომერში დაიბეჭდა. იქვე ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ შტაინმაიერს, როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს, ჩვეულებრივ, დიდი ყურადღებით უსმენენ მოსკოვში. მითუმეტეს, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და დმიტრი მედვედევი გარკად იცნობენ ერთმანეთს: როცა, პუტინის პრეზიდენტობის დროს, მედვედევი მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, შტაინმაიერი შრიოდერის კანცელარიას ედგა სათავეში.

შტაინმაიერის დიპლომატიურ მისიას ეხმაურება გერმანიის წამყვანი მემარცხენე ყოველდღიური გაზეთი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგიც”, ამ თემას მან სარედაქციო წერილიც მიუძღვნა. “დიპლომატია სწრაფ წარმატებებს არ ემყარება. საქართველოს, მის ურჩ პროვინცია აფხაზეთსა და აფხაზების მოკავშირე რუსებს შორის საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაიერის შაუამავლობის მცდელობასაც, ძნელი წარმოსადგენია, მალე მოჰყვეს წარმატება. ის კი არა, ადვილი შესაძლებელია, რომ სამმა მხარემ ყოველგვარ კომპრომისზე უარი თქვას. ყოველ შემთხვევაში, პირველი საუბრების შემდეგ მალე გახდა ნათელი, რომ ნებისმიერი პაწაწინა დათმობაც კი უზარმაზარი ნაბიჯი იქნებოდა ამ გამყარებულ კონფლიქტში”.

სარედაქციო წერილში შტაინმაიერის დამსახურებას უწოდებენ აფხაზეთის კონფლიქტის დაბრუნებას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და მოსკოვის ჩართვას კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. “რუსები შუამავლებიც არიან და მხარესაც წარმოადგენენო”, ვკითხულობთ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიაში.

და კიდევ ერთი ციტატა: “ბერლინში კარგად უწყიან, რომ დაგეგმილი მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე ყველა მხარის მონაწილეობით, თუ საერთოდ მოხერხდა მათი ჩატარება, ვერ იქნება პოლიტიკურ კოსმეტიკაზე ბევრად მეტი. მაგრამ მაინც ნამდვილად აჯობებს გასული კვირების - ესკალაციაზე მიმართულ - რიტორიკას. გარდა ამისა, შტაინმაიერს, კანცლერობის სავარაუდო სოციალ-დემოკრატ კანდიდატს შიდაპოლიტიკურადაც უდიდეს სარგებელს მოუტანდა, თუ გერმანელები წარმატებით შეძლებენ რუსების ჩაბმას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში”.
XS
SM
MD
LG