Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათიდან მოყოლებული, ქართული პრესის მთავარი თემა იყო უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტები


ორშაბათიდან მოყოლებული, ქართული პრესის მთავარი თემა იყო უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტები და სამშვიდობო გეგმები.

”რეზონანსი” წერდა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, შედგება თუ არა გერმანიაში ქართულ-აფხაზურ-რუსული შეხვედრა. ,, სოხუმში ვიზიტის შემდეგ მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ აფხაზებისგან ზუსტი პასუხი ვერ მიიღო. თუმცა, მის მიერ თბილისში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმი ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე თანახმაა. ბერლინში საგანგებო შეხვედრა, სავარაუდოდ, აგვისტოში შედგება.
27 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იენს პლოტნერმა განაცხადა, რომ აფხაზები ბერლინში ჩავლენ და გერმანია მიესალმება მათ ამ გადაწყვეტილებას”, - წერდა ”რეზონანსი” ორშაბათს.
მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში ამ შეხვედრის თემა პრესის მუდმივი ინტერესის საგანი იყო.

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაეროს უშიშროების საჭოზე იმსჯელეს.
”24 საათი” წერდა,რომ სხდომის შემდეგ, ,, რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა კიდევ ერთხელ გაახმაურა კრემლის სურვილი, ზემო აფხაზეთიდან გაყვანილ იქნეს ქართული შეიარაღებული ძალები და ხელი მოეწეროს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის "ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" შეთანხმებას. "ჩვენ მივესალმებით გერმანული მხარის შემოთავაზებას ბერლინში სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ, თუ ქართული მხარე "ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" ხელშეკრულებას არ შეუერთდება და კოდორიდან ჯარს არ გაიყვანს, არც საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ შემუშავებულ სამეტაპიან გეგმას აქვს აზრი და არც ბერლინის სამმხრივ მოლაპარაკებას", – მოჰყავს გაზეთს ვიტალი ჩურკინის სიტყვები.

მოგვიანებით ”რეზონანსი” წერდა, რომ ბერლინში დაგეგმილი შეხვედრა 15-დან 20 აგვისტომდე გაიმართება, ,,თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, რა წარმომადგენლობის იქნება აფხაზური მხარე და ვინ მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას. სოხუმში აცხადებენ, რომ ამას მხოლოდ მაშინ გადაწყვეტენ, როცა ცნობილი გახდება, თუ ვის გაგზავნის თბილისი ბერლინში”, - წერს გაზეთი და, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად, თარიღის გადადებასთან დაკავშირებულ რამდენიმე ვერსიას განიხილავს. აი ეს ვერსიები: ,,პირველი ვერსია: სამხედრო მოქმედებების დაწყებას უნდა ველოდოთ. ცხინვალში გააქტიურებული ღამის სროლები, სეპარატისტების შეტევა და მცდელობა სარაბუკის სიმაღლის აღების - ამის ნათელი დასტურია.
მეორე ვერსია: აფხაზებს და რუსებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა სერიოზულად ჩამოყალიბდნენ ამ შეხვედრისთვის, ანუ სურთ, რომ პოლიტიკური აქცენტები კარგად შეისწავლონ.
მესამე ვერსია: დღეს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ეს მიბმულია საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საკითხთან."

შაბათს კი ”რეზონანსი” სწორედ პირველ ვერსიაზე ამახვილებს ყურადღებას. ,,დაიწყება თუ არა აგვისტოში ომი?” ამგვარია შაბათის ”რეზონანსის” მთავარი პუბიკაციის სათაური. გაზეთს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის სიტყვები მოჰყავს: ,,სიმართლე გითხრათ, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ ეს საშიშროება რეალურია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლო დროს, დასავლეთის ინტენსიური ჩარევის შემდეგ, ამ რისკმა დაიკლო”, - ვკითხულობთ ”რეზონანსში”.

დასავლეთის ჩარევაზე ბევრი დაიწერა ამ კვირის განმავლობაში. შაბათის ნომერში კი ”ალია” წერს, რომ გერმანიაში დაგეგმილი ქართულ-აფხაზური დიალოგის ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა თბილისში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი დაასახელა. ,,თბილისში სარკოზი, მერკელი და ბუში ჩამოდიან?” კითხულობს პუბლიკაციის სათაურში გაზეთი ”ალია”. გაზეთი წერს, რომ რეინტეგრაციის სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, მაგრამ ,, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ,,ალიას” კონფიდენციალურად განუცხადა, რომ არშემდგარი დიალოგის ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და თვით ჯორჯ ბუში ყოფილან”. გაზეთი წერს, რომ ”ალიასთან” საუბრისას წყარო აკონკრეტებს, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი იქნება შტაინმაიერის გეგმის შემდგომი პრომოუშენი. რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის, წყაროს თქმით, იგი თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვა და მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იქნება ამით საქართველოსთვის ევროპის მხარდაჭერა გამოხატოს. და, კიდევ, გაზეთი წერს, რომ საქართველოში ჩამოვა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც და ეს არის ყველაზე მთავარი ვიზიტი, რომლის გამოც გერმანიაში დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ დიალოგზე ითქვა უარი. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ”ალია” წერს, რომ ბუშის ვიზიტი საქართველოში კონდოლიზა რაისის ვიზიტისას დაიგეგმა. ”ალია” ასევე წერს, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურმა არ დაადასტურა.

სიტუაცია კი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დღითი დღე იძაბება. ”ახალი თაობა” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. კითხვას, რას უნდა ნიშნავდეს კოკოითის ბოლოდროინდელი გააქტიურება და მოქმედებს თუ არა იგი აფხაზ სეპარატისტებთან შეთანხმებით, დავით დარჩიაშვილმა უპასუხა.: ,, ამის მცდელობები იყო, კოკოითი ახორციელებდა ვიზიტებს ბაღაფშთან და პირიქით. ორივე ერთად მოსკოვში ხშირი სტუმრები არიან. ასე რომ, გარკვეულ კოორდინაციას მათ შორის ადგილი აქვს. მთლიანობაში ეს ყველაფერი რამდენად კოორდინირებულია, ძნელი სათქმელია. ”

”24 საათი” კი შაბათის ნომერში წერს: ,,გუშინ დილით ქართულ-ოსური კონფლიქტიის ზონაში მორიგი ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიჭრა.” - როცა მკითხველმა შაბათის პრესა იხილა, უკვე ცნობილი იყო, რომ კონფლიქტის ზონაში კვლავ ისვრიან და რომ ღამით იქაური მოსახლეობა და, განსაკუთრებით, სოფელი ნიქოზი სერიოზულად დაზარალდა. ამაზე უკვე ქართული პრესა დაწერს თავის მომდევნო ნომრებში.
XS
SM
MD
LG