Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევსა და პუტინს შორის დაპირისპირება?


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასულ კვირაში სახელმწიფო მოხელეებს განკარგულება გასცა, შეწყვიტონ ბიზნესის ტერორიზება.

მედვედევის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი სწორედ ეს გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, როცა მკაცრად გააკრიტიკა ნახშირისა და ფოლადის მწარმოებელი გიგანტი, კომპანია "მეჩელი". ანალიტიკოსების აზრით, ეს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები ნათელყოფს განსხვავებულ ეკონომიკურ ინტერესებს, რომლებიც ამოძრავებთ მედვედევისა და პუტინის გარშემო შემოკრებილ გუნდებს.

31 ივლისს სმოლენსკში გამოსვლისას მედვედევმა იერიში მიიტანა კორუმპირებულ სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც უკანონო მეთოდებით ცდილობენ მეწარმეთაგან ფულის გამოძალვას.

მსგავს განცხადებებს რუსეთის ლიდერები არცთუ იშვიათად აკეთებენ და, როგორც წესი, ისინი უყურადღებოდ რჩება ხოლმე. მაგრამ მედვედევის ამ გამოსვლას მთელ ქვეყანაში ჰქონდა გამოძახილი. არა იმდენად მისი შინაარსის, რამდენადაც იმის გამო, თუ ვის წინააღმდეგ იყო ის მიმართული. იგულისხმება პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი.

საქმე ისაა, რომ 24 ივლისს პუტინი საჯაროდ დაესხა თავს კომპანია "მეჩელის" ხელმძღვანელს, იგორ ზიუზინს და მას ფასების ფიქსირებაში დასდო ბრალი. პუტინის გამოსვლა აღქმულ იქნა, როგორც სიგნალი, სამართალდამცავმა ორგანოებმაც არ დააყოვნეს და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ამან კი უარყოფითად იმოქმედა რუსეთის საფინანსო ბირჟებზე.

ანალიტიკოსების აზრით, ორი ლიდერის ეს დაპირისპირება წყალგამყოფია რუსეთის მმართველი დიარქიის ევოლუციაში. ის ასახავს მედვედევისა და პუტინის მმართველობის სტილებს შორის სხვაობას და ასევე ორი ლიდერის გარშემო შემოკრებილი ვიწრო წრეების ეკონომიკური და კომერციული ინტერესების განსხვავებას.

ფონდ "ჰერიტიჯის" მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელის, ევგენი ვოლკის აზრით, საქმე გვაქვს მედვედევის გარშემო მყოფ ტექნოკრატებსა და პუტინის ე.წ. "სილოვიკებს" შორის დაპირისპირებასთან.

[ვოლკის ხმა] "მე ვფიქრობ, მედვედევი ახლა კურს აიღებს პუტინის გარშემო მყოფი იმ პირების დასუსტებაზე, რომლებიც მას ხელს არ აძლევენ."

მიმომხილველების თანახმად, მედვედევის მთავარი სამიზნეა პუტინის მარჯვენა ხელი, ვიცეპრემიერი იგორ სეჩინი, რომელსაც, სხვათა შორის, მიეწერება 2003 წელს კომპანია "იუკოსის" შეფის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების ორგანიზება.

[ვოლკის ხმა] "სიმძლავრის, ხელისუფლების კონსოლიდაციის მიხედვით, პუტინი, რა თქმა უნდა უფრო გავლენიან ფიგურად რჩება. მაგრამ არსებობს უთანხმოება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ბიზნესთან და როგორ აწარმოონ საგარეო პოლიტიკა. ეს უთანხომებები არსებობს და საკითხავი ისაა, მათი მოგვარება მოხერხდება თუ ისინი გაძლიერდება."

მედვედევსა და პუტინს შორის დაპირისპირებას დადებითად გამოეხმაურნენ რუსეთის ლიბერალები. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბორის ნემცოვმა უთხრა ჩვენს რადიოს, აშკარაა, რომ მედვედევი თანდათანობით პრეზიდენტი ხდება და ეს კარგია.

მაგრამ ლიბერალების ოპოტიმიზმს ყველა არ იზიარებს. ანალიტიკოსთა ნაწილი შენიშნავს, რომ რუსეთის ბიუროკრატიას დღემდე რეალურად პუტინი აკონტროლებს, თანაც მდიდარი ბიზნესმენების წინააღმდეგ კამპანია პოპულარული თემაა და მოსახლეობაში დასაყრდენს ჰპოვებს.

თუმცა მიმომხილველთა უმრავლესობა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ორ ლიდერს შორის გასულ კვირაში მომხდარი დაპირისპირება მხოლოდ დასაწყისია ხანგრძლივი და რთული ბიუროკრატიული და პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც საზოგადოების ზურგსუკან გათამაშდება.

და როგორც ევგენი ვოლკი შენიშნავს, განურჩევლად იმისა, როგორ მოგვარდება უთანხმოება ახლო მომავალში, შორი პერსპექტივით პრობლემების გადაჭრას ჯერჯერობით არ უნდა ველოდეთ.

[ვოლკის ხმა] "მე ვფიქრობ, მოკლე ვადით ისინი შეძლებენ ამ უთანხმოებების მოგვარებას. მაგრამ ხილულ პერსპექტივაში ეს უთანხმოებები შეიძლება მხოლოდ გაღრმავდეს."

როგორც სავარაუდოა, ვითარებიდან გამოსვლის ორი გზა არსებობს. ან მოხდება დიდი შეტაკება, გაიმაჯვებს ერთ-ერთი და შეიქმნება ერთი ადმინისტრაციული ცენტრი. ანდა მიაღწევენ კომპრომისს, რაც უნიკალური შემთხვევა იქნებოდა რუსეთის სინამდვილეში.
XS
SM
MD
LG