Accessibility links

logo-print

”სუსტი სქესის” მხედრული მისია ერაყში


დღეს გაგაცნობთ ქართველ მედდას,

რომელსაც სამხედრო ბაზა ”დელტაზე” და მის ფარგლებს გარეთ ხშირად უხდება ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ერაყში განლაგებული პირველი ქვეითი ბრიგადის სასწრაფო დახმარების ექიმს, ლეიტენანტ ნინო ჩხენკელს არ უყვარს, როდესაც მას ”სუსტი სქესის” წარმომადგენელს უწოდებენ. მამაკაცი თანამებრძოლების მსგავსად, ნინო ატარებს სატაბელო იარაღს, ემორჩილება მკაცრ განაწესს, მომთხოვნია ხელქვეითებისადმი, თუმცა მზრუნველია ნებისმიერი პაციენტის მიმართ, რომელიც ქართველ ექიმს დახმარებისათვის მიმართავს. ნინო ჩხენკელს და მის სამედიცინო ბრიგადას დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე უწევს გამოძახებაზე დაჯავშნული ”ჰამერებით” გასვლა.

[ნინო ჩხენკელი] ”გვყავს ორი მანქანა - ერთი სამოქალაქო და მეორე ”ჰამერის” ტიპის. როცა ხდება ”ტაუერებზე” [კოშკურები]და სგპ-ზე [საკონტროლო გამშვები პუნქტი] გასვლა, მაშინ გავდივართ ”ჰამერის” ტიპის ამბულანსით. დღესაც გვქონდა გამოძახება. არაბი იყო ავადმყოფი, ადგილობრივი მუშა ,და მეორე გამოძახება იყო მე-9 ’ტაუერზე’.”

ერაყის ქალაქ ალ-კუტთან მდებარე ”დელტას” ბაზა 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და მასზე დაახლოებით 4000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმყოფება. ამას ემატება ადგილობრივი არაბებიც, რომლებსაც ბაზის ხელმძღვანელობა სხვადასხვა დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ქირაობს. შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს საქმე ბაზის შიგნითაც თავზე საყრელად აქვთ. თუმცა ექიმი ნინო ჩხენკელი ამბობს, რომ ყველაზე უფრო საინტერესო და დაძაბულია ე.წ. ”სიმიკის” ოპერაციები, რომელიც ერაყელი მოსახლეობის სამხედრო-ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას ითვალისწინებს:

[ნინო ჩხენკელი] "'დელტას' ბაზის გარეთ გასვლა გვიწევს მაშინ, როდესაც ”სიმიკის” ოპერაციაა დაგეგმილი და იქაც სერიოზულ მონაწილეობას ვიღებთ, სხვათა შორის, ექიმები. არ არსებობს შემთხვევა ”სიმიკის” ჯგუფის ექიმების გარეშე და იქ კი მე სიხარულით დავდივარ. ვეხმარებით მოსახლეობას, ზოგჯერ ეს ხდება სკოლის ან საავადმყოფოს შენობაში. გააჩნია, სად მივდივართ, რომელი საპატრულო ბაზის ტერიტორიაზე. ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახებში მივსულვართ და იქ გაგვიწევია პირველადი დახმარება. მოდიან ყველანაირი სახის ავადმყოფები, მაგრამ ძირითადად არის დეფექტები. მაგრამ რაშიც ჩვენ ძირითადად ვეხმარებით, ეს არის სასუნთქი სისტემის დაავადებები და არის კიდევ დამწვრობები, ძალიან დიდი რაოდენობით.” (სტილი დაცულია)

ბავშვი, რომელიც ნინო ჩხენკელმა დაიფიცა, მისი ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც თბლისში მშობლებთან ცხოვრობს და რომელიც ქართველმა სამხედრო ექიმმა 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ნახა, როდესაც საქართველოში ერთკვირიანი შვებულებით გამოუშვეს. ნინო ჩხენკელი ამბობს, რომ მას შვილი ძალიან ენატრება, თუმცა, ცდილობს ეს მონატრება არ გამოამჟღავნოს და შვილი არ გაანებივროს ზედმეტი სატელეფონო ზარებით:

[ნინო ჩხენკელი] ”ერთი გოგო მყავს. თბილისში არის ამ წუთში. 13 წლის გოგოა და, სხვათა შორის, ის რომ მყავს ისეთი კარგი და მეუბნება, რომ დედიკო, შენ მანდ ჩემთვის ხარო, - ეს უკვე ჩემთვის ყველაფერია. მაგის გულისთვის ერაყში კი არა, იმის იქითაც რომ წამიყვანონ, წავალ. თუმცა ზოგჯერ კვირა ისე გავა, რომ არ დავეკონტაქტო. ეს იმიტომ, რომ ზოგჯერ არ მცალია, ხანდახან კი მე თვითონაც ვიკავებ თავს... საკმაოდ მკაცრი დედა ვარ. ჩვენ ხომ ქალები თითქმის აღარ ვართ. დედები მხოლოდ სახელად ვართ, თორემ ისე ჯარისკაცები ვართ.”

ლეიტენანტ ნინო ჩხენკელის გარდა, ”დელტას” ბაზაზე 50-მდე ქართველი ქალი მსახურობს. მათი უმრავლესობა საშტაბო და საკანცელარიო სამუშაოებს ასრულებს. წესით, სამხედრო მოსამსახურე ქალებიც ჩვეულებრივ კარვებში უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა ბრიგადის მეთაურობამ გამონაკლისი დაუშვა და ქალებს ბაზის სასტუმროში გამოუყო ოთახები. ბრიგადის მეთაურობას არ დავიწყებია არც დედის დღის აღნიშვნა, რასაც ერაყში მყოფი ქალები დღემდე სიხარულით იხსენებენ:

[ნინო ჩხენკელი] ”ძალიან კარგად. რესტორანში, სადაც ჩვენ ვსადილობთ, შეხვედრა მოგვიწყო ბრიგადის მმართველობამ. ძალიან კმაყოფილები ვიყავით. გაიშალა ჩვენთვის ცალკე ადგილზე სუფრა და ვიგრძენით [ყურადღება]. მარტო ქართველები ვიყავით. იქ სხვა არავინ არ იყო.” (სტილი დაცულია)

პირველი ქვეითი ბრიგადა, რომელიც კოალიციის შემადგენლობაში ერაყის მიწაზე იანვრიდან იმყოფება, გარკვეულწილად ”დაიჩაგრა”. საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წინამორბედი ქვედანაყოფებისაგან განსხვავებით, ბრიგადა ერაყში კიდევ 5 თვე დარჩება. ასეთ ინფორმაციას ქართველი მშვიდობისდამცველები არ აღუფრთოვანებია. განსაკუთრებით იმოქმედა მისიის გაგრძელებამ ქალებზე, რომელთა უმრავლესობას საქართველოში ოჯახები და შვილები ჰყავს. თუმცა სახიფათო სიტუაციამ და საომარ მდგომარეობაში ყოფნამ ერაყში იმდენად შეადუღაბა ქართველი ქალი და მამაკაცი სამხედროების მეგობრობა, რომ საჩივარი არავის დასცდენია. ლეიტენანტი ქალი ნინო ჩხენკელი იმასაც ამბობს, რომ საკუთარ მე-12 ბატალიონთან ერთად მზად არის ”ცხელ წერტილში” კიდევ ერთხელ წავიდეს სამშვიდობო მისიით:

[ნინო ჩხენკელი] ”ჩემ ბატალიონთან ერთად აბსოლუტურად ყველგან წავალ. ამას მე გულახდილად ვიძახი. დაწყებული ჩემი მეთაურიდან და დამთავრებული ბოლო ჯარისკაცამდე, უზომოდ მიყვარს ჩემი ბატალიონი - იმგვარადაც, რომ მირჩევნია ოჯახი მეორეხარისხოვნად მივიჩნიო, ვიდრე ჩემი სამსახური.” (სტილი დაცულია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG