Accessibility links

აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარის ბატალიონმა დაასრულა აღდგენითი სამუშაოები... აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ბერლინის შეხვედრისთვის ემზადება


30 ივლისს, დილის 10 საათზე, აფხაზეთში - დრანდაში - დაიწყო საზეიმო ღონისძიება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ბატალიონის მიერ

აფხაზეთის რკინიგზაზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას მიეძღვნა. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ უნდა დაწყებულიყო აფხაზეთიდან რუსეთის სარკინიგზო ბატალიონის გაყვანაც უკან, ადლერში, მუდმივი დისლოკაციის ადგილას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ბატალიონი აფხაზეთის ტერიტორიაზე აღდგენით სამუშაოებს 1 ივნისიდან აწარმოებდა. საქართველოს მხარის მკვეთრმა პროტესტმა ეს სამუშაოები ვერ შეაფერხა. შედეგი არც საქართველოს დასავლელი მეგობრების მოწოდებებს მოუტანია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის მადლიერია და თან ბერლინში გერმანიის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადება... როგორც ცნობილია, სოხუმმა შეხვედრის მისთვის სასურველ ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

რა შეხვედრაზე დათანხმდა სოხუმი აგვისტოს ბოლოს? აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აცხადებს, რომ ეს იქნება შეხვედრა გაეროს მეგობართა ჯგუფის ფორმატით, შეხვედრა და არა მოლაპარაკება, მით უფრო საქართველოს მხარესთან.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი სხვაგვარ განმარტებას იძლევა. ამ ორიოდე დღის წინ ჩვენთან საუბრისას მან თქვა, რომ აფხაზთა მხარე , ისევე როგორც საქართველოს მხარე, ბერლინში გერმანიამ მიიწვია აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გერმანიის წინადადებების განსახილველად. გერმანია არის გაეროს მეგობართა ჯგუფის კოორდინატორი. მისი ინიციატივით ბერლინში დაგეგმილ შეხვედრას, რაც, პირვანდელი ჩანაფიქრით, ივლისის ბოლოს უნდა შემდგარიყო, უნდა მოჰყოლოდა მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრა. ასეა თუ ისე, სოხუმში ხაზგასმით აცხადებენ, რომ ისინი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ფარგლებში შეხვედრაზე დათანხმდნენ, ოღონდ აგვისტოს ბოლოს. რა პოზიციის დაცვას გეგმავენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ბერლინში, ამას ოდნავ მოგვიანებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა განმარტავს. ჩვენ მას ტელეფონით სოხუმში 30 ივლისს დავუკავშირდით. მაგრამ ჯერ იმის შესახებ, როგორ ხსნიან აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ბატალიონის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს სოხუმსა და თბილისში... სტანისლავ ლაკობას ვკითხეთ, რისთვის იქნა აღდგენილი აფხაზეთში, რუსეთის დახმარებით, 54 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, 8 სარკინიგზო ხიდი და ასე შემდეგ.

[სტანისლავ ლაკობას ხმა] ”იცით, არაერთხელ გვითქვამს, რომ სამხედრო თანამშრომლობას ადგილი არა აქვს. სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა მოხდა სამეურნეო-ეკონომიკური მიზნებით.. მეტი არაფერი მომხდარა.. ”

” ომი აფხაზეთში აღარ იქნება, სარკინიგზო გზა სამშვიდობო მიზნებს მოემსახურება”, - თქვა 30 ივლისს დრანდაში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელმა გურამ გუბაზმა. მან განმარტა, რომ აფხაზეთში აღდგენილი სარკინიგზო ხაზით რუსეთის მიმართულებით დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა გადაიზიდება, რაც, თავის მხრივ, სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის არის საჭირო. მაგრამ თბილისში ასეთი განმარტებების არ სჯერათ. აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია ფიქრობს, რომ რუსეთის სარკინიგზო ბატალიონს აფხაზეთში აღდგენითი სამუშაოები მარტო ამ მიზნით არ უწარმოებია:

[თემურ მჟავიას ხმა] ”ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი სამხედრო-სტრატეგიულ მიზნებს უკავშირდება. ის 54 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი იმდენად არის ინტერესში, რამდენადაც მისი ბოლო წერტილი შედის ოჩამჩირეში, სადაც არის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა. ” (სტილი დაცულია)

აღდგენითი სამუშაოები აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო- საზღვაო ბაზამდე, დასრულებულია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას სარკინიგზო ბატალიონის აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის კეთილი ნების ჟესტად არ განიხილავს. ”ბატალიონის ყოფნა აფხაზეთში, საქმიანობა და ის ფორმა, რომლითაც მისი გაყვანა ხდება, უკანონოა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მაგრამ დავუბრუნდეთ სოხუმს .. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დე ფაქტო ხელისუფლება დათანხმდა გერმანიის ინიცირებულ შეხვედრაზე ბერლინში აგვისტოს ბოლოს.. აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ რადიო ”თავისუფლებას” განუმარტა, თუ რა პოზიციით აპირებენ ბერლინში ჩასვლას სოხუმის წარმომადგენლები. ”პოზიცია ურყევია: კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა... ახალი არაფერია. ამ პირობების ნაცვლად ნებისმიერი სხვა ვარიანტი უარყოფილი იქნება”, - თქვა მან. სტანისლავ ლაკობამ აღნიშნა პირობები, რომლებსაც სოხუმი მოლაპარაკებების განახლებისთვის აყენებს. ჩვენ მას ვკითხეთ აზრი საქართველოს პირობებზე. თემურ იაკობაშვილმა ამას წინათ თქვა, რომ ოფიციალური თბილისი ზემო აფხაზეთიდან საპოლიციო ძალების გაყვანაზე მხოლოდ დიდი გარიგების შემთხვევაში დათანხმდება. დიდ გარიგებაში კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, გალსა და ოჩამჩირეში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსება და დევნილთა დაბრუნების ახალი ტალღის დაწყება იგულისხმა. სოხუმისთვის ეს პირობები კატეგორიულად მიუღებელია. დავიწყოთ რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის ნაცვლად საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის პირობით.

[სტანისლავ ლაკობას ხმა] ”აბსოლუტურად მიუღებელია. ამას უნდა მოჰყვეს სამშვიდობოთა მანდატის და მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვა; ამასთან, მოსკოვის შეთანხმების რევიზია.. არაერთხელ გვითქვამს, რომ ამაზე არ წავალთ.”

რაც შეეხება დევნილთა დაბრუნების ახალი ტალღის დაწყების პირობას.

[სტანისლავ ლაკობას ხმა] ”დევნილთა დაბრუნების საკითხს ჩვენ არ განვიხილავთ და ეს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსაც ვუთხარით. მან კი აღნიშნა, რომ თუ დევნილთა საკითხი წამოიწევს, ეს არ მოხდება მათი, გერმანელების, ინიციატივით.”

აცხადებს სტანისლავ ლაკობა.. თუმცა ცნობილია, რომ გერმანიის სამეტაპიანი გეგმა პირველ ეტაპზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მხარეთა შეთანხმებას, ნდობის აღდგენის ღონისძიებებს და დევნილთა დაბრუნების დაწყებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ, სტანისლავ ლაკობასგან განსხვავებით, ორიოდე დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სოხუმი მზადაა იმსჯელოს დევნილთა დაბრუნების საკითხზე. სერგეი შამბამ ხაზი გაუსვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია გერმანიის გეგმის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG