Accessibility links

logo-print

რა არის მენინგოკოქცემია


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში

საქართველოს მასშტაბით თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთების, ანუ მენინგიტის, 47 შემთხვევა აღირიცხა. მედიკოსთა განმარტებით, ბაქტერიულ მენინგიტებს შორის ყველაზე ხშირად მენინგოკოკური მენინგიტი გვხვდება. უკანასკნელი წლების სტატისტიკის მიხედვით, წელიწადში საშუალოდ 70 შემთხვევა აღირიცხება. დაავადების ინფექციური ბუნების მიუხედავად, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებას განგაშის საფუძველი არა აქვს, თუმცა ცნობამ იმის შესახებ, რომ თბილისის ინფექციური პათოლოგიების ცენტრში მენინგოკოქცემიით დაავადებული 11 თვის ბავშვია მოთავსებული, ბევრი მოქალაქე შეაშფოთა. რა არის მენინგოკოქცემია და ხომ არ არსებობს ინფექციის მასშტაბური გავრცელების საშიშროება?


11 თვის ბავშვი მენინგოკოქცემიის შედეგად განვითარებული ტოქსიკური შოკით თბილისის ინფექციური პათოლოგიების ცენტრში 28 ივლისს, შუადღისას, მიიყვანეს. ინფექციონისტ მარინა ეფრემიძის განმარტებით, დაავადებულს დედაქალაქში გადაყვანამდე რუსთავში მკურნალობდნენ:

[მარინა ეფრემიძის ხმა] „მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დღეს გამოეხატა კანზე სისხლჩაქცევები, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად არის სახის არეში და ეს დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს.“

დაავადების სიმძიმე არ გამორჩენიათ არც რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რომლის მთავარი ექიმი, ნატო თოფურია, ამბობს, რომ დაბალი სიცხეებით ბავშვი 21 ივლისიდან ავადმყოფობდა, თუმცა მშობლებმა საავადმყოფოში მისი მიყვანა მხოლოდ 28 ივლისს გადაწყვიტეს:

[ნატო თოფურიას ხმა] „გუშინ შემოიყვანეს 13 საათსა და 10 წუთზე. საათი და 40 წუთი დაყო ჩვენთან. 14 საათსა და 50 წუთზე გადავიყვანეთ თბილისში. მაღალი სიცხე 38,5, ძილიანობა და სხვა მენინგიალური ნიშნები ჰქონდა გამოხატული...“

მენინგიალურ ნიშნებში რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი სისხლჩაქცევებს გულისხმობს, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე ამბობს, დაავადების გამოვლენა უფრო ადრეულ ეტაპზეცაა შესაძლებელი:

[პაატა იმნაძის ხმა] „მშობლებისთვის არის პირველი რეკომენდაცია, რომ თუ ბავშვს თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო თუ მუცელზე ან კიდურებზე სისხლჩაქცევები აქვს, მაშინ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.“(სტილი დაცულია)

პაატა იმნაძის თქმით, მენინგოკოქცემიის დროს ადამიანის სისხლი მენინგოკოკური მიკრობით იწამლება, რაც, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, როგორც წესი, სავალალო შედეგით სრულდება. არადა, მედიკოსების განმარტებით, დაავადების გამომწვევი მენინგოკოკი გარემოში ნაკლებად გამძლეა და ის სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით ადვილად იღუპება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ დაავადების ძირითადი გადამტანი ადამიანის ორგანიზმია:

[პაატა იმნაძის ხმა] „საუბედუროდ, პრევენცია ძნელია, იმიტომ რომ მენინგოკოკს ახასიათებს მტარებლობა. ასი კაციდან ერთი არის მატარებელი, მაგრამ 1000 მატარებლიდან 990 ვერც იგრძნობს, ერთი სამი კვირა ისე ატარებს. 10-დან 9-ს ყელი ეტკინება და მხოლოდ ერთი დაავადდება მენინგოკოქცემიით. ის ერთი რომელი იქნება, ამას ვერავინ გამოთვლის.“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ზაფხულში მენინგოკოქცემიის მასშტაბური გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე დამამშვიდებელ განცხადებას აკეთებს რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომლის თქმითაც, 2008 წელს დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევა აღირიცხა. რაც შეეხება 11 თვის ბავშვის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით პაატა იმნაძე ამბობს:

[პაატა იმნაძის ხმა] „მძიმეა, მაგრამ, ვფიქრობ, გამოძვრება.“


XS
SM
MD
LG