Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ ექსპერტები ოპოზიციური ფრაქციის მომავალს საქართველოს პარლამენტში?


ახალი ოპოზიციური ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს პარლამეტში აქტიურ მუშაობას აპირებს და აცხადებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ფრაქციის გარდა, ოპოზიციონერებს უმცირესობის ჩამოყალიბების განზრახვაც აქვთ. ქრისტიან-დემოკრატებისა და მათი თანამოაზრეების მიერ პარასკევს გახმაურებული გადაწყვეტილებები ორშაბათის ბიუროს სხდომის განხილვის საგნად იქცა. რას ფიქრობენ ექსპერტები – შეძლებს თუ ვერა და რა შემთხვევაში შეძლებს ოპოზიციონერთა 12-კაციანი გუნდი მიზნების მიღწევას, უმრავლესობის სიძლიერის ფონზე.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი წევრი, დეპუტატი გია თორთლაძე პარლამენტის დარბაზში უახლოეს სხდომაზე შევა და კოლეგებს ახალი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარედ მოევლინება. თორთლაძემ, რომელიც საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებდა, გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც მას ფრაქციის თავკაცობა შესთავაზეს:

(გია თორთლაძის ხმა) ”ბოიკოტი მოიხსნება, თავისთავად... მე სანამ არ მქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, ვისთან ერთად ვიქნებოდი, რას გავაკეთებდით, რა ფორმას ავირჩევდით ბრძოლისას (ბრძოლისას თუ მუშაობისას...), მანამდე გამოვაცხადე ბოიკოტი. ერთი კაცი ვიყავი მე და გია ცაგარეიშვილი იყო... ახლა, რახან ჩვენ ფრაქცია შევქმენით, ახლა ვაპირებთ შევიდეთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. ამიტომ მე ვაპირებ ბრძოლას. ახლა, რამდენად აზრი ექნება და არ ექნება, ეს გამოჩნდება.” (სტილი დაცულია)

12-წევრიან ფრაქციაში, რომელსაც თორთლაძე უხელმძღვანელებს, შედიან: ქრისტიან-დემოკრატები გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რატი მაისურაძე; გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი წევრები გია ცაგარეიშვილი, პაატა დავითაია და დიმიტრი ლორთქიფანიძე. აქვე არიან ყოფილი რესპუბლიკელი მაჟორიტარი დეპუტატები რომან მარსაგიშვილი და კარლო კოპალიანი.
მოვლენები ბევრისთვის მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა. უმეტესობა ფიქრობდა, რომ ახლად შექმნილ ოპოზიციურ ძალას გიორგი თარგამაძე ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა ის, როგორც გაირკვა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გახდება. დაახლოებით 10 დღის წინ, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პირველად შევიდა, გიორგი თარგამაძემ ზოგადად ”უმცირესობა” საკმაოდ ოპტიმისტურ კონტექსტში მოიხსენია:

(გიორგი თარგამაძის ხმა) ”ჩვენ შემოვედით აქ იმისათვის, რომ გვწამს, რომ უმცირესობის არსებობას თვით ამ პარლამენტშიც კი აქვს დიდი აზრი. საზოგადოებას გარდაქმნის ყოველთვის უმცირესობა.” (სტილი დაცულია)

საზოგადოების გარდაქმნაზე არაფერს ამბობს, მაგრამ პოლიტოლოგ გიორგი ხუციშვილს მიაჩნია, რომ ძალთა ამჟამინდელი თანაფარდობის პირობებში, დომინანტი უმრავლესობის ფონზე, ოპოზიციას პარლამენტში მხოლოდ ერთგვარი საზოგადოებრივი ასპარეზიღა რჩება. თუმცა სახარბიელო პერსპექტივას ხუციშვილი მაინცდამაინც ვერც ამ კუთხით ხედავს:

(გიორგი ხუციშვილის ხმა) ”ისევ იზღუდება, როგორც ვხედავთ, საინფორმაციო სივრცე. ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ, აი, ეს საჯარო, ვთქვათ, განხილვა ყველასთვის საჭირბოროტო საკითხებისა, აი, არ გახდეს, ვთქვათ, მასმედიის საშუალებით ხალხისთვის მისაწვდომი და, ამას რომ ვხედავთ, მაშინ უკვე გვიჩნდება ეჭვი, რომ რამდენად შესაძლებელია საერთოდ, რომ ოპოზიციურმა ფრაქციამ რაიმე საკითხი ეფექტურად გაიტანოს უკვე საჯარო განხილვაზე.” (სტილი დაცულია)

მსგავს მოსაზრებას გამოხატავს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც. ის ფიქრობს, რომ პარლამენტის სხდომებზე გამოსვლა ოპოზიციისთვის წარმატებული ტრიბუნა ვერ გახდება. იმას, რაც ამჟამად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხდება, ცისკარიშვილი უმრავლესობისთვის მისალოც მოვლენად უფრო აღიქვამს:

(სოსო ცისკარიშვილის ხმა) ”დიდი მცდელობის შედეგად, 12 კაცის მოძიება საქართველოში, რომ ოპოზიცია დაირქვას დღევანდელ პარლამენტში, რასაკვირველია, მისალოცია ჩვენი უმრავლესობისთვის... რაც შეეხება შედეგს მათი საქმიანობისა, ოპოზიციაც მალე დარწმუნდება, რომ ისინი რეალურად აღმოჩნდნენ არა პარლამენტში, არამედ – პარტიის კრებაზე. და ეს პარტია მათი სულაც არ არის.” (სტილი დაცულია)

პარლამენტს ”პარტიის კრებად” ქრისტიან-დემოკრატები მას შემდეგ არ აღიქვამენ, რაც ხელისუფლებამ მათ მიერ მომზადებული ”ანტიკრიზისული მემორანდუმის” გარკვეული მუხლების შესრულება დაჩქარებული წესით დაიწყო. არაერთგზის გაკეთებული განცხადების მიხედვით, პროცესი საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გიორგი თარგამაძის აზრით, ოპოზიცია უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ქმედითი ბერკეტი მოიპოვოს და რომ ფრაქციისა და უმცირესობის შექმნით ოპოზიცია პოზიციებს კიდევ უფრო განიმტკიცებს. საპარლამენტო ოპოზიცია გარეთ დარჩენილ კოლეგებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გარეთ დარჩენილები კი მათ ძირითადად ხელისუფლების შტოდ აღიქვამენ.
XS
SM
MD
LG