Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოპოზიციას ბადრის ცოდვებმა უწია!” - ასეთ სათაურს ნახავთ ”ვერსიის” პირველ


”ოპოზიციას ბადრის ცოდვებმა უწია!” - ასეთ სათაურს ნახავთ ”ვერსიის” პირველ გვერდზე”.

გაზეთი წერს: ”ოპოზიციას აქ მიშა არ მოასვენებს, იმ ქვეყნიდან კიდევ ბადრი. სხვა ”ვალუტაში” მოუწევთ მასთან ანგარიშსწორება იმ საქციელის გამო, რაც ჩაიდინეს - კოდუას ჩანაწერების გამჟღავნების მერე რომ უგანეს და ამ გაწირვით მოკლეს მორალურად. ისე დაიჭირეს თავი, თითქოსდა, მასთან არც ფინანსური კავშირი ჰქონიათ, არც - პოლიტიკური. გეგონება, ის დემონსტრაციები მე ჩავიბარე... ანდა ბადრის რამე ისეთი ექნას, რაც მათ არ გაუფიქრიათ. ხელისუფლება კარგა ხანია, ბადრის ფინანსების მიმოქცევაზეა მიყურადებული და ცდილობს გაშიფროს ვისთან და რამდენი მიდიოდა. მანამდე კი ბადრის ”პადელნიკს” მიადგა.” - ეს იყო ნაწყვეტი ”ვერსიის” პუბლიკაციიდან.

”ხელისუფლების მიზანი ლეობორისტული პარტიის დაშლაა” - ”ახალი თაობა” ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. შატბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პარტიის სახელის შელახვას ცდილობს და სურს პარტია შიგნიდან დაშალოს. ”აი, შეხედეთ”, - ამბობს შატბერაშვილი, - ”მაინცდამაინც ამ ოთხის გადარიცხვით დაინტერესდნენ, დანარჩენების გადარიცხვებით არ დაინტერესებულან. რაც მთავარია, შალვა ნათელაშვილს აცხადებენ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად და მას დაკითხვაზეც არ იბარებენ, სრულიად უდანაშაულო არჩილ ბენიძე კი ციხეშია. აი, ამაზეა გათვლილი მთელი ეს ქმედება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დადგმულია”, - ამბობს სოსო შატბერაშვილი.

”ერაყში ქართული ჯარების შემცირება არ მოხდება” - ასეთი სათაურით ქვეყნდება ”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია, რომლის ავტორიც წერს: ”ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს საქართველო ამ წლის ბოლომდე ერაყში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას (300-მდე) ან საერთოდ გამოყვანას აპირებდა.” ავტორის თანახმად, ”რეზონანსის” მიერ გამოკითხული ყველა ექსპერტი ადასტურებს, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა. ”სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურის განცხადებით, ერაყში ქართული კონტინგენტის რაოდენობის შენარჩუნება აშშ-ის თხოვნით მოხდა. გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას განუმარტოს რატომ შეცვალა გადაწყვეტილება”, - წერს ”რეზონანსი”.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ, რომ ”დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ობიექტების პრივატიზაციის შესახებ ”ზეპირი განცხადება” პრეზიდენტმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დევნილებთან ერთ-ერთი შეხვედრისას, გააკეთა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა მოიგო კიდეც ამ ხალხის გული: დევნილებს საცხოვრებელი ფართი მუდმივ მფლობელობაში პრივატიზაციის საფუძველზე უნდა გადასცემოდათ. თავის დროზე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არჩევანიც გააკეთეს და მოთმინებით დაელოდნენ მათთვის სასურველი კანონპროექტის მიღებას. არჩევნები კარგა ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ პრივატიზაციის პროცესის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”24 საათი” ეკონომიკის ლიბერალიზაციის ხელშემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებზე წერს. ”ეკონომიკური ლიბერალიზაციის გაგრძელების კუთხით, ცნობილ კანონპროექტთა პაკეტს (”საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ” და სხვ.) იქით მთავრობას ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს. რაც შეეხება ამ პაკეტს, ეს კონცეფცია უფროა (ამ ეტაპზე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გაგრძელება არ დაწყებულა), აცხადებენ ექსპერტები. ისინი ზოგადად შეთანხმდნენ, რომ მძაფრი პოლიტიკური მოვლენების შემდგომ ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება საერთაშორისო ლეგიტიმაცია და საერთაშორისო წრეების აღიარება, რაც, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით უნდა მოიპოვოს, როგორც სოციალური, ასევე წმინდა ეკონომიკური შედეგებით. ნოემბრის მოვლენებმა ხელისუფლების პრიორიტეტებზე იმოქმედა. ხალხის კოლექტიურმა უკმაყოფილებამ გავლენა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ კურსზეც იქონია”, - წერს ”24 საათი”. პუბლიკაციაში წაიკითხავთ აგრეთვე, რომ მთავარ პრობლემად ინვესტორებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადი რჩება. ”გარდა ამისა, - წერს ავტორი - ბიზნესმენები სისტემატურად საუბრობენ კანონთა განმარტებებზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და მეწარმისთვის ბევრად უფრო შემაფერხებელი ბარიერია, ვიდრე თავად გადასახადის ოდენობა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG