Accessibility links

logo-print

ეს ბოლო დღეები რუსეთის პრესა ძირითადად სამხრეთ ოსეთიდან ბავშვებისა და


ეს ბოლო დღეები რუსეთის პრესა ძირითადად სამხრეთ ოსეთიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის თაობაზე წერს.

ამ თემას განსაკუთრებულად ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა. ამით იწყებს თავის გუშინდელ სტატიას გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდაც” და ასკვნის: ,,ასეთი რამ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ხდება”. პუბლიკაციის სათაურიც ამგვარი სულისკვეთების არის: ,,კავკასიაში ომს სულ ცოტაღა აკლია?”

აი, ერთი ამონარიდი ამ პუბლიკაციიდან: ,,ქართულ-ოსური კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორი წლით ადრე დაიწყო. ეს სრულიად ზრდასრული ომია. სიძულვილის ასე დიდხანს ტარება თითქოს შეუძლებელია. მით უმეტეს, ხალხის მიმართ, რომელთანაც საუკუნეების ურთიერთობა გაკავშირებს. დღეს ხომ ყოველ მესამე ოსს ნათესავი ჰყავს საქართველოში და ეს არანაირად არ ეწერება საყოველთაო სამხრეთოსურ სიძულვილში ,,გენაცვალეთა” მიმართ”.

დღევანდელი ”ვედომოსტი” კი იმით დაინტერესდა, ვინ აფინანსებს მოსახლეობის ევაკუაციას. ”ვედომოსტი” წერს, რომ, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ტაიმურაზ მამსუროვის თქმით, უკვე 2 000 ადამიანზე მეტმა გადაკვეთა საზღვარი. მანვე გაზეთს უთხრა, რომ თანხა, რომლის დახარჯვაც ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას მოუწევს და ჩამომსვლელთა დაბინავებას უნდა მოხმარდეს, ევაკუირებულთა რაოდენობასა და მათი იქ ყოფნის ვადაზეა დამოკიდებული. ახლა ეს თანხა, მანსუროვის თქმით, 2 მილიონ მანეთს შეადგენს და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება: ”ვითარების მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში ლტოლვილთა რაოდენობამ, შესაძლოა, 10 000 - სს მიაღწიოს, - ამბობს მამსუროვი, - და რამდენადაც ჩრდილოეთ ოსეთმა ისედაც გადააჭარბა ზღვარს ლტოლვილების რაოდენობის მიხედვით და, ამ თვალსაზრისით, რუსეთში ლიდერის პოზიცია უჭირავს, მოგვიწევს დასახმარებლად მეზობელ რაიონებს მოვმართოთ”. ”ვედომოსტი” წერს, რომ ყაბარდო-ბალკარეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთიდან 200 ბავშვის მიღებისათვის უკვე ემზადება და ეს გაზეთს რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჯამილა ხაგაროვამ დაუდასტურა.

გუშინდელი ”იზვესტიას” ერთი სათაური ამგვარი იყო: ,,ცხინვალის მცხოვრები ”იზვესტიას” - «ხვალ ომია და ჩვენ თავს დავიცავთ»”.

დღეს კი ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ აფხაზეთი მზად არის მეორე ფრონტი გახსნას. ორშაბათს, - წერს გაზეთი, - სოხუმში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სამხრეთ ოსეთის დახმარების საკითხი განიხილებოდა.

,,სოხუმში არ გამორიცხავენ საქართველოს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ დაიწყო. როგორც ”ნეზავისიმაია გაზეტამ” გამოარკვია, არაღიარებულ რესპუბლიკებს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც არა მხოლოდ ორმხრივ სამხედრო დახმარებას გულისხმობს, არამედ ასევე უფლებას, რომ მესამე მხარეს მიმართონ”, - ვკითხულობთ ”ნეზავისიმაია გაზეტაში”.

კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში სად დაიწყებს სამხედრო მოქმედებებს აფხაზეთი - სამხრეთ ოსეთში გაგზავნის თავის ჯარისკაცებს თუ, მაგალითად, კოდორის ხეობაში შეუტევს ქართულ პოზიციებს, ”ნეზავისიმაია გაზეტას” მიხედვით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ ასე უპასუხა: ,,რა მნიშვნელობა აქვს, სად დაარტყამ მტერს”...

მეორე ფრონტის აფხაზურ გეგმებს ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის ”ნეზავისიმაია გაზეტა”.
XS
SM
MD
LG