Accessibility links

რატომ გზავნის საქართველო სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში?


საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი გაძლიერებული ასეული ავღანეთში, ნატოს მისიის ფარგლებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაემგზავრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ გაძლიერებულ ასეულში გაერთიანებული იქნება დაახლოებით 160 სამხედრო მოსამსახურე. საუბარია იმაზე, რომ დამატებით გაიგზავნოს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის 40 სამხედრო, რომლებიც ავღანეთში აშშ-ის სპეცოპერაციების მისიაში ჩაერთვებიან. რატომ გადაწყვიტა საქართველომ სამხედრო ძალა შეაშველოს საერთაშორისო თანამეგობრობას და რას მოუტანს ეს პროცესი თავად საქართველოს?

ომი, რომელიც ავღანეთში ამჟამად მძვინვარებს, 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო. პირველი სამხედრო ნაბიჯები იქ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ბრიტანეთმა გადადგეს. პროცესის დაწყება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა. ”ომი ტერორიზმთან” - ასეთია ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ძირითადი მიზანი. ავღანეთში შეჭრის მთავარ ამოცანებად ოფიციალურად სახელდებოდა ტერორისტული ქსელის - ალ-ყაიდის - განადგურება, მისი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის დაკავება და ალ-ყაიდის მხარდამჭერი თალიბანის რეჟიმის დამხობა. რეჟიმი მართლაც დაემხო, თუმცა თალიბები, ალ-ყაიდის ტერორისტულ ქსელთან თანამშრომლობით, უკან დახევას არ აპირებენ. ჯერ ისევ უვნებელია ოსამა ბინ ლადენიც.

ბრძოლა უკვე დაახლოებით 7 წელია მიმდინარეობს და დღე არ გავა, რომ ავღანეთიდან არ გავრცელდეს ცნობები შეტაკებების, აფეთქებებისა და მსხვერპლის შესახებ. ჯერ მარტო ივნისში ამერიკელებმა იქ 28 ჯარისკაცი დაკარგეს. ეს კი ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია 2001 წლის შემდეგ.

ნატოს ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალები ამჟამად დაახლოებით 60 ათას სამხედროს ითვლის, საიდანაც ნახევარზე მეტს ამერიკელი ჯარისკაცები წარმოადგენენ. თუმცა მსოფლიოს ლიდერები სულ უფრო ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობენ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებაზე და სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობაზე. ავღანეთში მშვიდობის დამყარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. პოზიციას იზიარებს საქართველო, რომელმაც უკვე კარგა ხანია გამოხატა ნატოში გაწევრიანების მისწრაფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბათუ ქუთელია დარწმუნებულია, რომ წარმოუდგენელია ”მიღება” ”გაცემის” გარეშე:

(ბათუ ქუთელიას ხმა) ”როდესაც ქვეყანას აქვს სურვილი, რომ იყოს წევრი ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის და მოიხმაროს და მიიღოს ის ”ბენეფიტები”, რასაც ამ სისტემის წევრობა აძლევს, გარდა ამისა, მან თავისი წვლილიც უნდა შეიტანოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთი ფორმით ვაპირებთ ჩვენი წვლილის შეტანას ნატოს დღის წესრიგში მდგარი საკითხების გადასაჭრელად. ეს გაჟღერდა წლის დასაწყისში. შემდეგ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა ეს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა თავის კოლეგებს.” (სტილი დაცულია)

სწორედ ნატოს ბუქარესტის სამიტზე, აპრილში, მიიღეს საქართველომ და უკრაინამ ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან პირობა, რომ 2 ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება ალიანსში. მართალია, ჯერჯერობით უცნობია - როდის, მაგრამ, როგორც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა ამბობს, საქართველოს მოქალაქეებმა ”კოლექტიური უსაფრთხოების” მნიშვნელობა უნდა გაითავისონ:

(ზაზა გოგავას ხმა) ”მოქალაქეებს ბევრჯერ უჩნდებათ კითხვა, რომ, აი, რა საჭიროა ამ უცხო ქვეყანაში ქართველი ჯარისკაცები. მოგეხსენებათ, გვაქვს შემთხვევები (ერაყში), რომლებიც დამთავრდა ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით. მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არ არის მარტო ის, რომ ჩვენ სადღაც უცხო ტომის საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ აქ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება, მისი 77 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს ნატოს ალიანსში გაწევრიანებას. ზუსტად ეს ის საფეხურებია, რაც ჩვენ შემდეგ ნატოს ალიანსში გველის. კოლექტიური უსაფრთხოება ზუსტად ნიშნავს ამას.” (სტილი დაცულია)

იმის გარდა, რომ ავღანეთში სამხედროების გაგზავნით საქართველო ნატოს თანადგომას უცხადებს და, როგორც უსაფრთხოების ხელშემწყობი ქვეყანა, ალიანსის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ამ გადაწყვეტილების უკან კიდევ ერთ კონკრეტულ მიზანს ხედავს:

(არჩილ გეგეგშიძის ხმა) ”საქართველოს კონტინგენტები, რომლებიც გაიგზავნებიან ავღანეთში, გაივლიან საბრძოლო წვრთნას მსოფლიოს, ასე ვთქვათ, ელიტარული საჯარისო შენაერთების გვერდით და ეს მათ პროფესიონალიზმს მნიშვნელოვნად აამაღლებს.” (სტილი დაცულია)

უკვე ცნობილია, რომ საქართველოდან ავღანეთში წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები პროფესიონალიზმს ფრანგი და ჰოლანდიელი კოლეგების გვერდით აიმაღლებენ. სწორედ ამ ორი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმოქმედებს საქართველოდან მივლენილი ორი გაძლიერებული ასეული. სპეცდანიშნულების 40-კაციან ჯგუფს კი საქმიანობა ამერიკელ კოლეგებთან ერთად მოუწევს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთს ავღანეთში დაახლოებით 1 500 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი და, ძირითადად, აკონტროლებს ვითარებას ქაბულში. აპრილში პარიზმა გამოაცხადა, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაგზავნის დამატებით 700-კაციან შემადგენლობას. საფრანგეთი, ისევე როგორც გერმანია და რამდენიმე სხვა ქვეყანა, ცდილობს თავი აარიდოს სამხედროთა გაგზავნას სამხრეთ ავღანეთის პროვინციებში, სადაც ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. ძირითადად,სწორედ სამხრეთ ავღანეთში მოქმედებენ ჰოლანდიელი ჯარისკაცები. ჰოლანდიის სამხედრო წარმომადგენლობა ავღანეთში, 2008 წლის ივნისის მონაცემებით, 1700 ჯარისკაცს ითვლის.
XS
SM
MD
LG