Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


„რას სთავაზობს თემურ იაკობაშვილი ცხინვალს“– სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ქართული მხარე ცხინვალის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას კვლავაც გამოთქვამს,

იმისდა მიუხედავად, რომ კოკოითის რეჟიმის პოზიცია უცნობია. რა ვითარებაა ამ ეტაპზე კონფლიქტის ზონაში და რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული მხარე ვითარების ესკალაციის პირობებში? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „მთელი კვირა“ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს ესაუბრა. „ ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, დავსხდეთ მაგიდასთან და ყველაფერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადავწყვიტოთ. თუ ისინი აპირებენ პროვოკაციებს, მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდებათ. თუ ისინი აპირებენ სტატუს კვოს შენარჩუნებას, მე არ ვიცი, საკუთარ ხალხს რას ერჩიან, რომლებიც ამ ვითარებაში საკმაოდ სერიოზულად ზარალდებიან. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სამ არჩევანში, ანუ მოლაპარაკებები, პროვოკაციები და სტატუს კვო, ალბათ ყველაზე სწორი მოლაპარაკებები და კონფლიქტის გადაწყვეტა იქნება. ამაზე კი თანახმა ყველა მხარე უნდა იყოს“, განუცხადა გაზეთ „მთელ კვირას“ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
„რისთვის ჩაფრინდა ბრაიზა მოსკოვში“ – ამის თაობაზეც გაზეთ „მთელ კვირაში” წაიკითხავთ. გაზეთის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მოსკოვში ვიზიტის ოფიციალური მიზანი იყო შეხვედრა ეგრეთ წოდებულ მინსკის ჯგუფთან, რომელიც ყარაბახის პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობს. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ბრაიზას შეხვედრები ჰქონდა თავდაცვის სამინისტროშიც, სწორედ ცხინვალის პრობლემასთან დაკავშირებით.

„ნერვებზე თამაში“ - ასე აფასებს გაზეთი „24 საათი“ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, რომელთაც, თავის მხრივ, საომარი ესკალაციის დამგმობი განცხადებების კასკადი მოჰყვა. ერთად თავმოყრილ ამ ოფიციალურ შეფასებებს „24 საათის“ ფურცლებზე გაეცნობით. „ახალ თაობაში“ კი წაიკითხავთ ინტერვიუს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მიხაილ მინძაევთან. „ ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და ომის არ გვეშინია. თქვენი ხელისუფლების გადამკიდე, ყოველდღე ვართ ომის მდგომარეობაში და ყოველდღე იბომბება ცხინვალი. ჩვენი მიზანია დამოუკიდებლობა ან რუსეთში ინტეგრაცია და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მსხვერპლის გასაღებად მზად ვართ“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსს“ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა. მისი თქმით, ოსური მხარე ქართული ქალაქების დაბომბვას აპირებს.

ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას და, ზოგადად, ქართულ–ოსურ კონფლიქტს ეგრეთ წოდებული „დოკუმენტებით დადასტურებული ღალატის ანატომიით“ გამოეხმაურა გაზეთი „ვერსია“, რომლის ყურადღების ცენტრში დღეს შემდეგი საკითხები მოხვდა: ვინ აწერდა ხელს კაპიტულანტურ ხელშეკრულებებს და რატომ არ ისჯებიან შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვისათვის. “ვერსია“ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას ესაუბრა: ”მოქმედებები ამ მიმართულებით 1992 წელსვე დაიწყეს. რა გაკეთდა, თავად განსაჯეთ. ყველაფერს მაშინ ზედაპირულად უყურებდნენ. ერთ დოკუმენტში წერია რაღაც, მეორეში, შემდგომში, წინა დოკუმენტიდან არაფერია გადმოტანილი. მაგარი აჯაფსანდალია ამ მხრივ.”ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური კონფლიქტების ფორმალურად მარეგულირებელ, ეგრეთ წოდებულ კაპიტულანტურ, ხელშეკრულებებს” გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებზე გაეცნობით.
XS
SM
MD
LG