Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


რამდენად რეალურია საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხე და ვის ინტერესებში შედის ომის გაჩაღება?

- ამ შეკითხვებს გაზეთი ”24 საათი” სვამს და მკითხველს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებებს სთავაზობს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ”შეიარაღებული კონფლიქტი არა, მაგრამ დუღილის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში შედის. ეს შედის რუსეთის ინტერესებშიც.”

მიუხედავად იმისა, რომ ომი საქართველოს ინტერესებში არ შედის, ”ახალი მემარჯვენე” ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილს სწორედ საომარი მოქმედებები ესახება სასურველი შედეგისა და გარდატეხის მიღწევის შესაძლებლობად. ”არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მათ ჰყავთ წამქეზებლებიც, მათ შორის რუსულ და სხვა წრეებშიც, ისევე როგორც ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. რა მივიღეთ ამის შედეგად, ყველამ ვიცით”, - აღნიშნავს ფიქრია ჩიხრაძე ”24 საათისთვის” გაკეთებულ კომენტარში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად სარისკოა ქვეყნისთვის საომარ მოქმედებებში ჩართვა. საომარი მოქმედებების დაწყების სურვილს ის მხოლოდ რუსეთის ქმედებებში ხედავს.

პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყება არც რუსეთის ინტერესში შედის, რადგანაც, შესაძლოა, რუსეთმა მერე ვეღარ მოახერხოს კონფლიქტის მართვა და ასეთ შემთხვევაში ცეცხლი, შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაზეც გავრცელდეს. თუკი ეს ასე მოხდება, მაშინ, ექსპერტის აზრით, სიტუაციის განმუხტვა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე ვეღარ მოხერხდება, რაც რუსეთს ნამდვილად არ აძლევს ხელს. ”ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთმა სცადოს საქართველოს ჩათრევა იმ ტიპის სამხედრო კონფლიქტში, რომლის მართვასაც იგი შეძლებს”, - აღნიშნავს გაზეთ ”24 საათთან” საუბრისას პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე.

გაზეთი ”რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინადადებაზე - რეგიონში შეიქმნას თავისუფალი ოფშორული ზონა. ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში იხსენებს, რომ ”სპეციალური ეკონომიკური ზონების იდეა კოკოითს თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ შესთავაზა.” ”თავად იდეა ძალიან საინტერესოა, ვგულისხმობ სპეციალური ზონების გამოყენებას კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოწესრიგებისთვის”, - აღნიშნავს ლაშა ტუღუში და იმედოვნებს, რომ ”საქართველოს ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ხელი შეუწყოს სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას დეპრესიულ რაიონებში.” იმავე პუბლიკაციაში ვკითხულობთ ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილის კომენტარსაც. ის დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური ზონის შექმნა ”მოსახლეობის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.” მით უმეტეს, რომ ხუხაშვილი ვერ ხედავს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურად გაძლიერებულ, დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების საფრთხეს.

”ენგურის ხიდი რამდენიმე დღეში გაიხსნება”, - ვარაუდობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია, რომელთან ინტერვიუსაც დღევანდელი ”ახალი თაობა” ბეჭდავს. პირობითი საზღვრის გახსნის დამატებით სტიმულად მჟავია მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ ბრაიზას ვიზიტს სოხუმში და წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ აფხაზურ და ქართულ წარმომადგენლობებს შორის დიალოგი ორმხრივ ფორმატში უნდა გაიმართოს. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია კვლავაც იმეორებს მოთხოვნას, რომელიც გალის რაიონზე საგანგებო საერთაშორისო კონტროლის დაწესებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG