Accessibility links

logo-print

შედგება თუ არა ქართულ- ოსური პირდაპირი დიალოგი?


ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის განსამუხტავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოუწოდა პირდაპირი დიალოგი დაიწყოს

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. პირდაპირი დიალოგის დაწყების მომხრეა საქართველოს ხელისუფლებაც, თუმცა ცხინვალსა და მოსკოვში უპირატესობას ოთხმხრივ ფორმატში, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, მოლაპარაკებების განახლებას ანიჭებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალში დათანხმდნენ ორმხრივ მოლაპარაკებაზე.

თემურ იაკობაშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი დათანხმდა შეხვდეს მას 7 აგვისტოს. იაკობაშვილის განმარტებით, შეხვედრა ცხინვალში უნდა გაიმართოს. მას დაესწრება რუსეთის წარმომადგენელი, მაგრამ ეს არ იქნება შეხვედრა ან მოლაპარაკება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში:

[ თემურ იაკობაშვილის ხმა] ”7 აგვისტოს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა სეპარატისტებთან. მას დაესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები. იმედი მაქვს ამ შეხვედრაზე მივაღწევთ დაძაბულობის მოხსნას. იმედია, მანამდე პროვოკაციები არ იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ოთხმხრივი შეხვედრა. ”

თემურ იაკობაშვილმა 5 აგვისტოს, შუადღისას, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ბორის ჩოჩიევი მასთან სატელეფონო საუბრისას დათანხმდა.. ჩვენ ვცადეთ დაკავშირება ბორის ჩოჩიევთან, მაგრამ უშედეგოდ. ინალ პლიევმა, რომელმაც თავი შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ნაწილის საინფორმაციო განყოფილების უფროსად გაგვაცნო, გვითხრა, რომ არაფერი იცოდა ბორის ჩოჩიევის გადაწყევტილების შესახებ:

[ინალ პლიევის ხმა] ” არ მაქვს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა მეცოდინება სიახლე, ამას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე. ”

ვებგვერდზე, რომელზეც ინალ პლიევმა მიგვითითა, გამოქვეყნებულია დე ფაქტო პარლამენტის წევრებისადმი ედუარდ კოკოითის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ შერეული საკონტროლო კომისიის ოთხმხრივ ფორმატში.. ”პირდაპირ ორმხრივ დიალოგზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოსო”, -ამბობს კოკოითი... კიდევ ერთი ამონარიდი მისი მიმართვიდან:”ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს ჩვენ გადავწყვიტეთ. მესმის რესპუბლიკის მოსახლეობის შეშფოთება, მაგრამ ვითარება არც ისეთი ტრაგიკულია, რომ პანიკაში ჩავვარდეთ. რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მოკავშირე და ეჭვი არ მეპარება გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს: დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს.”

ცხინვალიდან ვრცელდება ინფორმაცია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩრდილოეთ ოსეთიდან მოხალისეების ჩასვლის შესახებ.. მოხალისეებმა ადგილზე დამატებითი საბრძოლო მომზადება უნდა გაიარონ.. ” საბრძოლო მოქმედებებში მომზადების გარეშე არავინ ჩაერთვება” - ესეც ედუარდ კოკოითის სიტყვებია. მაგრამ თბილისში კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ საქართველო ოსებთან ომს არ აპირებს, არ აპირებს აჰყვეს პროვოკაციას, რომლის მიზანიც ვითარების ესკალაცია და სამშვიდობო მოალაპარაკებების განახლების კიდევ უფრო მეტად გაჭიანურებაა.

ამ კვირაში მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრები დაგეგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ. მოსკოვში განხილვის თემა სწორედ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება იქნება..

ცხინვალში 5 აგვისტოს დაკრძალეს აგვისტოს პირველ რიცხვებში ატეხილი სროლის შედეგად დაღუპული გარიკ ბესტაევი.. ეუთო იძიებს კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტებს, რომელთაც ოსების მხრიდან 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა... და აი, რა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გონსალო გალიეგოსმა ამ ინციდენტებთან დაკავშირებით:

[გონსალო გალიეგოსის ხმა] ” ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომელთა მიხედვითაც, ყველაზე ცოტა, 6 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაიჭრა ბოლო დღეებში საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. მოვუწოდებთ მხარეებს აღკვეთონ ძალადობა და აღადგინონ პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ გვესმის, რომ ეუთო იძიებს ამ ინციდენტებს და მოუთმენლად ველით მათ მოხსენებას.ეს ინციდენტები კი ცხადყოფს სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის საჭიროებას, ასევე - როკის გვირაბზე ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგის განხორციელების საჭიროებას, რათა აღიკვეთოს უკანონო საბრძოლო მასალებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების გადასვლა რეგიონში.”

ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება.. 7 აგვისტოს ცხინვალში ქართულ-ოსური შეხვედრა იგეგმება.
XS
SM
MD
LG