Accessibility links

logo-print

ბერლინში ივლისის ბოლოსთვის დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართება... საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეხვედრა რუსეთმა და, მასთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაშალა


გერმანიის ინიციატივით ბერლინში დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც, შეხვედრის ინიციატორების სურვილით, საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს



უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ჩაიშალა.. ივლისის ბოლო დღეებში ის აღარ გაიმართება. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეხვედრა რუსეთმა ჩაშალა... აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში კი ირწმუნებიან, რომ ბერლინის შეთავაზებაზე უარი არ უთქვამთ.. სერგეი შამბას განცხადებით, გაეროს მეგობართა ჯგუფის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას სოხუმი არ უარობს - უბრალოდ, სოხუმში ხელს არ აძლევდათ ის თარიღი, რომელიც ამ შეხვედრისთვის განისაზღვრა..


ბერლინში შეხვედრა 30-31 ივლისს იგეგმებოდა... უკვე დაზუსტებული იყო საქართველოს მხრიდან ვის უნდა მიეღო მონაწილეობა მოლაპარაკებაში აფხაზეთის პრობლემის მოსაწესრიგებლად გერმანიის მიერ შემუშავებულ ცნობილ სამეტაპიან გეგმასთან დაკავშირებით. მაგრამ შეხვედრა 30-31 ივლისს აღარ გაიმართება. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა.


შეგახსენებთ: სწორედ ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე სოხუმის დაყოლიების მიზნით ჩავიდნენ გასულ კვირაში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საქართველოში გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა... სოხუმში წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ გერმანია მიესალმა აფხაზეთის მზადყოფნას საქართველოსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.. ”ეს კარგი სიგნალია”, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.. პრინციპული თანხმობის შემდეგ შეხვედრის თარიღი უნდა განსაზღვრულიყო.. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავდა, რომ საჭირო იყო მუშაობა მხარეებისთვის მისაღები თარიღის დასაზუსტებლად..


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მისთვის სასურველი თარიღის დასახელებას სამშაბათს, 29 ივლისს, გეგმავს. ამის შესახებ რადიო ”თავისუფლებას” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ უთხრა.,.. საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ შეხვედრა 30-31 ივლისს იგეგმებოდა, მაგრამ ჩაიშალა, რადგან, რუსეთის კარნახით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე... განმარტებები ასეთია:

[სერგეი შამბას ხმა] ”ლაპარაკი რაზეა, ჩვენ ბერლინში მიგვიწვიეს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე.. ეს არ არის ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე დავთანხმდით და ხვალ უნდა დავასახელოთ ჩვენთვის სასურველი თარიღი. თარიღი, რომელიც შემოგვთავაზეს, ჩვენ ხელს არ გვაძლევდა. ”

ეს იყო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა... მან თქვა, რომ სოხუმისთვის მიუღებელი იყო შეთავაზებული თარიღი - შეხვედრა ბერლინში ივლისის ბოლო დღეებში.სერგეი შამბას ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა, რა მიზეზით იყო მიუღებელი დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ბერლინში შეხვედრა 30-31 ივლისს, რამდენად გეგმავდა და გეგმავს დე ფაქტო ხელისუფლება ბერლინის შეხვედრამდე კონსულტაციებს მოსკოვში... ” არა, მოსკოვში შეხვედრებს ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ”, - გვიპასუხა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ერთგვარი პრობლემა შექმნა თარიღმა, თორემ დე ფაქტო ხელისუფლებას მეგობართა ჯგუფის ფორმატის მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა ნათქვამი აქვს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე არ მიუწვევიათ:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”შამბა არსად არ მიდის, შეხვედრა უნდა გამართულიყო რამდენიმე დღეში.. აფხაზებმა თქვეს უარი ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო. ეს არ იყო გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა. ეს იყო შეხვედრა გერმანულ მხარესთან, რომელსაც ჰქონდა თავისი წინადადებები წარმოდგენილი, და ამ შეხვედრას უნდა მოჰყოლოდა გაეროს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრა.. ”

ივლისის ბოლოსთვის დაგეგმილი ეს ღონისძიებები ჩაიშალა... რა იქნება აგვისტოში, ვნახოთ.. დე ფაქტო ხელისუფლება უარს ამბობს მოლაპარაკებებზე მანამ, სანამ ზემო აფხაზეთს არ დატოვებენ საქართველოს საპოლიციო ძალები.. სოხუმის ამ მოთხოვნას მხარს უჭერს მოსკოვი... ოფიციალურ თბილისს კი ზემო აფხაზეთიდან საპოლიციო ძალების გაყვანა მხოლოდ დიდი გარიგების შემთხვევაში მიაჩნია დასაშვებად, დიდ გარიგებაში კი კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა და მათ ადგილას საერთაშორისო საპოლიციო კონტინგენტის განთავსება იგულისხმება. ამდენად, შედგება თუ არა დიალოგი გერმანიის სამეტაპიანი გეგმის გარშემო, გაურკვეველია. სერგეი შამბა აცხადებს, რომ სოხუმისთვის მიუღებელია გეგმის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის სტატუსის განხილვას ითვალისწინებს. ”სტატუსზე მსჯელობას არ ვაპირებთ”, - თქვა მან ორშაბათს ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება არ არის და არც ყოფილა წინააღმდეგი დევნილთა დაბრუნების საკითხზე მსჯელობისა... პირველ ეტაპზე - გალის რაიონში .

შეგახსენებთ: დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთან საუბრისას არაერთხელ გამოურიცხავთ დევნილების დაბრუნების ახალი ტალღა გალის რაიონის იქით... მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ არ დაუშვებენ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ისევ ქართველები იყვნენ.
XS
SM
MD
LG