Accessibility links

რადოვან კარაჯიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე


ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი დღეს პირველად წარდგა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. მას წაყენებული აქვს 11 ბრალდება

- ყველა დაკავშირებულია ბოსნიის 1992-95 წლების ომში არა-სერბების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან. მოელიან, რომ სასამართლო პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება - თუმცა, სავარაუდოდ, არც ისე ხანგრძლივი, როგორც სლობოდან მილოშევიჩის გახმაურებული საქმე იყო.

კაცი, რომელსაც “ბოსნიელ ყასაბს” უწოდებდნენ და რომელიც თითქმის 13 წელი ემალებოდა მართლმსაჯულებას, დღეს პირველად წარდგა გაეროს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე მას შემდეგ, რაც პირველი ღამე დაჰყო ტრიბუნალის საპყრობილეში. როგორც უკვე ვიუწყებოდით, კარაჯიჩი გუშინ დილით ჩაიყვანეს ჰააგაში.

დღეს დილას კი ჟურნალისტებს ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო ტრიბუნალის პრეს-მდივანმა, ნერმა იელაჩიჩმა განუმარტა, რა მოელის კარაჯიჩს ტრიბუნალის დღევანდელ სხდომაზე: [იელაჩიჩის ხმა] “მას ამ ტრიბუნალის მოსამართლე დაუსვამეს შეკითხვას დაკავების პირობებზე, რომელშიც მას ამყოფებენ; შეეკითხება, რამდენად შესწევს უნარი, გაერკვეს პროცედურებში, რომლებიც ჯერ წინ არის და დაუსვამს შეკითხვებს ტრიბუნალის წესებსა და პროცედურებზე, რომლებიც გუშინ განუმარტეს, გაეროს ტრიბუნალის საპყრობილეში მისი ყოფნის პირველ დღეს”.

დღესვე კარაჯიჩს მიმართესე შეკითხვით, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ 11 ბრალდებასთან დაკავშირებით. მათ შორის ყველაზე მძიმე, გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ბრალდებები უკავშირდება 8 000 მუსლიმანი მამაკაცისა და ბიჭუნას დახოცვას სრებრენიცაში და სარაევოს 44-თვიან ალყას, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა 12 000-ზე მეტ ადამიანს.

მოსალოდნელია, რომ კარაჯიჩი თავადვე გაუძღვება საკუთარ დაცვას, მაგრამ დახმარებას მიიღებს ადვოკატების მთელი გუნდისაგან. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ თავს თვითონვე იცავდა სლობოდან მილოშევიჩიც - იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სასამართლო პროცესიც რამდენიმე წელი გაგრძელდა და 2006 წლის მარტში მილოშევიჩის გარდაცვალებით - განაჩენის გარეშე დასრულდა.

მილოშევიჩის სასამართლო პროცესში ჰააგის ტრიბუნალის მთავარმა ბრალმდებელმა, ჯეფრი ნაისმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ მოკლე არც კარაჯიჩის პროცესი იქნება. [ნაისის ხმა] “ცხადია, პროცესი ძალიან მოკლე არ იქნება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ კარაჯიჩის საქმეში სამხილები უფრო კონცენტრირებულია - გეოგრაფიულად და დროის მხრივაც - ვიდრე მილოშევიჩის შემთხვევაში იყო და შესაძლოა იყოს სამხილებიც, რომლებიც უფრო ძლიერია, ვიდრე მილოშევიჩის საქმეში. პროცესი, ალბათ, არ გაიწელება ისე, როგორც მილოშევიჩის სასამართლო. სირთულე, რასაკვირველია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოსამართლის დამოკიდებულებაში კარაჯიჩისადმი, თუ ის, როგორც მისი სახელით ითქვა, თვითონ გაუძღვება დაცვას”.

ჯეფრი ნაისი მოელის აგრეთვე, რომ კარაჯიჩი გამოიყენებს ტაქტიკას, რომელსაც მილოშევიჩს იყენებდა პროცესის გასაწელად. [ნაისის ხმა] “კარაჯიჩმა შესაძლოა სცადოს სასამართლო პროცესის გაგრძელება ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებისთვის დროის დათმობით. მაგრამ შესაძლოა, ახლა მოსამართლეებიც უკეთ იყვნენ მომზადებული საამისოდ და ის გააჩერონ ხოლმე და სასამართლო პროცესი მხოლოდ სამართლებრივი საკითხებით შემოფარგლონ”.

ჰააგის ტრიბუნალის ყოფილი ბრალმდებლის კიდევ ერთი ვარაუდით, კარაჯიჩის სასამართლო პროცესი მომავალ წლამდე არ დაიწყება, რადგან სასამართლო შეეცდება, მას საკმარისი დრო მისცეს დაცვის მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG