Accessibility links

logo-print

”ალია” საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის შეცვლას ეხმაურება. გაზეთის


”ალია” საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის შეცვლას ეხმაურება. გაზეთის ინფორმაციით, ჟან არნო ვადამდე გაიწვიეს

და ამის ერთ-ერთი მიზეზი მისით საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილებაა. ავტორი კომენტარს სთხოვს სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს, რომელიც ამბობს, რომ არნოს გადაყენების საკითხი საქართველოს ხელისუფლებას არ დაუყენებია და ის თავისით წავიდა. იაკობაშვილი დასძენს: ”საერთოდ, მიმაჩნია, რომ გაეროს ამ მანდატით ყოფნა იქ არის არაფრის მომტანი. მაგალითად, მინდა გითხრათ, რომ გაეროს მისიის ყოფნა საქართველოში დაჯდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი და თქვენ თუ მეტყვით, რამდენი დევნილი დაბრუნდა ამ ნახევარი მილიარდი დოლარის დახარჯვის შემდეგ, მადლობელი დაგრჩებით.” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ”ალიას” კორესპონდენტის შეკითხვაზე, შეცვალა თუ არა რამე გაეროს მისიის არსებობამ საქართველოში, პასუხობს: ”არაფერი არ შეცვალა და ვერც შეცვლის. სამწუხაროდ, გაეროს არსებობის ისტორიაში არ არის პრეცედენტი მისიის მოღვაწეობით აღდგენილიყო ტერიტორიული მთლიანობა ან შეწყვეტილიყო ეთნიკური კონფლიქტი.”

”ახალი თაობის” კორესპონდენტი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს ესაუბრა. ”პირველ რიგში, ქართული მხარის ამოცანაა მეორე მხარის დაყოლიება მოლაპარაკებებზე. მთლიანობაში, კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებებით. მაგრამ ამ დაყოლიების პროცესში თუ აშკარა შეიარაღებულ ქმედებებს ექნება ადგილი, მოსახლეობის საფრთხე დადგება, რა თქმა უნდა. მოსახლეობა დასაცავია. ასე მგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერევა, რომ მოლაპარაკებების პროცესი აღდგეს და ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი”, - ამბობს დარჩიაშვილი. ”ახალი თაობისთვისვე” მიცემულ ინტერვიუში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ კონფლიქტების მოგვარება საქართველოს შეუძლია, მაგრამ ეს არ კეთდება. ”რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა არის ფონი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიყენოთ. მე ამას არ უგულებელვყოფ. მაგრამ მთავარი ეს არასოდეს არ შეიძლება იყოს”, - ამბობს თამარ ჩხეიძე.

”24 საათი” მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს დემოკრატ კონგრესმენ ელისონ შვარცთან. ბუნებრივია, საუბარი საქართველოს კონფლიქტებში რუსეთის როლსაც ეხება: ”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ცხადია, რომ რუსეთის პარალელური როლი - ერთი მხრივ, კონფლიქტში მონაწილე მხარედ და, მეორე მხრივ, მშვიდობისმყოფელ ძალად - ვერ ამართლებს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს სამშვიდობო ოპერაციის საერთაშორისო ფორმატში წარმართვა.”

”რეზონანსის” კორესპონდენტი - რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი - ამბობს, რომ დეკემბერში საქართველო მეპ-ს ვერ მიიღებს: ”თუმცა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუკი საქართველო მეპ-ს მიიღებს, ეს იქნება სამართლიანი. საქართველო არც მიხეილ სააკაშვილია და არც კოკოითი თუ ბაღაფში. საქართველო ცოტა უფრო მეტია და პირადად მე ძალიან გამიხარდება, თუ მეპ-ს მივიღებთ. მაგრამ გერმანიის ხაზი ასეთი არ არის.”

”ხალხს ქართული სოფლებიდანაც ხიზნავენ”, - იუწყება ”რეზონანსი”. პუბლიკაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას ეძღვნება. ავტორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მცხოვრებლებზე დაყრდნობით, წერს, რომ ქართველმა სამხედროებმა მოსახლეობას სოფლებიდან გასვლა ურჩიეს. ”შეშინებული მოსახლეობა ქართულ სოფლებს ტოვებს”, - წერს ”რეზონანსი”. გაზეთი დღევანდელ ნომერში 21 მაისის ხურჩის ინციდენტზეც წერს პუბლიკაციაში, სათაურით ”ვინ დგას ხურჩის ინციდენტის უკან”.

”საქართველოს რესპუბლიკის” ვრცელი პუბლიკაცია ეძღვნება გაერთიანებულ ოპოზიციას - ”სიმართლე ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს”. ავტორის აზრით, გაერთიანებულ ოპოზიციას არ აქვს უფლება მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს და რომ მას მხარს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს.
XS
SM
MD
LG