Accessibility links

logo-print

საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და სამხედრო წვრთნა კავკასიაში


დღეს, 31 ივლისს, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა საერთაშორისო სამხედრო სწავლების, ”მყისიერი პასუხის” -"Immediate Response"-ის - დასრულების საზეიმო ცერემონია.

ყოველწლიურმა პროექტმა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალებსა და მის მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და თავსებადობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, მონაწილეები კმაყოფილი დატოვა, ხოლო მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთს არ დაუმალავს, რომ საქართველოს საზღვართან მის მიერ ორგანიზებული სამხედრო წვრთნა - ”კავკაზ 2008” - საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება. საერთაშორისო მოკავშირეების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება მიუღებელია აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის, რომელიც, ამ ფონზე, საკუთარი თავდაცვის სფეროს გაძლიერების აუცილებლობას ხედავს.

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე 2-კვირიანი წვრთნა, რომელიც 15 ივლისს დაიწყო, დაახლოებით 1700-მა ჯარისკაცმა გაიარა. ქართველი სამხედროების გვერდით იყვნენ კოლეგები აშშ-დან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. გათამაშდა ანტიტერორისტული სპეცოპერაციების არაერთი სცენარი, სწორედ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ამჟამად დგას ტერორიზმთან მებრძოლი მსოფლიო თანამეგობრობა. შედეგებით კმაყოფილი დარჩა ამერიკის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი უილიამ გარეტი. მას მიაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დავალებებს იოლად გაართვეს თავი და შესაძლებლობებიც მაქსიმალურად გამოამჟღავნეს. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბათუ ქუთელია, რომელიც 31 ივლისს ვაზიანის ბაზაზე საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა, დარწმუნებულია, რომ ”იმიდიათ რისპონსის” ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს:

(ბათუ ქუთელიას ხმა) ”...გამოცდილება, რომელიც ზუსტად ეხმიანება იმ საბრძოლო ამოცანებს, იმ პრობლემებს და იმ შესაძლო საფრთხეებს, რომელიც ჩვენი ჯარის წინაშე შეიძლება დადგეს.” (სტილი დაცულია)

სხვებთან ერთად, გამოცდილება ნამდვილად გამოადგებათ წვრთნაში მონაწილე მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, სწორედ მათ, ვინც ნოემბერ-დეკემბერში ერაყში უნდა გაემგზავროს და იქ პირველი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაანაცვლოს.

ყოველწლიური საერთაშორისო სამხედრო წვრთნა ”იმიდიათ რისპონსი” საქართველოში პირველად ჩატარდა. როგორც სამხედრო სფეროს ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, ამერიკული მხარე საკმაოდ მომზადებული ჩამოვიდა:

(ირაკლი ალადაშვილის ხმა) ”1100 ამერიკელი სამხედრო, თავისი პირადი შეიარაღებით, იყო ჩამოსული საქართველოში. სხვათა შორის, ეს, მე მგონი, პირველი ფაქტია... 80 ერთეულამდე ტექნიკა ჰქონდათ, მაგრამ ეს იყო, ძირითადად, ”ჰამერის” ტიპის ავტომობილები და 2 სამედიცინო დანიშნულების შვეულმფრენი (Black Hawk)... ახლა რაღაც მძიმე ტექნიკა მათ არ ჩამოუტანიათ.” (სტილი დაცულია)

საქართველოსადმი ამერიკელებისა და არამხოლოდ ამერიკელების მხარდაჭერით, მოსკოვის გარდა, გაღიზიანებულია სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებაც. 31 ივლისს, სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების შემდეგ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საქართველო ახსენა:

(სერგეი ბაღაფშის ხმა) ”ომი არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად... ჯერ ისევ არსებობს სამხედრო კონფლიქტის განახლების საფრთხე... არ არსებობს სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის საერთაშორისო გარანტიები. მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა ასე აქტიურობს საქართველოს არმიის აღჭურვისა და წვრთნის საქმეში, ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად მივუდგეთ ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი ჩვენი ხალხის უსაფრთხოების საკითხებს.”

ამ კომენტარში ბაღაფშს არაფერი უთქვამს რუსეთზე, თუმცა თავად მოსკოვს არ დაუმალავს, რომ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან გაჩაღებული სამხედრო წვრთნა - ”კავკაზ 2008” - ძირითადად სწორედ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები აშკარად აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში ჯერ ისევ მიმდინარე სწავლებაში ჩართული სამხედრო შენაერთები მშვიდობის დასამყარებლად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იქნებიან გადასროლილნი. ირაკლი ალადაშვილის თქმით, რუსეთი სამხედრო წვრთნის საზღვართან გამართვის ხელსაყრელ პრაქტიკას ითვალისწინებს:

(ირაკლი ალადაშვილის ხმა) ”... ერთია, როდესაც განგაშით წამოაყენებ სამხედრო დანაყოფებს და მათ გადაისვრი საზღვრისკენ... ჯერ ერთი, ამას დრო უნდა და, ამის გარდა, ჩანს ეს, ყვირის, როდესაც ასეთი რამ ხდება... და მეორეა, როდესაც სამხედრო სწავლება უშუალოდ უკვე მიმდინარეობს საზღვართან სიახლოვეს და იქიდან მოხსნა და ნაწილების უფრო ახლოს გადაყვანა საზღვართან ან გადალახვა საზღვრის, ეს უფრო ნაკლებად ჩანს და უფრო მოსახერხებელია...” (სტილი დაცულია)

სამხედრო ექსპერტი, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი იხსენებს, რომ საქართველოს საზღვართან წვრთნების გამართვის ერთგვარი ტრადიცია რუსეთმა 2004 წლიდან დაამკვიდრა. მაშინ განსაკუთრებით დაძაბული იყო ვითარება ცხინვალის რეგიონში და რუსეთს ბევრი აღარაფერი დააკლდა, რომ მასშტაბური სამხედრო ძალით შემოჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG