Accessibility links

logo-print

რა ფორმით თანამშრომლობენ თურქი ბიზნესმენები აფხაზ სეპარატისტებთან?


აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ინფორმაციით, 18 ივნისს ბიჭვინთაში 4-დღიანი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.

იგივე წყარო მონაწილეთა შორის ასახელებს რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და თურქეთის წარმომადგენლებს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორი წარმოშობის კაპიტალი მიიწევს სეპარატისტული აფხაზეთისკენ, რა ფორმით ჩაერთვნენ თურქი ბიზნესმენები სეპარატისტებთან თანამშრომლობაში და როგორია მეზობელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პოზიცია.

აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში, სადაც ამჟამად დაბანდებული ფულის უდიდესი წილი რუსეთის სათვალავზე მოდის, თურქული კაპიტალის მოხიბვლას ცდილობენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბიჭვინთაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჩასული პოტენციური ინვესტორები, რომელთა შორის თურქებიც სახელდებიან, სათანადოდ შეაფასებენ და დააფასებენ სოხუმში მომზადებულ ბიზნესპროექტებს.
გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სავაჭრო, სამშენებლო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში.

“აფხაზეთში ეკონომიკური ზრდის დინამიკა შეიმჩნევა და მის განვითარებას თვალყურს ადევნებს არა მხოლოდ აფხაზების დიასპორა, არამედ თურქეთის ბიზნესელიტის წარმომადგენლებიც” – ასეთი იყო განცხადება, რომელიც დემიროზ ხანდანს, თურქი ბიზნესმენების დელეგაციის ხელმძღვანელ ქალს, ეკუთვნის. სეპარატისტული აფხაზეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” ხანდანის დელეგაციაში შემავალ პირებს თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებად მოიხსენიებს. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ეს ორგანიზაცია ბიჭვინთის ფორუმს მხარს არაფრით უჭერს. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გრიგოლ მგალობლიშვილი ამბობს, ასეთი შედეგის მისაღებად თბილისს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდა:

(გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა) “აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას უნდოდა, რომ გაეკეთებინა ორგანიზება სტამბულის სავაჭრო პალატასთან ერთად და, მართლაც, 2-3 კვირის წინ სტამბულის სავაჭრო პალატამ დაიწყო ამის ორგანიზება, მაგრამ შემდგომ უკვე, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, თვითონ სავაჭრო პალატამ გააუქმა ეს. თუმცა ახლა იქ ინდივიდუალურად ვიღაცა ბიზნესმენები შეიძლება ჩავიდნენ თურქეთიდან. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის სტამბულის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაკეთებული და სტამბულის სავაჭრო პალატის მონაწილეობით.”(სტილი დაცულია)

ოფიციალური მკაფიო პოზიცია რამდენიმე თვის წინ გამოხატა ანკარამაც. გრიგოლ მგალობლიშვილი საგარეო უწყების ვებგვერდზე რამდენიმე თვის წინ გამოჩენილი ტექსტის შინაარსს შეგვახსენებს:

(გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა) “...სადაც ის ამბობს, რომ ნებისმიერი კაპიტალდაბანდება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეთანხმების გარეშე, აფხაზეთში არის უკანონო.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობით, ბიჭვინთის ფორუმზე მიწვეული 70 თურქი ბიზნესმენიდან 25 მაინც ჩავიდა. აფხაზეთში კაპიტალდაბანდების მსურველთა შორის კეთილსინდისიერი ბიზნესმენი არ ეგულება ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ვლადიმერ პაპავას:

(ვლადიმერ პაპავას ხმა) “აფხაზეთი მიმზიდველი შეიძლება იყოს მხოლოდ საეჭვო კაპიტალისათვის, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის აფხაზეთის დღევანდელი სტატუსი, რომ იურიდიულად, სამართლებრივად ის არის საქართველოს შემადგენლობაში, მხოლოდ ის არის სეპარატისტული რეგიონი და უშუალოდ არ ცნობს თბილისის ხელისუფლებას და, იმავდროულად, ეკონომიკურად განიცდის სრულ ინტეგრაციას რუსეთის ეკონომიკურ სფეროში. ანუ, პრაქტიკულად, ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან არახელსაყრელი ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელსაც, როგორც წესი, უყვარს მუშაობა ნათელი და კანონის ფარგლებში. ანუ ნებისმიერი საეჭვო წარმომავლობის ფულისთვის, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ეს, რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, _ ჩვენ ახლა თურქეთთან გვაქვს საქმე, _ ყველა ასეთი საეჭვო კაპიტალისთვის, რა თქმა უნდა, აფხაზეთი მიმზიდველია.”(სტილი დაცულია)

ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ საეჭვო წარმოშობის ბიზნესი ყველა ქვეყანაში და, ცხადია, თურქეთშიც არსებობს. სამაგიეროდ, არ არსებობს კანონიერი მექანიზმი, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება კერძო ბიზნესის გადაწყვეტილებებს გააკონტროლებს და მას საინვესტიციო აკრძალვებს დაუწესებს.
XS
SM
MD
LG