Accessibility links

logo-print

პროკურატურა ლეიბორისტული პარტიის წევრებს ფულის გათეთრების გამო ედავება


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოთხ თანაპარტიელთან ერთად უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში, ანუ ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.


გამოძიების მასალების მიხედვით, ლაპარაკია 100 ათას დოლარზე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, გასული წლის შემოდგომაზე ლეიბორისტული პარტიის წევრებს ისრაელის მოქალაქემ და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილმა ბიზნეს პარტნიორმა ანატოლი მოტკინმა გადაურიცხა. გენერალურ პროკურატურაში ეჭვობენ, რომ საქმე აქვთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომლის ერთი წევრი და ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი არჩილ ბენიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 25 ივლისს დააკავა, თუმცა შალვა ნათელაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე დახმარებისათვის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

შალვა ნათელაშვილისა და ანატოლი მოტკინის სატელეფონო ჩანაწერის შინაარსი საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-მა 27 ივლისს გაავრცელა. სააგენტოს განმარტებით, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ფულის გადარიცხვაზე მინიშნებით ლაპარაკობდნენ. კერძოდ, შალვა ნათელაშვილს უთქვამს, რომ ბავშვებისთვის ჰარი პოტერის წიგნები სჭირდება, სულ თხუთმეტი ცალი, მაგრამ იქვე განუმარტავს, რვაზე მეტი არ შეიძლებაო.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „სხვათა შორის, ჰარი პოტერისა და კომპიუტერების შესახებ დღეში ერთი სამი-ოთხი საუბარი მაინც მაქვს, იმიტომ რომ ბავშვები მთხოვენ, მაგრამ ვინმე მოტკინთან ამ საკითხზე არ მილაპარაკია.“

საწინააღმდეგოს ამტკიცებს გამოძიება, რომლის ინფორმაციითაც, სწორედ მოტკინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის წევრებმა და, მათ შორის, ბრალდებულმა არჩილ ბენიძემ საქართველოს ბანკში გახსნეს რვა ანგარიში, სადაც მოგვიანებით 15-15 ათასი დოლარი ჩაირიცხა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ირაკლი კობიძის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელსაც უშუალოდ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობს, თუმცა შალვა ნათელაშვილი, თავის მხრივ, პროკურორ ბენიძის ვარაუდის მიღმა ხელისუფლების სულ სხვა გათვლას ხედავს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ამათ ასეთი გათვლა ჰქონდათ, რომ მე გავიქცეოდი ქვეყნიდან, ანუ ოქრუაშვილის ვარიანტი. მერე წითელი ცირკულარით გამოაცხადებდნენ ინტერპოლით ჩემ ძებნას და არასოდეს არ შემომიშვებდნენ ქვეყანაში. გაგიგიათ, რომ დანაშაულის ორგანიზატორი დარბაზში იჯდეს და რიგით თანამონაწილეს იჭერდნენ?“(სტილი დაცულია)

რიგით თანამონაწილეში შალვა ნათელაშვილი გულისხმობდა თანაპარტიელ არჩილ ბენიძეს, რომლის ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი კანონის დაცვით მოქმედებდა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში საბანკო ანგარიში შემოწირულობების მისაღებად გახსნა:

[თამარ აბესაძის ხმა] „ჩათვალა, რომ ეს იყო შემოწირულობა, რაც შემდგომ ფონდში აჩვენა. 15 ათასი დოლარი მონიტორინგს არ ექვემდებარება. არჩილ ბენიძემ არ იცოდა, რომ იმ დროისთვის, როცა თანხა დაერიცხა, პარტიის სამი სხვა წევრიც, რომელებიც ახლა იძებნებიან, იგივე საბანკო ოპერაციებს ახორციელებდნენ. ეს იყო უცნობი. ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს 15 ათასი ეჩვენებინა მონიტორინგისთვის. ეს შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ არამოთანამშრომლე ზონაში რეგისტრირებული კომპანია ლეიბორისტული პარტიის ოთხ წევრს დანაწევრებულად 15-15 ათას დოლარს ურიცხავდა. ეს ყველაფერი მერე დადგინდა, თორემ მაშინ არ იცოდნენ რაში იყო საქმე.“(სტილი დაცულია)

ადვოკატი ამბობს, რომ არჩილ ბენიძე დუმილის უფლებას იყენებს და პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მან პარტიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარებისათვის სერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ვთხოვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სასწრაფოდ შექმნას საგამოძიებო კომისია იმ ცრუ ბრალდებებზე, რასაც გვიყენებს ხელისუფლება და მთლიანად სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობის გამოსაძიებლად. დაბოლოს: დაუყოვნებლივ დაიწყოს საგანგებო მზადება მასობრივი საპროტესტო აქციების მოსამზადებლად ტერორისტული რეჟიმის შეცვლის მიზნით.“(სტილი დაცულია)



XS
SM
MD
LG