Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაქტი და აგიტაცია


იმ დროს, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ რეპრესიებს ელოდა, ტერორი და მუქარა გაზეთ ”ბათუმელების“ წინააღმდეგ განხორციელდა.



2008 წლის ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების და, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაციის შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი ტელევიზია „კავკასიას“ დახურვას უწინასწარმეტყველებდა, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ტელევიზია არათუ შეუფერხებლად მუშაობდა, არამედ მისი რეიტინგიც და შემოსავალიც ნაბიჯ–ნაბიჯ იზრდებოდა. მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასაუბრება იმ ბიზნესმენებთან, რომელთა რეკლამის ხარჯზე ძლიერდებოდა ტელეკომპანია. როგორც „კავკასიის“ ხელმძღვანელები ამბობენ, ამგვარი გასაუბრებების შემდეგ შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ მაუწყებლობა არ შეფერხებულა.

გაცილებით სერიოზული დარტყმა სულ სხვა მიმართულებით განხორციელდა. ბოლო დღეების განმავლობაში გაზეთ ”ბათუმელების“ ელექტრონულ ფოსტაში ორი მუქარის წერილი შევიდა. წერილის ავტორმა ერთ–ერთი მუქარა იქვე შეასრულა და გაზეთის ვებგვერდი დააზიანა, რამდენიმე დღით ადრე კი ორჯერ მანქანით გამოედევნენ ჯერ გაზეთის მთავარ რედაქტორს, შემდეგ – ერთ–ერთ ჟურნალისტს.

ვიღაცას რომ გაზეთში მომუშავე გუნდის შეშინება აქვს გადაწყვეტილი, უეჭველია. საკითხავი ისღაა, ეს არის ადამიანი, რომელსაც რომელიმე კონკრეტულმა მასალამ აღუძრა ჟურნალისტების დაშინების სურვილი, თუ ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის ერთ–ერთ საუკეთესო გაზეთს საქართველოში – ებრძვის თავისუფალი აზროვნების დამკვიდრებისა და სიმართლის გავრცელების კუნძულს.

ჯერჯერობით ისე გამოდის, რომ შედარებით რბილი მეთოდებით უსწორდებიან ტელევიზიას, რომელიც არ მალავს, რომ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და რომლის ეთერში ფაქტზე მეტად აგიტაცია ფასობს. სამაგიეროდ, მეტად უხეში მეთოდებით ებრძვიან გაზეთს, რომელიც განუხრელად ამკვიდრებს ლიბერალურ ღირებულებებს და სტანდარტებს, აგრეთვე, უკიდურესად მწვავე – თუმცა, დასაბუთებულ – ფაქტებსაც უყოყმანოდ ბეჭდავს.

მშვიდობიანი რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლება მასმედიის მთავარ ფუნქციად საზოგადოების ინფორმირებას კი არ მიიჩნევს, არამედ – საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ამიტომ ბოლოხანს საერთო ეროვნულ ტელევიზიებში ორი ტენდენცია გაჩნდა. ჯერ ერთი, მაქსიმალურად მცირდება დისკუსია, განსაკუთრებით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე; მეორეც, ფაქტები იმგვარად მიეწოდება მაყურებელს, როგორც ხელისუფლებისთვის მისაღები და მოსაწონია. გამოდის, აგიტაციის ფუნქციას უკვე კომენტარი ან მოსაზრება კი არ ასრულებს, არამედ – ფაქტი.

ამ პირობებში ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი არის და იქნება ფაქტი და არა ვინმეს გაბმული ცალმხრივი კომენტარი ან მოსაზრება. ამიტომ, ვიდრე ტელეკომპანია „კავკასია“ კრიტიკული კომენტარებისა და ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმის ადგილია, შესაძლოა, ხელისუფლება მასში სერიოზულ საფრთხეს არც ხედავდეს. მაგრამ თუ „კავკასია“ საინფორმაციო პროგრამას გააძლიერებს და მაყურებელს სწორედ ამ პროგრამით მიიზიდავს, მის მიმართ წნეხიც ადეკვატურად გაიზრდება, რადგან შიშველი აგიტაცია ნაკლებად საშიშია, მეტად საშიშია მიუკერძოებელი ფაქტი.

ეს მსჯელობა, შესაძლოა, დაუსაბუთებლად ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაზეთ ”ბათუმელებს“ არ კითხულობენ, მაგრამ ყოველდღე უყურებენ სტუდია „სპექტრს“. თბილისის მოსახლეობამ ზეპირად იცის, ვინ რას ამბობს „კავკასიის“ ეთერში, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ წაუკითხავს თუნდაც მიმდინარე წლის 30 იანვარს გაზეთ ”ბათუმელებში“ გამოქვეყნებული მასალა, სათაურით: „გაუპატიურებაში ბრალდებული კუდ–ის გამომძიებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს“, და ქვესათაურით: „დაზარალებულის თქმით, მოძალადე მერაბიშვილისა და ახალაიას გარემოცვიდანაა“. სტატიაში მოთხრობილია, რომ ბათუმის სასამართლომ 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლოდან გაათავისუფლა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი და გამომძიებელი გიორგი ჩიქოვანი. მას ბრალი ედებოდა ახალგაზრდა გოგონას განსაკუთრებული სისასტიკით ცემასა და გაუპატიურებაში. გაზეთი, ანონიმურობის დაცვით, პირველ გვერდზე ბეჭდავს ნაწამები გოგონას ფოტოს, სტატიაში კი შავით თეთრზე წერია, რომ ჩიქოვანმა დანაშაული აღიარა და მოინანია, რის სანაცვლოდაც თავისუფლება მიიღო.

აი, ამ გაზეთს ემუქრებიან და ატერორებენ. რა არის ეს? შემთხვევითობა თუ ფაქტებთან მიზანმიმართული ბრძოლა? ახირება თუ თავისუფალი სიტყვის დევნა? ამ კითხვას პასუხი იმის მიხედვით გაეცემა, რამდენად გულისხმიერად მოეკიდება სახელმწიფო გაზეთ ”ბათუმელების“ პრობლემას.







XS
SM
MD
LG