Accessibility links

logo-print

რას აპირებს ოპოზიცია?


საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის მიზნით, განცხადება დღეს, 16 ივნისს, ლეიბორისტებმაც დაწერეს. გასულ კვირაში ასევე მოიქცა გაერთიანებული ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი,

თუმცა უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა, რომ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხა. ერთიანი ეროვნული საბჭო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას პარლამენტის გარეთ გეგმავს. ხელისუფლება კი დაჩქარებული წესით ცდილობს შეასრულოს დაპირებები, რომლებიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ინიცირებულ მემორანდუმს უკავშირდება.

ლეიბორისტები დიდხანს ფიქრობდნენ, რატომ უნდა მოეთხოვათ იქიდან (ანუ პარლამენტიდან) გამოსვლა, მაშინ როცა იქ (პარლამენტში) არც კი შესულან. თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტეს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაეგზავნათ ერთობლივი განცხადება, ნათელაშვილი-გუგავა-შატბერაშვილი-ძაგანიას სახელით. შეფასებებით აღსავსე ტექსტი ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თავდაპირველად მედიას გააცნო:

(შალვა ნათელაშვილის ხმა) “იმის გამო, რომ თქვენმა მბრძანებელმა მიხეილ სააკაშვილმა, სპეცსამსახურების, ჯარის, პატიმრების კრიმინალიტეტის, გაყალბებების, ძალადობის, მოსყიდვის, შანტაჟის და მასობრივი ტერორის გზით, ა.წ. 21 მაისს კვლავ ჩაიდინა არჩევნების მსოფლიო მასშტაბით არნახული ფალსიფიცირება და, ამის შედეგად, თქვენ სახელმწიფო გადატრიალებით, ანტიკონსტიტუციურად და უკანონოდ დაიკავეთ ის შენობა, სადაც ზიხართ, ჩვენ არ ვცნობთ თქვენს ლეგიტიმურობას, არ გვაქვს თქვენთან ყოფნის სურვილი და გამოვდივართ თქვენი პარტიული მთავარი შტაბის შემადგენლობიდან.” (სტილი დაცულია)

მართალია, პარლამენტს ჯერ ისევ “ეგრეთ წოდებულს” უწოდებს, მაგრამ სხდომათა დარბაზში შესვლას მაინც აპირებს ყოფილი ლეიბორისტი, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან ახლახან გარიცხული ჯონდი ბაღათურია. ქართული დასის ლიდერი პარლამენტში 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევისა და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აქვე ვთქვათ, რომ გამოძიებას მოითხოვდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ მომზადებული “ანტიკრიზისული მემორანდუმიც”. ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა პარლამენტის მუშაობაში ჩართვის მსურველ ოპოზიციონერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ამ ინიციატივის რეგლამენტის ჩარჩოებში მოქცევას.

თავად ქრისტიან-დემოკრატები, თავიანთი 6-კაციანი ჯგუფით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სავარაუდოდ, სამშაბათს შევლენ, როცა პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ საკითხებზე ორშაბათის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ უკვე მერამდენედ გაიმეორა, რომ ცვლილებები ოპოზიციის გასაძლიერებლად არის გამიზნული:

(დავით ბაქრაძის ხმა) “ოპოზიციას რაც შეიძლება სწრაფად შეექმნას კონკრეტული ბერკეტები, რომლითაც მათ ექნებათ საშუალება მეტი ზემოქმედება მოახდინონ პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესზე.” (სტილი დაცულია)

ის, რაც პარლამენტში ხდება, საერთოდ არ აინტერესებს გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც განცხადება გააკეთა “პოლიტიკური ცენტრის” დაარსების შესახებ. ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ შემდგომი პოლიტიკური ბრძოლა აქტიური და შედეგიანი იქნება. თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება:

(ფიქრია ჩიხრაძის ხმა) “რა ფორმებზე ჩამოვყალიბდებით და რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი, ამის თაობაზე, ალბათ, სადღაც თვის ბოლოს ან იმ თვის დასაწყისში შევთავაზებთ ქართულ საზოგადოებას. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, რომ რეალური პოლიტიკური ცენტრი ნამდვილად იარსებებს პარლამენტს გარეთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა გაგრძელდეს და, საერთოდ, პოლიტიკას პერსპექტივა ჰქონდეს.” (სტილი დაცულია)

რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს გაერთიანებული ოპოზიციის შემდგომი საქმიანობა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით უჭირს პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძე. ის თვლის, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ ოპოზიცია დაასუსტა და, გარკვეულწილად, დააბნია კიდეც:

(არჩილ გეგეშიძის ხმა) “აი, ერთად რომ დარჩენილიყო ყველა გარეთ ან ერთად რომ შესულიყო ყველა შიგნით, აი, მაშინ ექნებოდა უფრო მეტი ეფექტი ოპოზიციის საქმიანობას. ასე დაქსაქსულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, გაუჭირდება მიზნის მიღწევა - იმათაც, ვინც შედის პარლამენტში და იმათაც, ვინც გარეთ რჩება.”

მიუხედავად ამისა, არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ, საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და სათანადო აქტიურობის შემთხვევაში, წარმატების შანსი არსებობს. ამასთან, ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობის სოციალური ბაზა, გარკვეულწილად, ხელისუფლების მიერ დაშვებულ ან არდაშვებულ შეცდომებზეც იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG