Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის უმთავრესი მოვლენები საქართველოში


მიმდინარე კვირის უმთავრესი მოვლენები საქართველოში

ისევ კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება. სეპარატისტების მიერ წამოწყებულმა ინტენსიურმა სროლამ, რომელიც ცხინვალის რეგიონში 1 აგვისტოს ღამით, დაახლოებით ათის ნახევარზე, დაიწყო, სამწუხარო შედეგები მოიტანა.

(სროლის ხმა)

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს: ქვემო და ზემო ნიქოზს, ავნევს, ერედვსა და ერგნეთს. გამოყენებული იყო როგორც ავტომატური იარაღი, ასევე ყუმბარმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნები. ქართული მხარე იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა. ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება კი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. დე ფაქტო ლიდერები პროვოკაციის წამოწყებას, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქართულ მხარეს აბრალებენ.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაღუპულია ოსი ეროვნების 6 ადამიანი, ხოლო დაჭრილია - 14. ქართულ მხარეს მსხვერპლი არ არის, თუმცა დაიჭრა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, ნაწილობრივ დაინგრა და დაიცხრილა არაერთი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის კუთვნილი არაერთი ავტომანქანა. შაბათს კონფლიქტის ზონაში ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსი ცისფერჩაფხუტიანები მხოლოდ მეთვალყურის როლს ასრულებდნენ და დაძაბულობის გასანეიტრალებლად ვერაფერი გააკეთეს. სახელმწიფო მინისტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გამწვავებას ოსი სეპარატისტები ცდილობენ:

(თემურ იაკობაშვილის ხმა) ”ჩვენ არანაირად არ ვართ დაინტერესებული ესკალაციით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ესკალაცია არ მოხდეს... და ისიც ძალიან კარგად ჩანს, რომ სეპარატისტები თავიანთი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში.” (სტილი დაცულია)
სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მზად იყო სეპარატისტთა წარმომადგენელებთან პირდაპირი შეხვედრა გაემართა, მაგრამ ოსურმა მხარემ უარი თქვა. 1 აგვისტოს ინციდენტს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სეპარატისტთა მიერ მიმდინარე კვირაში განხორციელებულ სხვა თავდასხმებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, 28 ივლისს სეპარატისტთა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს შერეული სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებლების სამმხრივ ჯგუფსა და ეუთო-ს წარმომადგენელებს. 1 აგვისტოს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად კი დაიჭრა 5 პოლიციელი, მათ შორის ერთი – მძიმედ.
ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი დარწმუნებულია, რომ 1 აგვისტოს საბრძოლო ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა ეგრეთ წოდებული ოსური სამშვიდობო ბატალიონი. ყურაშვილის მიერ 2 აგვისტოს გაკეთებული განცხადება საკმაოდ ემოციური იყო:
(მამუკა ყურაშვილის ხმა) ”... შევაკვდები მე ამ სიტუაციას. ყველა ჩვენი ჯარისკაცი და ჩვენი პოლიციელი ნაბიჯს აღარ დაიხევს არასდროს უკან.” (სტილი დაცულია)
რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ 2 აგვისტოს გამოხატა მზადყოფნა საყოველთაო სამხედრო მობილიზებისა და მოძმე რესპუბლიკებიდან მოხალისე მებრძოლების მოწვევისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითიმ დახმარებისთვის ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას მიმართა და მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი წამოიწყო. საუბარია ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გადაყვანაზე ჩრდილოეთ ოსეთში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ვითარების მაქსიმალურად დაძაბვით სეპარატისტები ცდილობენ ყურადღება აფხაზეთიდან ცხინვალის რეგიონზე გადაიტანონ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ამოცანის შესრულება, ყოველ შემთხვევაში, ამ კვირის მასშტაბით, ნაწილობრივ მართლაც მოხერხდა. კვირის ბოლოს საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა ცხინვალის რეგიონი, მაშინ როცა თითქმის მთელი კვირის მანძილზე ძირითადი აქცენტი აფხაზეთზე კეთდებოდა.

საქმე ის არის, რომ აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მიმდინარე კვირაში ბერლინში დაგეგმილი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაშალა. გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ინიციატივით საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერების შეხვედრა ბერლინში 30-31 ივლისს უნდა გამართულიყო, მოლაპარაკებებზე იგეგმებოდა გერმანიის მიერ შემუშავებული იმ ცნობილი სამეტაპიანი გეგმის განხილვა, რომელიც აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

აქვე გავიხსენოთ, რომ გასულ კვირაში სწორედ სეპარატისტი ლიდერების დასაყოლიებლად ჩავიდნენ აფხაზეთში გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ იმით, რომ აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერები თითქოს მზად იყვნენ საქართველოსთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. მაგრამ ინფორმაცია მზადყოფნის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა.

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სეპარატისტები ბერლინში მხოლოდ აგვისტოს ბოლოს ჩასვლაზე თანხმდებიან და ისიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ფორმატით. აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ”ეს იქნება შეხვედრა და არა მოლაპარაკება, მით უფრო საქართველოს მხარესთან”. ლაკობამ ისიც განმარტა, თუ რა პოზიციით აპირებენ ბერლინში ჩასვლას სოხუმის წარმომადგენლები. ”პოზიცია ურყევია: კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა... ახალი არაფერია. ამ პირობების ნაცვლად ნებისმიერი სხვა ვარიანტი უარყოფილი იქნება”, - განაცხადა მან.

თბილისს კი, ზემო აფხაზეთიდან საპოლიციო ძალების გაყვანა დასაშვებად მხოლოდ დიდი გარიგების შემთხვევაში მიაჩნია. დიდ გარიგებაში კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა და მათ ადგილას საერთაშორისო საპოლიციო კონტინგენტის განთავსება იგულისხმება. ქართული მხარე თითქმის გამორიცხავს ბერლინის შეხვედრის აგვისტოში ჩატარების შანსს. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს სამუშაო კალენდარი ისედაც გადატვირთულია. ერთი სიტყვით, ბერლინის შეხვედრის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბერლინის შეხვედრა საბოლოოდ მაინც შედგება, რადგანაც მისი ჩაშლის შემთხვევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წარმომადგენელი რუსეთი ამ ჯგუფის კოორდინატორ გერმანიისგან არასასურველ რეაქციას მიიღებს.

თუმცა რუსეთი აფხაზეთთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებს თითქმის არასოდეს ითვალისწინებს. ასე იყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებითაც, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ბატალიონმა 1 ივნისს დაიწყო და 30 ივლისს დრანდაში საზეიმო ღონისძიებით დაასრულა. რისთვის აღადგინა რუსეთმა აფხაზეთში 54 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, 8 სარკინიგზო ხიდი და სხვა ობიექტები? აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას არ აღიარებს ჩატარებული სამუშაოების სამხედრო მიზანს:

[სტანისლავ ლაკობას ხმა] ”იცით, არაერთხელ გვითქვამს, რომ სამხედრო თანამშრომლობას ადგილი არა აქვს. სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა მოხდა სამეურნეო-ეკონომიკური მიზნებით.. მეტი არაფერი მომხდარა.. ”

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თემურ მჟავიას. რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთში გაწეული შრომის უკან ის სულ სხვა მიზანს ხედავს:

[თემურ მჟავიას ხმა] ”ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი სამხედრო-სტრატეგიულ მიზნებს უკავშირდება. ის 54 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი იმდენად არის ინტერესში, რამდენადაც მისი ბოლო წერტილი შედის ოჩამჩირეში, სადაც არის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა. ” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, თბილისის მიერ არაერთგზის დაგმობილი სამუშაოები უკვე შესრულებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ბატალიონის აფხაზეთიდან გასვლას საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის კეთილ ნებად ვერ აღიქვამს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ”ბატალიონის ყოფნა აფხაზეთში, საქმიანობა და ის ფორმა, რომლითაც მისი გაყვანა ხდება, უკანონოა.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG