Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენების

ქრონოლოგია გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომით იწყება და საქართველოში გერმანიის ელჩის პატრიცია ფლორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას სოხუმსა და თბილისში გამართული შეხვედრებით მთავრდება. ამჯერად სწორედ ამ და სხვა საკითხებზე მინდა გესაუბროთ.

გასული სამუშაო კვირის პირველივე დღე, 21 ივლისი, საქართველოსთვის დიპლომატიურ არენაზე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით, გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომით, გახდა გამორჩეული. სხდომაზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომა, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, დახურულ რეჟიმში გაიმართა და არსებითად იმ ამოცანის შესრულებით დასრულდა, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდა დასახული: რუსეთი საერთაშორისო არენაზე წარმოჩნდა არა როგორც ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების მომრიგებელი, არამედ როგორც მხარე, რომელიც უმეტესად შეგნებულად ამწვავებს ვითარებას. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, გაეროს უშიშროების საბჭოს 21 ივლისის სხდომა სწორედ რუსეთ–საქართველოს დაპირისპირების გამოკვეთით იყო მნიშვნელოვანი:

[ირაკლი ალასანიას ხმა]“ უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა შედგა 2 ქვეყანას შორის არსებული პრობლემების განსახილველად. მანამდე ასეთი თემები განიხილებოდა აფხაზეთის კონფლიქტის კონტექსტში და ებმოდა აფხაზეთის კონფლიქტზე მსჯელობას.”

გაეროს უშიშროების საბჭოს 21 ივლისის სპეციალურ სხდომას, როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია. თუმცა, ამის მიუხედავად, ერთსულოვნად იქნა მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაგმობილი 8 ივლისის საჰაერო ინციდენტი, როგორც საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განმარტებით, მოლაპარაკებათა ფორმატების დაშლის საფუძველი გახდება:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ყველა ასეთი ნაბიჯი გვაახლოებს ფორმატების დაშლასთან. ამგვარად, ეს დიპლომატიური ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, რომ მოქმედი ფორმატები დავშალოთ, რათა გადავიდეთ ისეთ ფორმატზე, რაც რეალურად დააბრუნებს დევნილებს და რეალურად აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.” (სტილი დაცულია)

გასული სამუშაო კვირა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მიერ დასმული აქცენტების აქტუალიზების მხრივაც გამორჩეული იყო. ამ საკითხს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით, მანამდე კი შევნიშნავთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოზე მსჯელობა ამ დღეებში მხოლოდ 21 ივლისის უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომით არ ამოწურულა. 25 ივლისს გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხსენება აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება მოიცავს საანგარიშო პერიოდს - 2008 წლის 2 აპრილიდან 14 ივლისის ჩათვლით. მოხსენებაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზთაგან დასახელებულია რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 1996 წლის გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვებიდან გამოსვლა და რუსეთის პრეზიდენტის დავალება საქართველოში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებთან პირდაპირი და მრავალმხრივი კონტაქტების დამყარების შესახებ. აქვე შევნიშნავთ, რომ გასულ სამუშაო კვირაში ვლადიმირ პუტინის სწორედ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება შეაფასა საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის გამოხატულებად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა. დავუბრუნდეთ გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას, რომელშიც აღნიშნულია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთმა აფხაზეთში დამატებით შეიყვანა რუსეთის სადესანტო და სარკინიგზო ნაწილები.

ამ კვირაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფები აფხაზეთს 29–30 ივლისს დატოვებენ. აღდგენილია 1992–93 წლებში ქართულ–აფხაზური ომის დროს დაზიანებული რკინიგზის 54 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი. სამუშაოები ჩატარდა მარშრუტით სოხუმი–ოჩამჩირე: შეიცვალა 10 000–მდე შპალი, აღდგა 8 სარკინიგზო ხიდი. აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანა თბილისმა სამხედრო ინტერვენციისთვის მზადებად შეაფასა. რეგიონალური დესტაბილიზაციის საფრთხედ იქნა აღქმული ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ჯარების სამხედრო წვრთნა „კავკაზ–2008“–ც, რომელიც სწორედ გასული სამუშაო კვირის ბოლოს შევიდა დამამთავრებელ ფაზაში. სამხედრო წვრთნამ, პირველ რიგში,თავისი მასშტაბურობით გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება. თუმცა არის სხვა გარემოებაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების ლეგენდა მთიან რეგიონში ტერორისტების აღმოჩენა–განადგურებას და საქართველოსთან სამხედრო საზღვრის გამაგრებას ითვალისწინებდა. ვლადიკავკაზის მოტომსროლელთა პოლკს მიცემული ჰქონდა დავალება საქართველოსთან დამაკავშირებელი როკის გვირაბის მყისიერად ჩაკეტვისა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კონფლიქტის ზონებში მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციის ნაწილია.

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა]“ სამხედრო სწავლება მთელ რეგიონს მოიცავს, რაც ძალიან არასასიამოვნო და სახიფათო ფაქტია, რადგანაც ასეთი ტიპის წვრთნა შეიძლება აღქმულ იქნეს ომისათვის მზადებად ან ამ სამზადისის შენიღბვის მცდელობად.“

განუცხადა 24 ივლისს რადიო „თავისუფლებას“ რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, შესაძლოა, კვირებიც კი რჩებოდეს. 23 ივლისს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობასა და დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

[ბენიტა ფერერო–ვალდნერის ხმა] „ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ დაძაბულობის განსამუხტად. ევროკავშირის საბჭომ და ევროკომისიამ მოვამზადეთ პროექტი და ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმაც შეიმუშავა გეგმა, 3 ეტაპიანი გეგმა. პირველი ეტაპი უნდა იყოს მცდელობა, მივაღწიოთ მხარეთა მიერ თავდაუსხმელობის შესახებ რაიმე სახის შეთანხმების გაფორმებას. თუმცა ამჟამად ურთიერთგამომრიცხავ პირობებს გვიყენებენ, იმედი გვაქვს, ეს სათანადო მომენტში შესაძლებელი გახდება.”

განაცხადა ევროკომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთში ამას წინათ გამართული ვიზიტის შედეგებზე ერთგვარი ანგარიშით წარდგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი. ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მისი სამეტაპიანი გეგმა და სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების პერსპექტივები მოგვიანებით ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა სოხუმში წარმოებული დიალოგის ძირითადი თემა გახდა. შეხვედრებს, რომლებიც სოხუმში 25 ივლისს გაიმართა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორი, ამერიკიდან კი ელჩი ჯონ ტეფტი და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ესწრებოდნენ. დასავლელმა დიპლომატებმა სცადეს დაერწმუნებინათ აფხაზური მხარე მონაწილეობა მიიღოს ბერლინში მომავალ კვირას გაეროს მეგობართა ჯგუფის ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებში. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამორიცხა, თუმცა დაუშვა შესაძლებლობა, რომ სოხუმის წარმომადგენლებმა ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ. ეს მოსაზრება მოგვიანებით თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამაც გაიმეორა. სოხუმში იმყოფებოდა რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა]“ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს არსებითად არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ გაეროს მეგობართა ჯგუფის ფორმატში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, ეს შეხვედრა ბერლინში, სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება. რაც შეეხება აფხაზური მხარის პირობებს, სერგეი შამბას განმარტებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი უკვე მზადაა, კოდორის ხეობიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა კი ტექნიკური დეტალების დაზუსტებას მოითხოვს.“

მოლაპარაკებების განახლებისთვის სოხუმი, როგორც ანდრეი ბაბიცკის ნათქვამიდანაც ჩანს, კვლავ ძველ პირობებს აყენებს: ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება და ზემო აფხაზეთიდან საქართველოს შეიარაღებული ნაწილების გაყვანა.

[მეთიუ ბრაიზას ხმა]“ვფიქრობ, პირობების მოხსნას და მოლაპარაკებების დაწყებას საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. ჩემი აზრით, მოლაპარაკებათა ყველა რეალური მონაწილე აცნობიერებს, რომ მთლად აზრიანი არ არის მოლაპარაკებათა დაწყების პირობად დაასახელო ის, რაც მოლაპარაკებათა ერთ–ერთი უმთავრესი შედეგი შეიძლება იყოს. რადგან, ასეთ შემთხვევაში, ვითარება იქნება სამუდამოდ გაყინული.“

ამბობს მეთიუ ბრაიზა, რომელიც სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების სამეტაპიან გეგმასა და ბერლინის შეხვედრის ამოცანებზე დახურულ კარს მიღმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბრა. გასულ სამუშაო კვირაში საქართველოს პრეზიდენტი, ძირითადად, ქვეყნის რეგიონებში მართავდა შეხვედრებს. 24 ივლისს კი აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა. ამ მაგისტრალის მეშვეობით აზიიდან ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, 6 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ ჩვენს ქვეყანაში იქნება ბევრი სხვა ლიდერი ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში. ჩვენი ქვეყნები მდიდარი, წარმატებული ქვეყნები იქნებიან, მაგრამ, რასაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ნავთობსადენების, ავტობანების, რკინიგზებისა და, რაც მთავარია, ადამიანების დაკავშირების კუთხით, ის კომუნიკაციებია, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოდ დააკავშირებს.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ერთ–ერთი ფუნქცია კავკასიის რეგიონის სტაბილურობაა. მაგისტრალის ამოქმედება 2011 წლისთვისაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG