Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღმასვლა რუსეთის საფინანსო ბაზრებზე


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გუშინ განუცხადა ოფიციალურ პირებს, რომ სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ბიზნესის სამყაროს წარმომადგენელთა “დაშინება”.

[მედვედევის ხმა] ”შეგვაწუხა ამდენმა რეიდმა და შემოწმებამ კომერციულ ორგანიზაციებში. და საერთოდაც, მოვიდა დრო, ჩვენმა სამართლადამცავებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა შეწყვიტონ ბიზნესის დაშინება.” იქვე მედვედევმა დასძინა, რომ რუსეთში შეკრული წრე მოქმედებს - ბიზნესის წარმომადგენლებს უკანონო გზებით ართმევენ ფულს, მაშინ როდესაც თავად ბიზნესმენები სამართალდამცავი ინსტიტუტების კორუმპირებულობის ხარისხის ზრდას უწყობენ ხელს.

ეს განცხადება მედვედევმა, როგორც უკვე აღინიშნა, ხუთშაბათს გააკეთა. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე რუსეთის აქციები 20-მდე პროცენტით გაუფასურდა. მიზეზად ანალიტიკოსები ასახელებენ კრემლის მიდრეკილებას არც თუ რბილი მეთოდებისადმი უცხოელ ინვესტორებთან, თუ ადგილობრივ, რუს მეწარმეებთან ურთიერთობაში.

დასავლური ნავთობკომპანიის მმართველი საბჭოს წევრი რუსეთიდან გარბის - მისი კომპანიის საქმიანობაზე დაწყებული გამოძიებისა და ოფიციალურ უწყებათა ღია ზეწოლის გამო. პრემიერ-მინისტრი პუტინი ლამის შეუნიღბავ მუქარას გამოთქვამს რუსეთში ქვანახშირისა და ფოლადის გადამამუშავებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ.

ეს ბოლო პერიოდის მარტო ორი მაგალითია, რომელიც - ანალიტიკოსების განმარტებით - ასახავს მეთოდს, კრემლი რომ იყენებს მსხვილ კორპორაციებზე კონტროლის დასამყარებლად. მეთოდი ნაცადია, მაგრამ მის შედეგებს ამჯერად სიახლე ახლავს: რუსეთში აქციების გაიაფება, ინვესტორების გაქცევა, შესაძლო ეკონომიკური დაღმასვლით გამოწვეული შეშფოთება...

ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში, ექსპერტმა, საინვესტიციო კომპანია “ერმიტაჯ კეპიტალ მენეჯმენტის” ხელმძღვანელმა ბილ ბრაუდერმა რუსეთის ამჟამინდელ საინვესტიციო გარემოს უწოდა “ყველაზე არასახარბიელო” გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისის შემდეგ.

[ბრაუდერის ხმა] “როცა ხალხი მოდის და მეკითხება, ჩავდო თუ არა ინვესტიცია რუსეთშიო, აი, მე რას ვეუბნები: რამდენად სწრაფად შეძლებდით იმის გაყიდვას, რაშიც ინვესტირებას აპირებთ-მეთქი? რადგან, თუ სწრაფად ვერ გაყიდე, შეიძლება დაკარგო. მე არავის ვურჩევდი პირდაპირ ინვესტირებას რუსეთში”.

რუსულ-ბრიტანული ერთობლივი საწარმოს, TNK-BP-ის გასაკონტროლებლად ამჟამად მიმდინარე კონფლიქტი ბილ ბრაუდერს აგონებს საკუთარ დაპირისპირებას მოსკოვის პოლიტიკურ და ბიზნესელიტასთან - ის 2005 წელს რუსეთიდანც კი გააძევეს ბიზნესგარემოს მრავალგზის გაკრიტიკების გამო.

ახლა კი (გასულ კვირაში) რუსეთიდან გაქცევით უშველა თავს რობერტ დადლიმ - TNK-BP-ის ერთობლივი საწარმოს აღმასრულებელმა დირექტორმა - მას შემდეგ, რაც რუსეთში უარი უთხრეს ვიზის გაგრძელებაზე. თვით კომპანიაში ამჟამად რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს, რაც, ბილ ბრაუდერის შეფასებით, ცხადჰყოფს: ვიღაც ცდილობს კომპანია წაართვას რობერტ დადლის...

[ბრაუდერის ხმა] “ვიღაც ცდილობს მის კომპანიაზე თავდასხმას - ან ბიზნესპარტნიორი, ან კიდევ სახელმწიფო. ის ფაქტი, რომ ბოლო სულ რამდენიმე თვეში 14 სხვადასხვა გამოძიება ჩაუტარეს TNK-BP-ისა და დადლის, აჩვენებს, რომ მაგ საქმეში ვიღაცის ხელი ურევია. არ ვიცი ვინ ესხმის თავს, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ამას თავდასხმა ჰქვია”.

ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ BP-ის (ანუ, “ბრიტიშ პეტროლიუმის”) რუსი პარტნიორები ცდილობენ, საქმეს ჩამოაცილონ ბრიტანელი დირექტორი. ლაპარაკია რუსულ პარტნიორ კომპანიებზე, რომელთაც აკონტროლებენ კრემლთან დაახლოებული ოლგარქები - მიხაილ ფრიდმანი, გერმან ხანი, ვიქტორ ვექსელბერგი ლენ ბლავატნიკი. მიზანია, სავარაუდოდ, TNK-BP-ის ინტეგრაცია სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტში”, ან გაზის მონოპოლისტ “გაზპრომში”.

იმ დღეს, როცა რობერტ დადლი რუსეთიდან გარბოდა, 24 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომელმაც, როგორც ექსპრტები ირწმუნებიან, შეაზანზარა რუსეთის საფინანსო ბაზრები...

ნიჟნი ნოვგოროდში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა შემდეგი რამ თქვა ქვანახშირისა და ფოლადის გადამამუშავებელ კომპანია “მეჩელის” (რუსული კომპანიის) ხელმძღვანელ იგორ ზიუზინზე:
[პუტინის ხმა] “არის ჩვენში ასეთი პატივცემული კომპანია: “მეჩელი”. კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელი იგორ ვლადიმირის ძე ზიუზინი დღევანდელ თათბირზე მოვიწვიეთ, მაგრამ ის უცებ ავად გახდა. ამასობაში ცნობილია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანია საზღვარგარეთ ყიდდა ნედლეულს ორჯერ უფრო იაფად, ვიდრე შიდა ბაზრის და, მაშასადამე, მსოფლიო ბაზრის ფასებია. მაშ, მოგება სადღაა? სახელმწიფოსთვის გადასახადების სახითაც? რასაკვირველია ავადმყოფობა ავადმყოფობაა, მაგრამ ვფიქრობ, იგორ ვლადიმირის ძე მალე უნდა გამოჯანმრთელდეს, სხვაგვარად მასთან ექიმის გაგზავნა გახდება საჭირო და მთელი ამ პრობლემების მოსუფთავება.”

ამ განცხადებას მალევე მოჰყვა საქმე - აღძრულია საქმე კომპანია “მეჩელის” წინააღმდეგ. “მეჩელის” აქციები, რა გასაკვირია, მკვეთრად დაეცა. მაგრამ გაუარესდა მაჩვენებლები რუსეთის ორ მთავარ საფინანსო ბირჟაზეც - მათ შორის მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე, რომელზეც რუსული რუბლი დომინირებს.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ექსპერტმა სერგეი დანსკოიმ განმარტა, რატომ მოჰყვა ესოდენ მკვეთრი რეაქცია პუტინის განცხადებას “მეჩელის” ხელმძღვანელზე. [დანსკოის ხმა] “რატომ გამოიწვია ამან ასეთი რეზონანსი? იმიტომ, რომ ბაზარი არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია. და ნებისმიერი მკვეთრი შენიშვნა ნერვიულობით მოცულ ბაზარზე ხშირად იწვევს ხოლმე ძალიან ძლიერ რეაქციას”.

აქ უნდა ითქვას, რომ რუსეთის აქციები განუწყვეტლივ ეცემა მაისის შემდეგ, როცა სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია. მაგალითად, საფინანსო ბირჟა RTS-ის მაჩვენებელი 22 პროცენტით არის შემცირებული.

თუ ისევ კომპანია “მეჩელის” ხელმძღვანელის მისამართით გამოთქმულ აშკარა მუქარას დავუბრუნდებით, ამ ეპიზოდმა ბევრს გაახსენა მიხაილ ხოდორკოვსკის ბედი. მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ხოდორკოვსკი - ნავთობკომპანია “იუკოსის” ხელმძღვანელი - 2003 წელს დააპატიმრეს, რის შემდეგაც “იუკოსის” საკუთრება სახელმწიფო კომპანია “როსნეფტში” იქნა ინტეგრირებული.

თუმცა, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ცნობილი ოპონენტი, ბორის ნემცოვი, ხოდორკოვსკის საქმესთან სხვაობასაც ხედავს, როცა კომპანია “მეჩელის” ხელმძღვანელ, იგორ ზიუზინის მისამართით პრემიერ-მინისტრ პუტინის კრიტიკაზე ლაპარაკობს: [ნემცოვის ხმა] “რას წააგავს? ხოდორკოვსკის საქმეს არ გავს, რადგან ზიუზინს პოლიტიკა არ აინტერესებს, არ არის პუტინის პოლიტიკური კონკურენტი. სამაგიეროდ არის მისი ბიზნეს-კონკურენტი. საქმე ის არის, რომ პუტინი ხომ ბიზნესმენია - ის ხელმძღვანელობს მთელს ჩეკისტურ ბიზნეს-იმპერიას”.
XS
SM
MD
LG