Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ანტიკრიზისული მემორანდუმის” გარშემო დიალოგი გრძელდება


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ შემუშავებული “ანტიკრიზისული მემორანდუმის” გარშემო მოლაპარაკებები დასრულდა.

სწორედ მის შედეგებს ელოდებოდა არაერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რათა განესაზღვრა – ღირდა თუ არა პარლამენტში შესვლა. ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას ოპოზიციის სახელით ესაუბრებოდნენ, თუმცა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ. მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები საერთო ენის გამონახვაზე საუბრობენ.

“ანტიკრიზისულ მემორანდუმთან” დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა. ხუთშაბათს, საღამოს 8 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან ყველა კმაყოფილი გამოვიდა. მათ შორის გიორგი თარგამაძეც, მემორანდუმის ინიციატორი პოლიტიკური ორგანიზაციის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ლიდერი:

(გიორგი თარგამაძის ხმა) “მიღწეული შეთანხმებით, არსებობს გარანტიები - პოლიტიკური, ყოველ შემთხვევაში - იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენება მოხდება მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით და მითითებული არის კონკრეტული მექანიზმი სპეციალური კომისიის სახით, სადაც უმრავლესობა სწორედ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლობით იქნება დაკომპლექტებული. იუსტიციის საბჭოში წარმომადგენელი ოპოზიციისა გარანტირებულად ინსტიტუციონალურად იქნება გათვალისწინებული. ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, რასაც, ტელევიზიებთან დაკავშირებული პრობლემატიკის თვალსაზრისით, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობა აქვს. კონტროლის პალატის შესახებ ახალი კანონის ჩამოყალიბებასა და მიღებაზე შევთანხმდით, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლობა იქნება უფრო აქტიურად გათვალისწინებული და ხელმისაწვდომობა არა მარტო ინფორმაციაზე, არამედ ოპერატიული რეაგირების თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ვთქვათ გენერალურ პროკურატურაზეც. არის გარკვეული შეთანხმებები მედია-ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო უზრუნველყოფის დონეზე. მაგალითად, ჩვენთვის და ოპოზიციისთვის, არა მარტო საპარლამენტო ოპოზიციისთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუკი გაჩნდება საკანონმდებლო გარანტიები.” (სტილი დაცულია)

კონსულტაციების შედეგად ჯერჯერობით ვერ მოხერხდა შეთანხმება მემორანდუმის იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ბოლო წლებში ოპოზიციის მიერ არაერთგზის წამოყენებულ საკითხს:

(გიორგი თარგამაძის ხმა) “...რომელიც უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს და მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები და ერთადერთი, რაზეც ამ ეტაპზე შევთანხმდით, არის ის, რომ დაიწყება აქტიური დისკუსია და განხილვა ამ თემის, ამ საკითხების...”

თვითმმართველობის არჩევნებთან და, როგორც თავად ამბობს, სხვა “მთელ რიგ თემებთან” დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა რომ ვერ მოხერხდა, საგანგაშოდ არ მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით ბაქრაძე დიალოგის განახლებას დადებითად აფასებს და თვლის, რომ ყველაფერი წინ არის:

(დავით ბაქრაძის ხმა) “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, შევთანხმდით, გავაგრძელოთ დიალოგი. ანუ არსებობს საკითხები, რაზეც დღეს ვერ შევთანხმდით, მაგრამ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და სწორედ ეს არის ახალი სტანდარტი დიალოგისა და ახალი სტანდარტი ურთიერთობისა.”

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ მომზადებული “ანტიკრიზისული მემორანდუმი” არსებითად იმეორებს გაერთიანებული ოპოზიციის იანვრის 17-პუნქტიანი მემორანდუმის ძირითად მოთხოვნებს, გაერთიანებულ ოპოზიციას მოლაპარაკებებში ჩართვა არც კი უფიქრია.

ასევე ცალსახად უარყოფითი იყო ლეიბორისტების პოზიციაც. პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას, მემორანდუმის გაგონებაც არ სურდა:

(გიორგი გუგავას ხმა) “არა... არანაირი მემორანდუმი... ერთადერთი მოთხოვნაა – ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.”

მოლაპარაკებებს არც ერთიანი ეროვნული საბჭოდან ახლახან გამოსული გია ცაგარეიშვილი დასწრებია. “ანტიკრიზისული მემორანდუმის” განხილვას ის “მოლოდინის რეჟიმში” ადევნებდა თვალყურს და მიზეზსაც ასახელებდა:

(გია ცაგარეიშვილის ხმა) “უმჯობესია, რომ ეს ქრისტიან-დემოკრატებმა მიიყვანონ ბოლომდე, იმიტომ რომ მე მანამდე ვიყავი ჩართული რამდენჯერმე მოლაპარაკების პროცესში... და ახლა მე არ მინდა, რომ ჩემმა მონაწილეობამ და, ხშირ შემთხვევაში, ჩემმა პოზიციამ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ისევ ჩიხში არ შეიყვანოს მოლაპარაკების პროცესი. ჯობია, აქ ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ და საქმე გამოვიდეს. მე ამ პრინციპით ვუდგები ამ საკითხს.” (სტილი დაცულია)

შეიძლება ჩაითვალოს, რომ “საქმე გამოსულია”, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ცაგარეიშვილი ხელისუფლების მიერ მემორანდუმის ცამეტივე პუნქტის დაკმაყოფილებას ნამდვილად არ მოითხოვდა. ის თვლის, რომ შეთანხმება ამ ეტაპზე პრინციპული საკითხების გარშემოც საკმარისი იყო. მოლაპარაკებების წარმატებული შედეგის მიუხედავად, ოპოზიციონერ დეპუტატებს (მათ შორის ერთიანი ეროვნული საბჭოდან წამოსულ გია ცაგარეიშვილს, გია თორთლაძესა და პაატა დავითაიას) ჯერჯერობით ხმამაღლა არ უთქვამთ, რომ პარლამენტის დარბაზში აუცილებლად შევლენ. თუმცა მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ ეს სწორედ ასე იქნება. მათ გარდა, საუბარია კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატზე.

”ანტიკრიზისული მემორანდუმის” იმ პუნქტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებთან დაკავშირებითაც შეთანხმების მიღწევა უკვე მოხერხდა, მოსალოდნელია, პარასკევს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG