Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”ყოვლისმომცველი გადასინჯვა” - ასეთია გაზეთ ”24 საათის” პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური.


მასში საუბარია გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის შუალედურ მოხსენებაზე, რომლითაც, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მოსკოვმა საერთაშორისო ფრონტზე ”კიდევ ერთი დარტყმა მიიღო”. გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში შეფასებულია კონფლიქტის ზონაში, კერძოდ - აფხაზეთში, 2 აპრილიდან 14 ივლისის ჩათვლით განვითარებული მოვლენები. მოხსენებაში პირდაპირ არის მითითებული დაძაბულობის გამწვავების მიზეზები, რომლებიც რუსეთს უკავშირდება. საუბარია მოსკოვის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 1996 წლის გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების რეჟიმიდან გამოსვლასა და სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირი და მრავალმხივი კონტაქტების დამყარებას უკავშირდება. აქვე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში აფხაზეთში დამატებით შევიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სადესანტო და სარკინიგზო ნაწილები, რომელთა გაყვანასაც ქართული მხარე დაუყოვნებლივ ითხოვდა.

გაეროს გენერალური მდივნის აზრით, მარტში დაწყებულ მოვლენათა სერიის შედეგად, ურთიერთობები ქართულ, აფხაზურ მხარეებსა და რუს სამშვიდობოებს შორის მიუახლოვდა ფართომასშტაბიანი კონფრონტაციის ზღვარს. ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს ბან კი-მუნი კოორდინირებულ საერთაშორისო ძალისხმევაში ხედავს. ”სწორედ ამ მიზნით ამჟამად ხორციელდება სამშვიდობო პროცესის შეფასება, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განხორციელდება ქართული მხარის მიერ ინიცირებული სამშვიდობო პროცესის ყოვლისმომცველი გადასინჯვა,” - ვკითხულობთ დღევანდელ ”24 საათში”.

გაზეთი ”მთელი კვირა” კი ინტერესდება, თუ ვინ აფეთქებს ნაღმებს ცხინვალის რეგიონში და მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს მამუკა არეშიძესთან. პოლიტოლოგი აფეთქებების უკან ხედავს ბრძოლას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო თანხებისთვის, რაც, მისი ინფორმაციით, დაახლოებით მილიარდ-ნახევარ რუბლს შეადგენს. აქედან მხოლოდ 50 მილიონი რუბლია ადგილობრივი წარმოშობის, ხოლო დანარჩენი თანხა რუსეთის წყალობაა.

კრიმინალური გარჩევებისა და პოლიტიკურ მეტოქეთა ჩამოშორების მიზნით მოწყობილი აფეთქებების გვერდით, მამუკა არეშიძე ხედავს ”აფეთქებებს აფეთქებების გამო”. ექსპერტის მოსაზრებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თვითაღიარებულ პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის სწორედ ამ გზით სურს მეტი ყურადება მიიპყროს რუსეთისგან. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ სხვა შემთხვევაში კოკოითი ”ვერც დახმარებას მიიღებს და არც არავინ დაეყრდნობა მას”. თუმცა, როგორც ჩანს, დე ფაქტო პრეზიდენტის რეჟიმს უკვე ზედმეტიც კი მოსდის, რადგანაც, ”რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში არსებული დაძაბულობა მათთვის უკვე მოსაბეზრებელი გახდა”, - აღნიშნავს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გაზეთ ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”გაერთიანებული ოპოზიცია სერიოზულ შეცდომებს უშვებს” - ეს უკვე გაზეთ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურია. რესპონდენტის - ”ეროვნული ფორუმის” წევრის ირაკლი მელაშვილის -აზრით, ”ძალიან ბევრმა პარტიამ, რომელმაც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ პარტიული რესურსი ძალიან არასაკმარისია, განსაკუთრებით რაიონებში. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ, უბრალოდ, გაყიდა თავისი პარტიის ლიდერი.” მელაშვილის დაკვირვებით, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები არათუ ზეწოლას ვერ უძლებდნენ, არამედ თითქოს მზად იყვნენ პირველსავე შეთავაზებაზე გაეყიდათ პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია. ”აქედან გამომდინარე, პარტიებმა საკუთარ რესურსებს უნდა გადახედონ,” - აღნიშნავს ”ეროვნული ფორუმის” წევრი გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბრისას. ირაკლი მელაშვილს მიაჩნია, რომ უკვე დაშვებული შეცდომების გაანალიზების გარეშე ოპოზიციის მომავალი გაერთიანება წარუმატებელი იქნება.



XS
SM
MD
LG