Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზეზით გამოაძევეს საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან


31 ივლისს, ხუთშაბათს, კიევიდან თბილისში იძულებით დააბრუნეს საქართველოს 7 მოქალაქე, რომლებიც მანამდე დაახლოებით 2 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ აეროპორტში, ყველასაგან იზოლირებულ სარეჟიმო ზონაში.

გავრცელებული ცნობით, დეპორტაციას ელოდება საქართველოს კიდევ 10 მოქალაქე. რა მიზეზით გამოაძევეს საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან და რა კავშირშია ამ ფაქტთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელსაც საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ ”რასისტული” უწოდა?

შეგვყარეს რაღაც შემოღობილში და იქ დაგვამწყვდიეს... ვერ გავიგეთ, რა მიზეზით...დეკლარაციის შევსებასაც არ გვაცლიდნენ, - ასე იხსენებენ ბოლო დღეების მძიმე ხვედრს უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები. საქართველოს იმ 7 მოქალაქესთან, რომლებიც ხუთშაბათს კიევიდან თბილისში გამოაბრუნეს, შეხვედრა ვერ მოახერხა საქართველოს კონსულმა უკრაინაში თეიმურაზ ნიშნიანიძემ. ჯერ ერთი, ის არ შეუშვეს სარეჟიმო ზონაში, სადაც სადეპორტაციოდ მომზადებული ქართველები იმყოფებოდნენ, და, მეორე, როგორც ჩანს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მხარე დროზე არ ჩააყენეს საქმის კურსში:

(თეიმურაზ ნიშნიანიძის ხმა) ”სამშაბათს საღამოთი ჩამოფრინდა ”ნაციონალური ავიახაზები” და მგზავრებიდან არ გამოატარეს 7 მოქალაქე საქართველოსი. მე ეს ინფორმაცია მივიღე ოთხშაბათს, დილის 10 საათზე, უკრაინის მოქალაქისგან, რომელიც ხვდებოდა მოქალაქეებს, იყო დამხვედრი მხარე. მან გამოთქვა აღშფოთება, რომ მეო ამ ხალხს ვხვდებოდიო, ვღებულობდი ჩემთან ბინაშიო და არ გამოატარესო... მე დავუკავშირდი ”ბორისპოლის” აეროპორტის სასაზღვრო ძალებს და მივიღე პასუხი, რომ ეს 7 მოქალაქე არ იყო გამოტარებული, ვინაიდან გასაუბრების დროს, სასაზღვრო პუნქტის გავლის დროს, ვერ უთხრეს ნორმალურად, თუ სად მიდიოდნენ ისინი და ეგრეთ წოდებულ საემიგრაციო ბარათებში ვერ მიუთითეს მისამართი, თუ ისინი სად გაჩერდებოდნენ ქალაქ კიევში... და ასევე, თანხა მათ თან ჰქონდათო ძალიან ცოტაო - ამ თანხიდან გამომდინარე, ისინი 3 თვე ვერ იქნებოდნენო უკრაინაშიო... რის შედეგადაც, ხუთშაბათს საღამოს გაუკეთეს 6-თვიანი ”დეპორტები” და გამოუშვეს საქართველოში.” (სტილი დაცულია)

საქართველოს კონსული უკრაინაში თეიმურაზ ნიშნიანიძე ამბობს, რომ ქართველებისთვის ზუსტი მონაცემების მოთხოვნით უკრაინელ მესაზღვრეებს კანონი არ დაურღვევიათ. არსებობს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომელიც არეგულირებს უცხოელების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას, განთავსებასა და უკან გასვლას. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში შესვლისას ვიზა არ მოეთხოვება, ვალდებულია სასაზღვრო პუნქტის გავლისას შეავსოს საემიგრაციო ბარათი, სადაც უნდა მიუთითოს ვინაობა, პასპორტის ნომერი, უკრაინაში ჩასვლის მიზანი და მისამართი, სადაც ისინი პირველი სამი თვის მანძილზე იცხოვრებენ. 3 თვის შემდეგ კი ისინი ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ან დატოვონ უკრაინა.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს ქართველების უკრაინიდან გამოძევების ფაქტი არ გაჰკვირვებიათ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, მომხდარს პირდაპირ უკავშირებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იური ლუცენკოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები უკრაინაში პრობლემებს ქმნიან როგორც კრიმინალური, ასევე სამედიცინო კუთხით:

(გიორგი გუგავას ხმა) ”ეს განცხადება იყო რასისტული თავისი შინაარსით, რადგანაც მან კრიმინალები გამოკვეთა ეროვნული კუთვნილების მიხედვით... და თქვენ უყურებთ, დეპორტაციის რა ნაკადი დაიწყო განუკითხავად იმისა, რომ აქვს კრიმინალური წარსული თუ არა აქვს, თუ საქმიანი ვიზიტით არის უკრაინაში, აძევებენ ქართველებს, დეპორტაციას აკეთებენ.” (სტილი დაცულია)

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა ლუცენკოს განცხადებებს ”რასისტული” ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უწოდეს, ქართველების შეურაცხყოფად მიიჩნიეს და სპეციალური წერილიც გაგზავნეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის სახელზე.

საქართველოს კონსულს უკრაინაში თეიმურაზ ნიშნიანიძეს მსგავსი არაფერი სმენია და რომც სმენოდა, საქართველოსადმი კეთილგანწყობილი იური ლუცენკოსგან მას ასეთი რამ გაუკვირდებოდა კიდეც:

(თეიმურაზ ნიშნიანიძის ხმა) ”არა, პირველად მესმის, ვერ გეტყვით... ბატონი იური ლუცენკოსგან გასაკვირიც იქნებოდა, მას ასეთი პიროვნული რაღაც არ უნდა ჰქონდეს... არა მგონია, ნამდვილად.” (სტილი დაცულია)

როგორც რუსეთის მედია ირწმუნება, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ 18 ივლისს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას მართლაც ისაუბრა წესრიგზე, რომელიც სასწრაფოდ არის დასამყარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უკრაინაში ცხოვრების უფლების მოპოვების სფეროში. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შესულ ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყანას როგორც კრიმინალური, ასევე სამედიცინო კუთხით. მართალია, კომენტარის ამ მონაკვეთში მას საქართველო არ უხსენებია, მაგრამ, რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კონკრეტულად საქართველოს მაგალითი მან სწორედ ამავე ბრიფინგზე მოიყვანა.

”არ შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ მე ქართველი ხალხი არ მიყვარს”, - აცხადებს იური ლუცენკო და ამის დასტურად მოჰყავს თუნდაც მეგობრობა უკრაინის პარლამენტის დეპუტატ დავით ჟვანიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. თუმცა, ამის მიუხედავად, ლუცენკო კვლავაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასეულობით კავკასიელი - და, კერძოდ, ქართველები - ამჟამად წარმოადგენენ დიდ საფრთხეს როგორც ქუჩებში, ასევე უკრაინის მოქალაქეთა სახლებში. ”ჰოდა, ამიტომ, მეგობრობა ერთია, სამსახური კი - მეორე”, - ასეთია უკრაინელი მინისტრის დასკვნა.

ამგვარი განცხადებების ფონზე, ბევრს ბუნებრივად მიაჩნია, რომ უკრაინამ მის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ზომები განსაკუთრებით გაამკაცრა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG