Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაციის თავისუფლების კვირეული


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისში 1–დან 10 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაციის თავისუფლების კვირეულს აწყობს.

კვირეულის მიზანია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ განიხილოს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება და შეაფასოს პრობლემები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დანერგვას უშლის ხელს.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციულ მონიტორინგს, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკის ანალიზსა თუ სხვა ტიპის საკვლევ სამუშაოებს წლების მანძილზე სწორედ იმ ინსტრუმენტის საშუალებით ახორციელებს, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლება ჰქვია.

[თამარ გურჩიანის ხმა]“ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი, მაგალითად, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იმავე სამოქალაქო სექტორიდან ბევრი თვლის, რომ ინფორმაციის თავისუფლება აღარ არის ისეთი აქტუალური თემა, იმიტომ რომ ასე თუ ისე სახელმწიფომ დანერგა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა პრაქტიკაში, სინამდვილეში ეს ასე არ არის მარტივი მიზეზის გამო. ეს თემა დღითი დღე უფრო და უფრო საინტერესო ასპექტებს იძენს და ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ლაიტმოტივი არის სწორედ ახალი გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე.“ (სტილი დაცულია)

ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის კოორდინატორი თამარ გურჩიანი. კვირეული, ახალი გამოწვევების მიხედვით, მრავალი ღონისძიებისგან შედგება – ლექციები და დისკუსიები კი ისეთ თემებზე გაიმართება, როგორიცაა: ინფორმაციის მოპოვების სირთულე საჯარო დაწესებულებებში, სასამართლო პრაქტიკა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და სხვ. საგანგებო მსჯელობის საგანი იქნება ევროპის საბჭოს განხილვის სტადიაში არსებული კონვენცია ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის მოსმენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2008 წლის სექტემბერში იგეგმება. კონვენციის მიღებით, ევროპა პირველად აღიარებს ადამიანის ცოდნის უფლებას, როგორც ფუნდამენტურ უფლებას. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს ევროპის საბჭოში წარგზავნილ საქართველოს დელეგაციის წევრებს ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი წინადადებებით სრულყოფილი დოკუმენტის შექმნა უზრუნველყონ.

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონვენცია ევროსაბჭომ უნდა მიიღოს და ეს დოკუმენტი უნდა გახდეს მყარი გარანტი, რომ ევროსაბჭოს წევრებმა ისეთი კანონმდებლობა მიიღონ და ისეთი კანონმდებლობა შეინარჩუნონ, რაც ჩვენთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ინფორმაცია ღია იყოს.“(სტილი დაცულია)

ამბობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, რომლის აზრითაც, ინფორმაციის ღიაობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კონვენციის პროექტი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმს ავრცელებს სასამართლოსა და პარლამენტზე, მაშინ როდესაც ევროსაბჭოს კონვენციის პროექტი ამ ორგანოებს საჯარო ინფორმაციის სავალდებულო გავრცელების სფეროდან გამორიცხავს.

[თამარ გურჩიანის ხმა]“ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ევროპული სტანდარტების შექმნაშიც მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ინფორმაციის თავისუფლება არ არის პრიორიტეტი ძველი ევროპული სახელმწიფოებისთვის, ყველაზე მთავარი მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის და, შესაბამისად, ჩვენი პრაქტიკა უნდა მიიღოს მხედველობაში ევროპამ. ამიტომაც ჩვენ მივმართავთ ევროპის საბჭოში საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც სულ ახლახან დაინიშნა, რომ მხარი დაუჭიროს უფრო ძლიერი კონვენციის მიღებას, ვიდრე ახლა არის, იმიტომ რომ, დღევანდელი რედაქციით, კონვენცია პრაქტიკულად უფრო სუსტია, ვიდრე ჩვენი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.“ (სტილი დაცულია)

შენიშნავს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი თამარ გურჩიანი, რომლის შეფასებითაც, სახელმწიფო სტრუქტურებში, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, გამოირჩევიან ძალოვანი უწყებები, განსაკუთრებით - გენერალური პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო.
XS
SM
MD
LG