Accessibility links

ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას უკვე მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა.

საკანონმდებლო ცვლილებათა ორ კანონპროექტზე პარასკევს ჯერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, ხოლო დღის მეორე ნახევარში მათ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია სწორედ ამ პროცედურას ელოდა, რათა მომავალი კვირიდან აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატატი მაინც არ აპირებს შევიდეს პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი “ანტიკრიზისული მემორანდუმის” გარშემო მოლაპარაკებებს უჭერდნენ მხარს.

“ანტიკრიზისული მემორანდუმის” განხილვის შემდეგ პროცესები დაჩქარდა და პარასკევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მხარდაჭერა უპრობლემოდ მიიღო ოპოზიციისთვის მიცემულმა ორმა დაპირებამ:

(დავით ბაქრაძის ხმა) “კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, პირველი მოსმენისთვის... მადლობთ... 102 – მომხრე, 1 – წინააღმდეგი. გადაწყვეტილება მიღებულია... კენჭი ეყრება საქართველოს კანონის პროექტს საპარლამენტო ფრაქციის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, პირველი მოსმენით... მადლობთ. 104 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი. გადაწყვეტილება მიღებულია.”(სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მის უფრო აქტიურ ჩართულობას ემსახურება. იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი ბარიერი, ვიცე-სპიკერის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება კომიტეტის თავმჯდომარის სამიდან ერთი მოადგილე. ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, ფრაქციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, პარასკევის პლენარულ სხდომაზე უკვე ჩაეყარა საფუძველი პარლამენტში 6-კაციანი ფრაქციების ჩამოყალიბების ინიციატივას.

კანონპროექტებს, რომლებიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, “დაპირებების მისამართით ერთგულების დემონსტრირება” უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძემ ისიც აღნიშნა, რომ პროცესი რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით არ ამოიწურება:

(დავით ბაქრაძის ხმა) “მომავალ კვირაში ჩვენ ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ცვლილების წარმოდგენას და ის პროცესი, რომელიც დაიწყო, კონსულტაციების პროცესი, მე ვფიქრობ, წარმატებით გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ ყველა ის პუნქტი, რომელზეც შევთანხმდით, იქნას შესრულებული სრულად და განუხრელად.” (სტილი დაცულია)

სწორედ მომავალი კვირიდან აპირებს პარლამენტში შესვლას “ანტიკრიზისული მემორანდუმის” ინიციატორი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, თავისი 6-კაციანი წარმომადგენლობით. პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი გიორგი თარგამაძე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩართვას სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც ურჩევს:

(გიორგი თარგამაძის ხმა) “პარლამენტში რაც უფრო მეტი ბერკეტის ხელში აღებას მოახერხებს ოპოზიცია, მით უკეთესი მისთვის, რათა საკუთარი ფუნქცია უკეთესად შეასრულოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციონალური გარანტიები უფრო მეტი ჩართულობისა საპარლამენტო მუშაობაში. იგულისხმება როგორც კომიტეტების ხელმძღვანელობაში თანამონაწილეობა, იგულისხმება გარკვეული მიმართულებით ინიცირების უფლებების ხელში აღება და ასე შემდეგ. კონტროლის მექანიზმში უფრო აქტიური მონაწილეობა...” (სტილი დაცულია)

თარგამაძის მოწოდებას არ იზიარებენ ერთიანი ეროვნული საბჭოდან ახლახან წამოსული დეპუტატები გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე. მართალია, ისინი მხარს უჭერდნენ “ანტიკრიზისული მემორანდუმის” გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებს და მანდატებსაც ინარჩუნებენ, მაგრამ პარლამენტის მუშაობას მაინც ბოიკოტს უცხადებენ. გია თორთლაძე მოლაპარაკებათა შედეგებით უკმაყოფილოა:

(გია თორთლაძის ხმა) “იქ ხელისუფლება, ფაქტიურად, არც ერთ პრინციპულ საკითხზე არ მიდის. ბევრი იყო, რა... ბევრი პუნქტი იყო, მათ შორის - მერების პირდაპირი არჩევნები, მათ შორის – პლებისციტის დანიშვნა, საგამოძიებო კომისია... არაფერზე არ წავიდნენ და... მე ვიცი მათი მეთოდები. ეს მეთოდები გამოიხატება შემდეგში, რომ: გავაგრძელოთ დებატები, გავაგრძელოთ საუბრები და გავაგრძელოთ კონსულტაციები... ამ რეჟიმში დიდი ხანია ჩვენ ვმუშაობთ და ამიტომ მე, რა თქმა უნდა, არანაირი იმედი იმისა, რომ რამეს შეასრულებენ ეგენი, არა მაქვს...” (სტილი დაცულია)

იმედი არც ლეიბორისტებს აქვთ, თუმცა არც ისინი აპირებენ მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებების დაწერას. მათგან განსხვავებით, გაერთიანებული ოპოზიციის 9 წარმომადგენელმა პარასკევს ამგვარ განცხადებებს საჯაროდ მოაწერა ხელი. უკვე ნათელია, რომ უახლოეს მომავალში, ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, პარლამენტის დარბაზში ვიხილავთ ერთიანი ეროვნული საბჭოს რიგებიდან სხვადასხვა დროსა და სხვადასვაგვარად გამოთიშულ რამდენიმე დეპუტატს.

და აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია: პარასკევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ასევე შედეგიანად უყარეს დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG