Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელი უაყოფს რადოვან კარაჯიჩთან რაიმე სახის გარიგების არსებობას


ამ დღეებში მთელი მსოფლიოს მასმედია აშუქებს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის,

სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რადოვან კარაჯიჩის პირველ გამოსვლას - იქნება ეს მისი შეცვლილი გარეგნობა (წვერის მოპარსვისა და გრძელი თმის შეჭრის შემდეგ), თუ გადაწყვეტილება თვითონვე დაიცვას თავი სასამართლო პროცესზე. თუმცა, გამორჩეული ინტერესი გამოიწვია კარაჯიჩის კიდევ ერთმა განცხადებამ, რომელიც, თითქოსდა, შეერთებულ შტატებთან არსებულ გარიგებას ეხებოდა.

კარაჯიჩი ირწმუნება, რომ მას 1996 წელს შეერთებულმა შტატებმა, კერძოდ, მაშინდელმა ამერიკელმა სამშვიდობო შუამავლმა რიჩარდ ჰოლბრუკმა შესთავაზა შემდეგი გარიგება: თუ კარაჯიჩი პოლიტიკას ჩამოსცილდებოდა და წინ არ აღუდგებოდა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას (1996 წელს ამ შეთანხმებამ მოუღო ბოლო ბოსნიის ომს), მაშინ აშშ შეეცდებოდა კარაჯიჩისთვის აეცილებინა ომის დანაშაულების ბრალდება.

[კარაჯიჩის ხმა] “ჩემი დაპირება იყო, ჩამოვცილებოდი საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხელი არ შემეშალა დეიტონის შეთანხმების შესრულებისთვის, ჩამოვცილებოდი ლიტერატურულ ცხოვრებასაც კი და ყველა სახის საზოგადოებრივ ცხოვრებას”.

კარაჯიჩი ამბობს ასევე, რომ აშშ შეეცადა, დაერწმუნებინა მთავარი ბრალმდებელი, არ წაეყენებინა ბრალდება ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერისთვის, მაგრამ მაშინდელი ბრალმდებელი რიჩარდ გოლდსტოუნი უარზე დადგა და გადადგომითაც კი დაიმუქრა. კარაჯიჩი როგორც ვარაუდობს, ზოგს მისი “ლიკვიდაციაც” სურდა.

[კარაჯიჩის ხმა] “ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ბატონ ჰოლბრუკს ჩემი სიკვდილი უნდა და ხელი ასე შორს მიუწვდება, მაინტერესებს, აქაც თუ მომწვდება”.

რიჩარდ ჰოლბრუკი იმავე დღეს, ხუთშაბათს გვიან საღამოს გამოეხმაურა კარაჯიჩის ბრალდებებს. მან “აღმაშფოთებელი” სიცრუე უწოდა განცხადებას, რომ თითქოს არსებობდა გარიგება, რომელიც კარაჯიჩს სამხედრო დანაშაულებში ბრალდებისაგან გადაარჩენდა. “ასეთ გარიგებაზე ვერ წავიდოდი, რადგან ის არაეთიკური და ამორალური იქნებოდაო”, დასძინა ჰოლბრუკმა ჰოლანდიის ტელევიზიის ღამის საინფორმაციო პროგრამა “ნოვასთან” ინტერვიუში.

და თუ ჰოლბრუკმა “აღმაშფოთებელი სიცრუე” უწოდა კარაჯიჩის განცხადებას, სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლე ალფონს ორიმ ის უადგილოდ მიიჩნია - ბრალდებულს აუწყა, რომ სასამართლო პროცესის პირველი დღე ამ საკითხზე სასაუბროდ არ გამოდგება, მაგრამ ბრალდებულს მომავალში მიეცემა საშუალება, დეტალურად ილაპარაკოს აშშ-თან თითქოსდა არსებულ გარიგებაზე.

[ალფონს ორის ხმა] “ბატონო კარაჯიჩო, თქვენ, როგორც ჩანს, გსურთ ამ სასამართლოს ყურადღება მიაპყროთ გარკვეულ შეთანხმებას, რომელიც თითქოსდა გარკვეული სახელმწიფოების წარმომადგენელთა შორის დაიდო. სასამართლომ, რასაკვირველია, არაფერი იცის ასეთ შეთანხმებაზე. თუ გსურთ ამ საკითხის წამოჭრა, მაშინ ჩვენთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ხელთ გვქონდეს ყველა ფაქტი”.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ინფორმაცია აშშ-სა და კარაჯიჩს შორის თითქოსდა არსებულ გარიგებაზე, ახალი არ არის. მასზე ლაპარაკია, მაგალითად, ბოლოხანს გამოსულ წიგნში, რომლის ავტორიცაა ჰააგის ტრიბუნალის ყოფილი მთავარი ბრალმდებლის, კარლა დელ-პონტეს ასევე ყოფილი თანაშემწე ფლორანს ჰარტმანი.

ამდენად, კარაჯიჩის სასამართლო პროცესისთვის თვალის მიდევნება ნამვდილად ღირს - ბევრ საკითხთან ერთად იმის გასარკვევადაც, თუ რა ზომებს მიმართავენ არასასურველი პოლიტიკური ლიდერების გზიდან ჩამოსაცილებლად.
XS
SM
MD
LG