Accessibility links

14 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციათა დეკლარაცია


არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს, დაიცვას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები,

რომელიც შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრულ მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას,– ნათქვამია 14 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციაში, რომელიც 21–22 ივლისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ეუთოს წევრი ქვეყნების ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეხვედრაზე მიიღეს. საქართველოდან დეკლარაციას ხელს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აწერს.

დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები, – გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სანდოობა, - ვენაში მიღებული დეკლარაციის თანახმად ხშირადაა იგნორირებული ცალკეული სახელმწიფოების მიერ. ამ სახელმწიფოთა რიგში იგულისხმება საქართველოც, რომელსაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების სემინარზე, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსლის წევრი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წარმოადგენდა. ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ეკა სირაძე–დელონეს სწორედ იმ აქცენტების ჩამოთვლა ვთხოვეთ, რომლითაც იგი სემინარზე წარდგა:

[ეკა სირაძე–დელონეს ხმა]“ ამ შემთხვევაში ჩვენ დავაფიქსირეთ და ვისაუბრეთ და ჩვენს ანგარიშშიც ეს დეტალურად იქნება, ზეწოლა ამომრჩეველზე, ზეწოლა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, ზეწოლა ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებზე, რომელიც დაფიქსირდა ჩვენი მონიტორინგის შედეგად. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება არჩევნების დღე. არჩევნების დღემ, ფაქტიურად, საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ჩვენ ვსაუბრობთ წინასაარჩევნო გარემოზე და რამდენად განსაზღვრა წინასაარჩევნო გარემომ არჩევნების დღის შედეგი.“(სტილი დაცულია)

ეკა სირაძე-დელონე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობს. მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგის საბოლოო დოკუმენტს გამოაქვეყნებს. რაც შეეხება 14 ქვეყნის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დეკლარაციას,დეკლარაცია ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს მთავრობებს მოუწოდებს, ბოლომდე შეასრულონ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.“ ჩვენი ქვეყნების მთავრობების მოვალეობაა, რომ დაგვიცვან. ამის მიუხედავად კი, ჩვენი საქმიანობის განხორციელებისას ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ გვექმნება პრობლემები, როგორიცაა ჩვენი აქტივისტების მიმართ სისტემური ხასიათის ზეწოლა, დაშინება, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით სათანადო აკრედიტაციის მიღება ან რეგისტრაციიდან მოხსნა. ზოგიერთ ჩვენგანს არ ეძლევა შესაძლებლობა დააკვირდეს საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპს და ადგილობრივი კანონმდებლობა არ იძლევა ჩვენი შესაძლებლობების სრულად დაცვას“, – ნათქვამია ეუთოს წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივ დეკლარაციაში.

[ეკა სირაძე–დელონეს ხმა]“ თავისთავად ცხადია, ყველა ხელისმომწერი ორგანიზაცია, ანუ ის ქვეყანა, შეიძლება არ აწყდებოდეს ამ პრობლემებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კოლეგიალობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ვაღიარეთ, რომ იყო პრობლემები. არა მარტო ჩვენთან არის, სხვა ქვეყნებშიც არის პრობლემები და ვისურვებდით, რომ მთავრობებმა გაამახვილონ ყურადღება, რომ ასეთი ფაქტები, უბრალოდ, აღარ იყოს და მიეცეთ საშუალება ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ სრულყოფილად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.“

ამბობს ეკა სირაძე–დელონე. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი დეკლარაცია უკვე დაეგზავნათ ცალკეული ქვეყნების მთავრობებს. მიმართვის შესახებ არაფერია ცნობილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

[ლევან თარხნიშვილის ხმა]“ ძაან უცნაური იქნება, როცა ვენიდან გამოგზავნილი წერილით ითხოვენ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.“(სტილი დაცულია)

გვითხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა. პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უზენაეს საბჭოსა და თბილისში, ვაკისა და დიდუბის რაიონებში შუალედური არჩევნებისათვის მზადება დაიწყო.
XS
SM
MD
LG