Accessibility links

logo-print

რა შეიცვალა საქართველოში კერძო საკუთრების დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით


"საქართველოში კვლავ ხდება კერძო საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები" - საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა,

რაც თბილისში საქანელას ქუჩის ოთხი ოჯახის უძრავი ქონება დანგრევის პირას აღმოჩნდა იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო. მოგვიანებით საქანელას ქუჩის მობინადრეები ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ამორტიზებული სახლებიდან გამოასახლა, რაც ამ უძრავი ქონების მესაკუთრეთა პროტესტის მიზეზად იქცა.

თბილისის ცენტრში, სასტუმრო ”ივერიისა” და ვარდების მოედნის მახლობლად, საქანელას ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „ცენტრალ პლაზა“ ძველი, დანგრევის პირას მისული სახლების ადგილზე თანამედროვე ბიზნეს ცენტრის აშენებას აპირებს. ჯერჯერობით ამ ტერიტორიას ძველი შენობების ნანგრევებისგან წმენდენ და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ.

[ისმის სამუშაოების ხმა]

ამ მშენებლობის დაწყებისთვის აუცილებელმა პროცედურამ საქანელას ქუჩაზე დარჩენილი ის მოსახლეობა აღაშფოთა, ვისთანაც ინვესტორი კომპანიის მორიგება ვერ მოხერხდა. მათი უძრავი ქონება დაიბზარა და დანგრევის საშიშროებაც გაჩნდა. 27 ივლისის ღამით კი საქანელას ქუჩის თერთმეტი ოჯახი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკუთარი სახლებიდან გამოიყვანა. როგორც ერთ-ერთი მესაკუთრე, მარინა კუბლაშვილი, ამბობს, ისინი უმიზეზოდ გამოასახლეს:

[მარინა კუბლაშვილის ხმა] „სახლიდან გამოგვყარეს, სახლში არ გვიშვებენ, არანაირი ალტერნატივა, ბინა გაყიდული არ გვაქვს, არანაირი შემოთავაზება და არანაირი არაფერი. ანუ გამოდის, ჩვენსავე ქალაქში ვართ ლტოლვილები. ქურდულად შევდივართ ჩვენს სახლში. არ ჰქონდათ, ბუნებაში არ არსებობდა ისეთი დოკუმენტი, რომ ჩვენ ქუჩაში დავეტოვებინეთ.“

საქანელას ქუჩის მოსახლეობის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შეისწავლა. მისი განცხადებით, საქანელას ქუჩის მოსახლეობის უძრავი ქონების დაზიანებითა და შემდეგ გამოსახლებით საქართველოში კიდევ ერთხელ დაირღვა კერძო მესაკუთრის უფლებები:

[სოზარ სუბარის ხმა] „როდესაც ჩვენ მივედით და ჩამოვართვით ახსნა-განმარტება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, ვინც ეს ჩაიდინა, მათ თქვეს, რომ ეს შენობა ინგრევა და ჩვენ მოსახლეობისთვის ვზრუნავთ, რომ ეს შენობა თავზე არ დაენგრეთო. ჯერ ერთი, ეს შენობა არ ინგრევა; მეორეც, ეს შენობა თუ დაინგრა, ინგრევა იმ ფორმების გამო, რა ფორმებითაც მუშაობს ინვესტორი. და მესამე, იქ არის ახლად აშენებული კერძო სახლებიც, რომლებიც არის მყარი, არაფერი საფრთხე იმათ არ ემუქრება და იმათ მფლობელებსაც ანალოგიურად ეპყრობა ზედამხედველობის სამსახური.“(სტილი დაცულია)

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ავალიანის განცხადებით კი, მის უწყებას თავად მოქალაქეებმა მიმართეს საქანელას ქუჩაზე მიმდინარე დემონტაჟით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად:

[დავით ავალიანის ხმა] „ჩვენ რომ დავინახეთ, რომ მართლაც შეიძლებოდა დაეზიანებია და რაღაც საფრთხეს ჰქონოდა ადგილი, ამიტომ გავაჩერეთ მძიმე ტექნიკის მოძრაობა და ავუკრძალეთ ”ცენტრალ პლაზას”, რომ მძიმე ტექნიკა გამოეყენებია დემონტაჟის დროს და ისინი აგრძელებდნენ ხელით დემონტაჟს. მაგრამ მაინც დაზიანდა მათი სახლი, რადგან ძველი სახლებია. აქედან გამომდინარე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვთხოვეთ, რომ დაეცალათ სახლები და თბილისის სამაშველო სამსახურისა და ”ცენტრალ პლაზას” თანამშრომლები დაეხმარნენ და მათი ავეჯი გამოიტანეს სახლებიდან.“(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით საქანელას ქუჩის მობინადრეთა მცირე ნაწილსა და ინვესტორ კომპანიას შორის მორიგება ვერ ხერხდება. უძრავი ქონების კერძო მესაკუთრეები საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ და დაუშვებლად მიაჩნიათ ამ პროცესში მთავრობის ჩარევა ინვესტორის სასარგებლოდ. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება ადრეც ჩაერია მსგავს ურთიერთობებში. ასეთი ჩარევის მაგალითად ხშირად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის დანგრევის გახმაურებულ ფაქტს ასახელებენ ხოლმე.

მას შემდეგ საქართველოში საკუთრების უფლების გარანტიებისთვის ქონების ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. მომზადებულია კანონპროექტი საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მხოლოდ სასამართლო წესით გაუქმების შესახებ და, მესამე, მომზადებულია საკონსტიტუციო ცვლილება კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ. თუმცა ეს ცვლილებები ჯერჯერობით საპარლამენტო კენჭისყრის საგნად არ ქცეულა. პარლამენტი მუშაობას შემოდგომაზე განაახლებს, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგაც კი საკუთრების უფლების დაცვა კვლავ შეიძლება წააწყდეს პრობლემებს. რეფორმების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ახლა კი მთავრობის კანცელარიის უფროსის, კახა ბენდუქიძის კომენტარი:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საკანონმდებლო ნაწილი საკუთრების უფლებისა არის გამყარებული. ახლა არის მეორე ნაწილი. მეორე ნეწილი შეეხება უკვე სახელმწიფო ორგანოების აქტივობას. მაგალითად, ცხადია, თუ ფინანსური პოლიცია შევიდა ბიზნესში და სამი თვით გააჩერა ის, ეს ბიზნესის კონფისკაციის ტოლფასია, იმიტომ რომ ამ ბიზნესისგან აღარაფერი დარჩება. ეს უკვე არის დამოკიდებული საჯარო ინსტიტუტების ხარისხზე.”

კახა ბენდუქიძეს ამ პრობლემის დაძლევა საჯარო სამსახურის შემდგომი რეფორმირებითა და ბიზნესის ბუნებრივი განვითარების გზით წარმოუდგენია. ანუ რაც უფრო იზრდება ბიზნესი და ეკონომიკა, მით უფრო შეურიგებელი ხდება საზოგადოება საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების მიმართ.
XS
SM
MD
LG