Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 27 ივლისი


ძნელია ახსნა, რამ განაპირობა

დედაქალაქის კულტურული ცხოვრების საგრძნობი გამოცოცხლება ივლისში, როცა თბილისში, ტრადიციულად, იხურება საკონცერტო და სამხატვრო დარბაზები - ზაფხულის დაგვიანებულმა დადგომამ თუ, საერთოდ, პროგრესმა ქართულ კულტურაში... იქნებ ქართული ტელევიზიების მოულოდნელმა, ასე ვთქვათ, ”შვებულებაში გასვლამ”, როცა პრაქტიკულად ყველა ტელეარხი ძველი გადაცემების განმეორებაზე გადავიდა? ან იქნებ იმანაც, რომ თბილისში საზაფხულო, ღია დარბაზები გაჩნდა. მაგალითად, ნიაზ დიასამიძემ აღადგინა ღია კინოთეატრი ვაკის პარკში და, ზუმბასთან ერთად, სწორედ აქ გახსნა ფოლკლორული ფესტივალი ”არტგენი - 2008”.

ვაკის პარკში ფესტივალის გახსნის იდეამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ”არტგენის” პროგრამაში. ფესტივალის ორგანიზატორებმა არა მარტო ფოლკლორის, არამედ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაც მოინდომეს - ”არტგენი” დაიწყო ნიაზ დიასამიძის კონცერტით ვაკის პარკში და დასრულდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში - ხალხური რეწვის გამოფენებით, ფოლკორული ანსამბლების გამოსვლებით, ”არტგენის” იდეის ავტორის, ზუმბას, კონცერტით. თუმცა ფესტივალის პროგრამაში სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო მუსიკოსების კონცერტები იყო ჩართული - მაგალითად, ანსამბლ ”მგზავრებისა”, იმ ანსამბლისა, რომელიც სწორედაც რომ ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს ახერხებს.

[ანსამბლი ”მგზავრები”]

დაუმატეთ ამ ანსამბლებს ქართული ფოლკლორული თეატრი ”მთიები”, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, ქართული ნაციონალური ბალეტი, ჯაზის საღამო, ახალგაზრდა კინორეჟისორთა ფილმების ჩვენება და დარწმუნდებით, რომ წლევანდელი ”არტგენი” ყველაზე მრავალფეროვანი იყო ფესტივალის - ახლა უკვე 4 წლის - ისტორიაში (გაგახსენებთ, რომ ფესტივალი ”არტგენი” პირველად 2004 წლის ივლისში მოეწყო). უფრო მეტიც, ვაკის პარკის ღია დარბაზში წელს გამოფენებიც გაიხსნა - ანა ნიჟარაძის ფოტოსერია ინდოეთზე, კოტე ჯინჭარაძის კოლაჟები და თამარ მელიქიშვილის ინსტალაცია ”ვეფხისტყაოსანი”.

[თამარ მელიქიშვილის ხმა] ”მე რომ მითხრეს, რომ ”არტგენში” უნდა მივიღო მონაწილეობა, გამახსენდა ”ვეფხისტყაოსანი”... იმიტომ, რომ მქონდა და, რა თქმა უნდა, იმიტომაც, რომ ”ვეფხისტყაოსანი” გენთან კავშირს გამოხატავს... მივუმატე განათება, რომელზეც სტროფებია ”ვეფხისტყაოსნიდან” - ამ ინსტალაციას ჰქვია ”ხუთი სტიქია”, ანუ ”ფერი”, ”ეროტიკა”, ”ბგერა”, ”გეოგრაფია” და ”ამბავი”... ჩემთვის ესაა ”ვეფხისტყაოსანი”.

თამარ მელიქიშვილი გვიამბობს თავის ინსტალაციაზე და გვიჩვენებს სურათების წინ ჩამოკიდებულ ჭაღებს, ციტატებით ”ვეფხისტყაოსნიდან”. მხატვარი ცდილობს ახლებურად წაიკითხოს ის, რაც ყველამ ლამის ზეპირად იცის და ჩვენთან საუბარში ამბობს: სწორედ ასეთი უნდა იყოს ”არტგენი”... ”გენს”, ტრადიციას არ სჭირდება ხელოვნური, მექანიკური გადმოტანა თანამედროვე ხელოვნებაში... ეს ”გენი” ხომ ყოველ ჩვენგანში ცხოვრობსო... თუკი ”არტგენი” მომავალში ამ მიმართულებით განვითარდება, აუცილებლად მივაღწევთ ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების დიალოგს, - ამბობს ჩვენთან საუბარში თამარ მელიქიშვილი.

[თამარ მელიქიშვილის ხმა]”იმ ტიპის გამოფენები და კონკურსები უნდა იყოს საქართველოში, რომ, ნოვატორული იდეა თუ მოგივიდა თავში, განახორციელო. ეს ძალიან გვაკლია. მგონია, რომ ”არტგენი” ამ წუთას ვერ ახერხებს, მაგრამ ”ბიენალეს” ფორმა შეიძლება მიიღოს, გეოგრაფიულად შეიძლება გაფართოვდეს. ეს ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა.”

არსებითად უკვე გაფართოვდა სივრცეში. ”არტგენი” ხომ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც ”მოძრავი ფესტივალი”, რომელსაც საქართველოს ყველა მხარე უნდა მოეცვა. თამარ მელიქიშვილს კი ბევრი მხატვარი დაეთანხმება, ალბათ: თანამედროვე ხელოვნება დიდი ხანია გასცდა ერთი კონკრეტული ჟანრისა თუ სტილის საზღვრებს - გაიშალა დროშიც და სივრცეშიც.

აი, მაგალითად, კიდევ ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ ივლისის კულტურული ცხოვრებიდან - მწერალ ნენე კვინიკაძის ახალი წიგნის, ”იაგუარების ტექნოს”, პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში - წიგნის პრეზენტაცია ელექტრონული მუსიკის ფონზე. აქ თავად მწერალმა გვითხრა: საკუთარ წიგნებზე ლაპარაკი არ შემიძლია, ამიტომ მოდით მუსიკას მოუსმინეთ ან ერთმანეთში ილაპარაკეთო. თუმცა ”იაგუარების ტექნოს” რედაქტორმა გაგა ლომიძემ მაინც გვითხრა ერთი-ორი სიტყვა ამ პატარა რომანზე, რომელიც ნესტან კვინიკაძემ საკუთარ გამომცემლობაში გამოსცა:

[გაგა ლომიძის ხმა] ”არის სხვადასხვა ტიპის ტექსტები - ისტორიები, საგაზეთო სტატიები... მთლიანობაში, იქმნება ერთიანობის შთაბეჭდილება...ადამიანივით - ადამიანიც ხომ დანაწევრებული და მთლიანია.”

დიახ, ნენე კვინიკაძის წიგნში უახლესი საქართველოს (და არამარტო საქართველოს) პორტრეტი იხატება - დანაწევრებულად, როგორც კუბისტებთან... ავტორი , როგორც პრეზენტაციაზე დავით ტურაშვილმა აღნიშნა, წიგნის შესავლიდან ფინალამდე შენიღბულია, მისი ასაკისა და სქესის ”დადგენა” მკითხველს ძალიან გაუჭირდება...არადა, ავტორის მონოლოგი, მისი განსჯა, მისი დაკვირვება ”იაგუარების ტექნოს” ძირითად ნაწილს იკავებს; დანარჩენი კოლაჟური ”ჩართვებია”, ისე, როგორც დადაისტებთან - გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებები, საინფორმაციო სააგენტოების ცნობები, სტატიები. წიგნის გმირი გვიამბობს სატელევიზიო ტოკ-შოუში მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე და ჩამოთვლის პროფესიებს, რომელთანაც შეხება ჰქონია - მკითხავებს, პარაფსიქოლოგებს, სექსოლოგებს, დიეტოლოგებს, კრიტიკოსებს... მრავალ, მრავალ ადამიანს... ასე იქმნება ჭრელი სამყარო თავად ნენე კვინიკაძის წიგნშიც და ავტორს, საერთოდ, არა აქვს პრეტენზია გააერთიანოს ეს სამყარო... ეს - თუ შეიძლება ასე ითქვას - ”ოპერაცია” თავად მკითხველმა უნდა შეასრულოს. ალბათ, არ იყო შემთხვევითი ასეთი წიგნის პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში, სადაც ახალი კულტურული სეზონის დაწყებისთანავე სწორედ თანამედროვე ლიტერატურისა და ხელოვნების პროპაგანდა დაიწყება... თუმცა, ივლისის თვის მრავალფეროვანი ”კულტურული აფიშით” თუ ვიმსჯელებთ, სეზონი ჯერ არც კი დასრულებულა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG