Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩი ჰააგაში ექსტრადიციის დაყოვნებას ცდილობს, სერბიის მთავრობა - დანარჩენი ძებნილების შეპყრობას


ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბელგრადში დააპატიმრეს ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი,

გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რადოვან კარაჯიჩი, რომელიც თითქმის 13 წელიწადი ახერხებდა დამალვას. ახლა კარაჯიჩი ცდილობს თავიდან აიცილოს, ან დააყოვნოს მაინც ჰააგის ტრიბუნალისთვის ექსტრადიცია, რასაც მას სერბიის მთავრობა უპირებს - საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

სამშაბათს ბელგრადში ულტრანაციონალისტების საპროტესტო აქცია გაიმართება და რადოვან კარაჯიჩი, როგორც მისი ადვოკატის განცხადება ცხადჰყოფს, ცდილობს, მანამდე მაინც თავიდან აიცილოს ჰააგაში ექსტრადიცია. საამისოდ, ადვოკატის შეფასებით, მისმა კლიენტმა წარმატებული ტაქტიკა აირჩია.

ეს ტაქტიკაა ექსტრადიციის გასაჩივრება. შესაბამისი მიმართვა კარაჯიჩმა პარასკევს გააგზავნა ფოსტით და მისი მიღების შემდეგ სერბ მოსამართლეებს სამდღიან ვადაში მოუწევთ, დააკმაყოფილონ ან უარყონ კარაჯიჩის მოთხოვნა მისი სერბიაში დატოვების შესახებ.

როგორც უნდა იყოს, სერბიის პრემიერ-მინისტრ მირკო ცვეტკოვიჩის განცხადებით, დაყოვნების ტაქტიკა დიდხანს ვერ იმუშავებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გასული კვირის მიწურულს ავსტრიაში ვიზიტისას უთხრა ჟურნალისტებს, სერბიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

[ცვეტკოვიჩის ხმა] “კარაჯიჩის დაპატიმრების ფაქტით გარკვეულწილად უკვე დამტკიცდა ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის ნება. და ჩვენ გვჯერა, რომ ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ვაღიარებთ საერთაშორისო სამართალს”.

პრემიერ-მინისტრმა ცვეტკოვიჩმა ავსტრიაში განაცხადა აგრეთვე, რომ სერბია არ მოელის რაიმე ჯილდოს კარაჯიჩის დაპატიმრების სანაცვლოდ, მაგრამ იმედი აქვს, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზომებს, გათვალისწინებულს სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომელიც გასულ წელს გააფორმა სერბიასთან და რომელიც ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს ორ მხარეს შორის პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობისთვის - ევროკავშირში სერბიის გაწევრიანებამდე.

თუმცა, ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი - სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე - სერბიისაგან მეტს მოითხოვს: კერძოდ, სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი დანარჩენი ძებნილების დაპატიმრებასაც. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება გენერალ რატკო მლადიჩს, რომლისთვის წაყენებული ბრალდებებიც, ისევე როგორც კარაჯიჩის შემთხვევაში, უკავშირდება გასული საუკუნის 90-ან წლებში, ბოსნიის ომში შესრულებულ როლს.

სერბიის პრემიერ-მინისტრი, მირკო ცვეტკოვიჩი ირწმუნება, რომ ბელგრადი უკან არ დაიხევს არც ერთი ბრალდებულის დაკავებაზე. [ცვეტკოვიჩის ხმა] “კარაჯიჩია ნომერი პირველი და თუ ნომერი პირველის დაპატიმრებით ჩვენი ნება გამოვხატეთ, რა აზრი აქვს, რომ იგივე არ გავაკეთოთ მეორე ნომრის, ან მეშვიდე ნომრის ან კიდევ ვინმეს შემთხვევაში?”

რაც შეეხება ისევ ტაქტიკას, რომელსაც კარაჯიჩი მიმართავს ჰააგაში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად, ან დასაყოვნებლად მაინც, მოსალოდნელია, რომ სერბი მოსამართლეები არ დააკმაყოფილებენ კარაჯიჩის საჩივარს, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრო ხელს მოაწერს დოკუმენტს მისი ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის შესახებ.
XS
SM
MD
LG