Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე საქართველოს პარლამენტში და მის მიღმა?


დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პირველად შევიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის 6-კაციანი წარმომადგენლობა.

აქვე იყო პარლამენტის მუშაობაში ორიოდე დღის წინ ჩართული კიდევ ერთი ოპოზიციონერი - ჯონდი ბაღათურია, რომელმაც მხარი არ დაუჭირა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა - უშედეგოდ. 11 ოპოზიციონერ დეპუტატს, პირადი განცხადებების საფუძველზე, მანდატები მაინც ჩამოერთვათ. ჯერჯერობით გაურკვევლად რჩება ლეიბორისტების საკითხი, რადგანაც დეპუტატობაზე უარის თქმის შესახებ მათ მიერ დაწერილი განცხადება, წინასწარი მონაცემებით, კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ლეიბორისტული პარტია უკან დახევას არ აპირებს.

ნათელაშვილი-გუგავა-შატბერაშვილი-ძაგანიას სახელით დაწერილი განცხადება, რომელშიც ლეიბორისტები პარლამენტს ნაციონალური მოძრაობის შტაბად, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს – შტაბის ხელმძღვანელად მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, ვერ დაკმაყოფილდება. მართალია, კონკრეტული შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ ამგვარ ეჭვებს უკვე გამოხატავს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტი, რომლისთვისაც გაუგებარია განცხადების შინაარსი. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, ვერ ხვდება, სხვა რა ფორმით უნდა თქმულიყო უარი სადეპუტატო მანდატებზე:

(იოსებ შატბერაშვილის ხმა) “განცხადებები იხილება იმ ფორმით, რა ფორმითაც განმცხადებელი ჩათვლის საჭიროდ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ეხლანდელ არსებულს, ვუწოდოთ “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე” და საქართველოს პარლამენტს ვუწოდოთ “საქართველოს პარლამენტი”, ეს გამორიცხულია.” (სტილი დაცულია)

19 ივნისს შეტანილი განცხადების საკითხი პარლამენტმა 7 დღის შემდეგ უნდა განიხილოს - მაშინ, როცა რეგლამენტით დადგენილი ვადა ამოიწურება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ლეიბორისტები განცხადების შინაარსის შეცვლას არ აპირებენ. ზოგიერთი ოპოზიციონერის ეჭვს იმის თაობაზე, რომ ლეიბორისტული პარტია ერთგვარ თამაშს თამაშობს და, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტის დარბაზშიც აღმოჩნდეს, შატბერაშვილი “ღალატზე” საუბრით და გაერთიანებული ოპოზიციის საქციელის დაწუნებით უპასუხებს:

(იოსებ შატბერაშვილის ხმა) “თავიანთ კოლეგებზე დაიწყეს ლაფის მისხმა და “მოღალატეების” ძახილი. მე ვგულისხმობ, როგორ ლანძღავენ ისინი ჯონდი ბაღათურიას, როგორ ლანძღავენ გია ცაგარეიშვილს, გია თორთლაძეს, დიმა ლორთქიფანიძეს, პაატა დავითაიას... ჩვენ ძალიან გული გვტკივა, რადგანაც ის, ვინც პარლამენტს გარეთ დარჩა, არა აქვს იმის უფლება პარლამენტის შიგნით შესულ კოლეგებზე “მოღალატე” იძახოს. მათ, სამწუხაროდ, ასე გადაწყვიტეს, მეორე ნაწილმა ისე გადაწყვიტა.” (სტილი დაცულია)

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც შატბერაშვილი ერთგვარად გამოექომაგა, არ ისურვეს გაეზიარებინათ გაერთიანებული ოპოზიციის იმ 11 წარმომადგენლის ბედი, რომლებსაც პარასკევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმოწერილ განცხადებებში პარლამენტს ისინიც არალეგიტიმურ ორგანოდ მოიხსენიებდნენ, რეგლამენტით დადგენილი 7 დღე გავიდა და გაჩეჩილაძეს, გამყრელიძეს, ჩიხრაძეს, კაციტაძეს, საგანელიძეს, დავითაშვილს, სანიკიძეს, ძიძიგურს, გამსახურდიას, ბესელიასა და ხაინდრავას სადეპუტატო მანდატები მაინც გაუუქმდათ. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მწუხარება გამოხატა:

(დავით ბაქრაძის ხმა) “ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილმა აირჩია პარლამენტის წევრის მანდატზე უარის თქმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების (ყოფილი კოლეგების უკვე, უფრო სწორად) ნაწილმა აირჩია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფის გზა... ვინაიდან პარლამენტის წევრის მანდატი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის საშუალება ვემსახუროთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს... ეს არის მათი არჩევანი. მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის...” (სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ხელისუფლებასთან დიალოგს მხარს ყოველთვის უჭერდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც 20 ივნისს, თავისი 6-კაციანი შემადგენლობით, პარლამენტის დარბაზში პირველად შევიდა:

(გიორგი თარგამაძის ხმა) “ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უზარმაზარი დარღვევებით, რამაც ჩვეულებრივ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეურყია რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი არის ობიექტური, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის მეშვეობითაც მოხერხდება მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა... მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის, უპრინციპობის, ელიტური კორუფციის და დანაშაულების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ სწორედ ამ ტრიბუნიდან...” (სტილი დაცულია)

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის მწვავე კრიტიკულ განცხადებებს, როგორც ალტერნატიულ აზრს, უმრავლესობა გულთბილად შეხვდა. ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახალი ნაბიჯი გადაიდგა:

(მიხეილ მაჭავარიანის ხმა) “... მე მივესალმები იმას, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არის საპარლამენტო მუშაობა... და ბატონი დავითის მეშვეობით, იმ საპარლამენტო გუნდის მეშვეობით, ბატონი გიორგის, ჯონდის მეშვეობით, დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ საქათველოს პარლამენტარიზმის კიდევ ერთი ფურცლის წერა დავიწყეთ.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება ხელისუფლებასთან პარლამენტს მიღმა დარჩენილი გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის შესაძლებლობას, მამუკა კაციტაძეს, მაგალითად, ასეთი პერსპექტივა ღიმილს ჰგვრის. ის ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში საჭირო გახდება პოზიციების დაფიქსირება საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე. თუმცა, მისი აზრით, ამ პროცესს ვერაფრით დაერქმევა დიალოგი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG